1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სირიის პრეზიდენტი ახალგაზრდა, მიმზიდველი, მებრძოლი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით, მას აქვს შანსი, კარგი საქმე გააკეთოს -დონალდ ტრამპი
სირიის პრეზიდენტი ახალგაზრდა, მიმზიდველი, მებრძოლი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით, მას აქვს შანსი, კარგი საქმე გააკეთოს -დონალდ ტრამპი

სირიის პრეზიდენტი ახალგაზრდა, მიმზიდველი, მებრძოლი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით, მას აქვს შანსი, კარგი საქმე გააკეთოს -დონალდ ტრამპი

465
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცია, ძალიან ძლიერი წარსულით.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ერ-რიადიდან დოჰაში გამგზავრებისას თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ალ-შარაასთან დღეს დილით გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ სირიის ლიდერი არის „ახალგაზრდა, მიმზიდველი კაცი. მაგარი კაცი. ძალიან ძლიერი წარსულით. მებრძოლი“.

დონალდ ტრამპის თქმით, ალ-შარაას აქვს რეალური შანსი სირიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

„მე ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს, რომელიც მასთან ძალიან მეგობრულადაა. ის ფიქრობს, რომ მას აქვს შანსი, კარგი საქმე შეასრულოს. ეს დანგრეული ქვეყანაა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სირია შეუერთდება აბრაამის შეთანხმებას, რომელიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს.

„მან თქვა – „კი“. თუმცა მათ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრას საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებოდა, ასევე, თურქული მედიის ცნობით, მას ონლაინ ფორმატში შეუერთდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ალ-შარაას შესთავაზა დირექტივების სერია, მათ შორის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით აბრაამის შეთანხმებებზე ხელმოწერა, ყველა უცხოელი ტერორისტის მიერ სირიის დატოვებისკენ მოწოდება, პალესტინელი ტერორისტების დეპორტაცია, შეერთებული შტატების დახმარება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახალი აღორძინების თავიდან აცილებაში და პასუხისმგებლობის აღება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავების ცენტრებზე ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.

შეგახსენებთ, 13 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

აჰმედ ალ-შარაა 2003 წელს ერაყში ამერიკული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ტერორისტული ორგანიზაციის, „ალ-ქაიდას“ რიგებში იბრძოდა. 2006 წელს ის დააპატიმრეს და 2011 წელს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან დააარსა „ალ-ნუსრას ფრონტი“, რომელიც სირიაში „ალ-ქაიდას“ შტოდ მიიჩნეოდა. 2016 წელს „ალ-ნუსრას ფრონტმა“ „ალ-ქაიდასთან“ კავშირის გაწყვეტის შესახებ გამოაცხადა. მალევე მის საფუძველზე შეიქმნა ორგანიზაცია „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“, რომელმაც გასული წლის ბოლოს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.