
ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში სისტემური კრიზისის დადასტურება -“ძლიერი საქართველო”
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს.
„რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს. გამოცხადებული რეპრესიების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი, ოპოზიციის ლიდერების „განეიტრალების“ მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავება დაადასტურა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმაც, მაგრამ დაკავების მიზეზს ვერ აკონკრეტებს.
ცნობისთვის, ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 30 მაისისთვის გადაიდო.