1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს გაიხსნება
20
0

პარლამენტის საშემოდგომო სესია 6 სექტემბერს პლენარული სხდომით გაიხსნება. ხვალ ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, სადაც მოხდება იმ კანონპროექტების ინიცირება, რომლებიც მთავრობამ და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ივლის-აგვისტოში წარუდგინეს.

საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტში მსჯელობა დაიწყება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე. 15 სექტემბრამდე სამუშაო ჯგუფები საქმიანობას შეაჯამებენ და ცვლილებების ინიცირების ეტაპზე გადავლენ. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, პარლამენტს მოუწევს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც. მათ შორის, ასარჩევია ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებს და მიზეზად გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენას უთითებს. პროცედურით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ორი კენჭისყრით ხდება. პირველ შემთხვევაში საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში – 76. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე აღნიშნული კანდიდატურები ჩავარდება, პროცესი თავიდან დაიწყება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პარლამენტი იმსჯელებს ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოზეც. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ ვეტო დაძლიოს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარუდგინა. ამასთან, საშემოდგომო სესიაზე მოსასმენია რამდენიმე უწყების წლიური ანგარიშიც. მათ შორის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის. პარლამენტს მსჯელობა მოუწევს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზეც, რომელიც პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს და საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე დაამტკიცოს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.