
ოთხი ადამიანი ნახევარი წუთი თავში მირტყამდა ჩექმებით, საავადმყოფოში კი, გადასხმებს მიკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი -ვალერი გელაშვილი
ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მისი 2005 წლის ივლისში მომხდარი მისი ცემის შემთხვევა გაიხსენა.
როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოში გადასხმას უკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გათიშულიყო.
„ჯავშნიანი მანქანა მყავდა და საქართველოში დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი. მყავდა პირადი დაცვაც. „თბილისი მარიოტის“ მეორე მხარეს მეყენა ღამით მანქანა და რაღაცები გადამიჭრეს, დააზიანეს და იძულებული ვიყავი, ავტომობილი სერვისში გამეგზავნა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, ორმა შინდისფერმა მანქანამ გამიკეთა ბლოკირება და უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი. ჯერ ავტომატი დაცალეს, შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, ავტომობილის უკანა და გვერდითა შუშები ჩამიმსხვრიეს. დაცვა გადავიდა, ხელები აწია, მეც გადავედი. თავად იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ და მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო, კონდახი მომარტყა სახეში. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავიკეთე სახის, რათა სახეზე დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თავში მირტყამდა ჩექმებით, ხელები სულ დაღვლეპილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავჩერდი, გავიყინე, რათა თავი დაენებებინათ, თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. შემდეგ იარაღი ამომაცალეს და წავიდნენ. მაშინვე ავდექი, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, თვალის უპეები მქონდა ძალიან დასიებული, სისხლი მომდიოდა.
იქვე სამრეცხაო იყო. ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც. იქ დამაჯინეს და მაშინვე დარეკა მეუღლემ ვილნიუსიდან. ვუთხარი, სასწრაფოდ თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან, თორემ არ მაცოცხლებენ-მეთქი. ეს ხდება 2005 წლის 14 ივლისს. თვითმფრინავი ჩამოვიდა 19 საათში, მანამდე
საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ და შარმდდენს არ მიკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი. საავადმყოფო იყო მიხაილოვის, დღეს აღარ არის. 19 საათში თვითმფრინავი ჩამოვიდა, ჩემი სამეგობრო ექიმები ჩამოვიდნენ და თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, აღმოჩნდა, გაფრენა არ შეიძლებოდა, რადგან გავსკდებოდი, წყლით მქონდა სავსე ფილტვები. იქვე ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია გამიკეთეს, სითხით გამათავისუფლეს და შემდეგ გავფრინდით ვილნიუსში. ექიმებმა, რეანიმატოლოგებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან და გავფრინდი ვილნიუსში. სამ-ოთხ დღეში გავიკეთე შვიდსაათიანი ოპერაცია, თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ვალერი გელაშვილს მიმართა: „გადასხმას შეგნებულად გიკეთებდნენ, რომ წყალი შესულიყო ფილტვებში?“, რაზეც გელაშვილმა აღნიშნა:
„ჩემი ექიმები რომ ჩამოვიდნენ, მითხრეს, საათ-ნახევარი მაკლდა გათიშვამდე და კომაში ჩავარდნამდე. ჩემი ექიმიც დავალაპარაკე, რომელმაც ჰკითხა, უვიცობით მოგივიდა თუ როგორო. ჩივილს აპირებდა მთავარი ექიმი. ვუთხარი, იჩივლე და ყველაფერს დაგიმტკიცებ-მეთქი. მყავს მოწმეები, რომ ასეთ დგომარეობაში ვიყავი“.
როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, ოპერაციიდან ორ თვეში დაბრუნდა საქართველოში.
„ჩამოვედი თუ არა, სააკაშვილი იძულებული იყო და იმ დღესვე პირადი დაცვა დამინიშნა, მაინც პარლამენტის წევრი ვიყავი. ვმოძრაობდი ჩვეულებრივად, უბრალოდ, უსაფრთხოების სამსახურიდან მითხრეს, ბევრი არაფერი ილაპარაკო მიშაზე, თორემ იძულებულს გაგვხდის, კიდევ რაღაც გავაკეთოთო, წყნარად იყავიო. ახალი დაცვა ავიყვანე, რომელიც შევარდნაძის ყოფილი დაცვის წევრი იყო. მას მეგობრები ჰყავდა უსაფრთხოების სამსახურში და გადასცეს, გთხოვთ, თავშეკავებულად მოიქეცით, თორემ კიდევ გვიბრძანებს და იძულებული ვიქნებით, გავაკეთოთო. ვიცი, ადამ კუსი, ლიტვის პრეზიდენტი, რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, გააფრთხილა, გელაშვილს ხელს მოკიდებ და ვეღარ გაპატიებო. მე ოჯახი ლიტვიდან მყავს. გააფრთხილა, რომ გელაშვილს თუ შეეხები, მისი ოჯახის წევრები ლიტვის მოქალაქეები არიან და იძულებული ვარ, რეაგირება მოვახდინოთო. ამის გამო აღარ მეხებოდა სააკაშვილი და დამინიშნა დაცვა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.