1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი განცხადებას ავრცელებს
ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

325
0

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი განცხადება ავრცელებს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „რესპუბლიკური პარტიის“, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების – თამარ კორძაიას, თაკო ჩარკვიანის, არმაზ ახვლედიანის, შალვა შავგულიძის, ნატო ჩხეიძის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდეგ ევროკავშირის წევრობა არის საქართველოს ისტორიული შანსი და მთავრი ამოცანა.

 

„სამწუხაროდ, „ქართულა ოცნებამ“ თავიდანვე, რეკომენდაციების მიღებისთანავე დააყენა სამი კონკრეტული დათქმა, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას. დათქმა 1: დეოლიგარქიზაცია არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და უფრო მეტიც, ოლიგარქები არიან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და  კრიტიკული მედიის დამფუძნებლები. დათქმა 2: „ქართული ოცნება“ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს. დათქმა 3: „ქართულმა ოცნებამ“ წინსწრებით უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებზე.

 

ამის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე,  არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მოსახლეობისთვის  იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია ომში ჩართვასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები-ISFED)  მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში, რასაც მოჰყვა სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი.

 

მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, რეკომენდაციების მიღებისთანავე, ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომ ერთობლივად, მმართველი პარტიის მონაწილეობით, შევთანხმებულიყავით საერთო სამოქმედო გეგმაზე და დაგვეწყო მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარებები.

 

ამის შემდეგ, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს მოგვიწია ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად. პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართე ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტიურად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან. ზაფხულის განმავლობაში, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ მოვამზადეთ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო სათანადო გადაწყვეტები და საკანონმდებლო ინიციატივები თორმეტივე მიმართულებით. ჩვენს მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს.

 

წინა კვირაში მოხდა შემუშავებული ხედვების და ინიციატივების გაცნობა სამოქალაქო სექტორისთვის. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ფინალური შეხვედრები დეოლიგარქიზაციის, სასამართლო, საარჩევნო და მედია საკითხების მიმართულებით.  მომდევნო კვირაში, საბოლოო შეჯერების შემდეგ, მოხდება  დოკუმენტის გასაჯაროება და  შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ, ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას“, – ნათქვამია განცხადებაში.