1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ,,დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქაოსი შექმნა”- ავთანდილ წულაძე
,,დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქაოსი შექმნა”- ავთანდილ წულაძე

,,დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქაოსი შექმნა”- ავთანდილ წულაძე

436
0

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკვეთრმა დაახლოებამ რუსეთთან გამოიწვია საპასუხო ნაბიჯები ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ომის მესამე წლისთავზე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები ეწვივნენ კიევს უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერმა აღნიშნა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობები, უთანხმოება ტრამპსა და მაკრონს შორის უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით დარჩა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ეწვევა ვაშინგტონს, რათა დაარწმუნოს ტრამპი არ შექმნას განხეთქილება ძველ და ახალ სამყაროებს შორის. სტარმერმა პარლამენტს განუცხადა რომ ურთიერთობა ამერიკასთან არის “ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ალიანსი” და პირობა დადო, რომ გააძლიერებს მას ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

https://edition.cnn.com/2025/02/25/uk/uk-defense-spending-increase-trump-intl/index.html

გერმანიაში ბოლო არჩევნების შემდეგ კანცლერის პოსტს CDU-ს პარტიის ლიდერი ფრიდრიხ მერცი დაიკავებს. მერცის პოზიცია განსხვავდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან. მერცი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ევროპის სტრატეგიული დამოუკიდებლობის მიღწევა შეერთებული შტატებისგან. გერმანია ასევე შეშფოთებულია ბირთვული უსაფრთხოებით. თუ აშშ გერმანიიდან ბირთვულ იარაღს გაიტანს, საფრანგეთს შეუძლია გერმანიისთვის “ბირთვული ფარი” უზრუნველყოს. გერმანიაში ფრანგული ბირთვული ბომბდამშენების განლაგება ჯერ კიდევ მხოლოდ განიხილება, მაგრამ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა ასეთ სცენარს არ გამორიცხავს.

ამრიგად, ევროპის ქვეყნებს შორის იზრდება უთანხმოება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის მოდელთან დაკავშირებით. ბრიტანეთი ცდილობს შეინარჩუნოს ალიანსი შეერთებულ შტატებთან, როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარ გარანტთან.

გერმანიას, ახალი მთავრობის პირობებში, ევროპული უსაფრთხოების განმტკიცების კურსი თავად ევროპელების ძალისხმევით სურს.

საფრანგეთი ცდილობს დააბალანსოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და ევროპის სტრატეგიული დამოუკიდებლობის განმტკიცებას შორის.

ამას შეგვიძლია დავამატოთ, რომ პოლონეთი და იტალია იცავენ პროამერიკულ პოლიტიკას, ხოლო ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები ცდილობენ ომის ლოკალიზაციას და უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელებას, რათა თავიდან აიცილონ სამხედრო შეტაკება რუსეთთან.

ჩინეთი ასევე შეშფოთებულია, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ალიანსის დამყარებას ცდილობს. ტრამპის ადმინისტრაცია არ მალავს, რომ მისი მიზანია რუსეთთან ალიანსის შექმნა ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის წინააღმდეგ. ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა უკრაინის ომის საკითხებში კეიტ კელოგმა დისკუსიის დროს ღიად ისაუბრა.

სანამ ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს კიევში მასპინძლობდა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს დაურეკა. ტელეარხი CNN-ი პუტინისა და სი ძინპინის საუბარს ჩინეთის დემონსტრირებად მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ალიანსი ურყევი დარჩება. კერძოდ, ციტირებულია ჩინეთის ლიდერის სიტყვები ოფიციალური პრესრელიზიდან სატელეფონო საუბრის შესახებ: „ისტორია და რეალობა გვიჩვენებს, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან კარგი მეზობლები, რომელთა გაუცხოება შეუძლებელია“. სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ „საერთაშორისო სიტუაციის ცვლილებები“ გავლენას არ მოახდენს ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე.

https://edition.cnn.com/2025/02/24/china/china-xi-putin-call-trump-pivot-russia-intl-hnk/index.html

სი ძინპინის განცხადებები შეიძლება განიმარტოს არა მხოლოდ როგორც სიგნალი დონალდ ტრამპისთვის, არამედ როგორც გაფრთხილება ვლადიმერ პუტინისთვის. რუსეთს აშშ-ს სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 1% უკავია. ტრამპისთვის რუსეთთან ალიანსი ნაკარნახევია არა ეკონომიკური მოსაზრებებით, არამედ ჩინეთზე ერთობლივი ზეწოლის შექმნის მიზნით, რადგან ამერიკის მთავარი ეკონომიკური კონკურენტი ჩინეთია.

ამავდროულად, ჩინეთისთვის რუსეთი არის იაფი ნედლეულის წყარო და ჩინური საქონლის ბაზარი. ომით დასუსტებული რუსეთი იძულებულია დაუთმოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციები ევრაზიაში ჩინეთს. ჩინეთი სარგებლობს უკრაინაში გაჭიანურებული ომით, რათა გადაჭრას თავისი სტრატეგიული ამოცანები და გააძლიეროს საერთაშორისო პოზიციები. ჩინეთს აქვს რუსეთზე ზეწოლის ეფექტური ბერკეტები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი ბევრად უფრო სწრაფად მოახდინონ, ვიდრე დასავლური სანქციები.

დონალდ ტრამპი აკეთებს განცხადებებს, რომლებმაც შოკში ჩააგდეს ევროპელები, რათა დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, რომ შეერთებულ შტატებთან მეგობრობა უფრო მომგებიანია რუსეთისთვის, ვიდრე ალიანსი ჩინეთთან. ტრამპი მზად არის გააუქმოს რუსეთის ეკონომიკისთვის მტკივნეული სანქციები და ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს რუსეთის მიმართ. ტრამპის წინადადებები გამოიყურება ძალიან გულუხვი და დროული, რადგან რუსეთის ეკონომიკა მზარდი პრობლემების წინაშე დგას ომის მაღალი ხარჯებისა და სანქციებით შეზღუდვის გამო. მაგრამ ჩინეთისთვის ზურგის შექცევა პუტინისთვის ძალიან სახიფათოა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პუტინი დააბალანსებს აშშ-სა და ჩინეთს შორის, რაც აჭიანურებს მოლაპარაკებების პროცესს. მაშინაც კი, თუ ტრამპი მოახერხებს დროებითი ცეცხლის შეწყვეტას ფრონტზე, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას კი შეიძლება წლები დასჭირდეს. ტრამპმა მოახერხა განხეთქილების დათესვა არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებს შორის, არამედ ავტორიტარული სახელმწიფოების ბანაკში, რომელსაც ჩინეთი მეთაურობს. ეს გამოიწვევს საერთაშორისო დაძაბულობის გაზრდას და ახალი კონფლიქტების გაჩენას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დონალდ ტრამპი მოელის, რომ შეერთებული შტატები ამ ქაოსიდან გამარჯვებული გამოვა.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი