“დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა მოამზადეს” – რუსეთის უსაფრთხოების სამსახური
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა 1992 წელს დაბადებული რუსი ჟურნალისტის დარია დუგინას მკვლელობა. დანაშაული მომზადდა და განხორციელდა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. შემსრულებელი არის უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკი, დაბადებული 1979 წელს“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნატალია ვოვკი რუსეთში მიმდინარე წლის 22 ივლისს ჩავიდა თავის შვილთან, სოფია შაბანთან ერთად.
„მკვლელობის დღეს ვოვკი და შაბანი იმყოფებოდნენ ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე „ტრადიცია“, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. 21 აგვისტოს, Toyota Land Cruiser Prado მარკის ავტომანქანის აფეთქების შემდეგ, რომელსაც მართავდა დუგინა, ვოვკი და მისი ქალიშვილი პსკოვის ოლქის გავლით ესტონეთში გადავიდნენ“, – აცხადებენ უსაფრთხოების სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა “ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ” აიღო.
როგორც ორგანიზაციის წევრები წერენ, მასში გაწევრიანებული არიან რუსი აქტივისტები, სამხედროები და პარტიზანები, რომლებიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვიან.
“ნაციონალური რესპუბლიკური არმიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან. ისინი პუტინს აცხადებენ უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია, წამოიწყო ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გასწირა.
ორგანიზაცია პუტინს განადგურებით ემუქრება. ასევე, საკუთარ განცხადებაში ყველა რუს ჩინოვნიკს აფრთხილებენ, რომ თუ ისინი არ დათმობენ ძალაუფლებას, მათაც განადგურება ელოდებათ.
უკრაინის კავშირს დუგინას მკვლელობასთან გამორიცხავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
“ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, ამ საქმის უკან არ დგას, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური ქვეყანა, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მით უმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო. ეს მკვლელობა მოწმობს რუსეთის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და სხვადასხვა ჯგუფის გავლენის არსებობას. ამ ინციდენტს რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს და საკუთარ საზოგადოებაზე იდეოლოგიური და ინფორმაციული ზეწოლით, უკრაინის მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო გააღვივებს,” – ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.