1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თბილისში ირანის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისში ირანის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისში ირანის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

217
0

10 თებერვალს, თბილისში, ირანის საელჩოში გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პოლიტიკოსები, მეცნიერების, კულტურის და რელიგიის სფეროს მოღვაწენი დაესწრნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის ელჩმა მაჰმუდ ადიბმა საქართველოს მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება, მთავრობის დაკომპლექტება და აღნიშნა: ირანის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეზობლო პოლიტიკის გაფართოებას. ირანი ესწრაფვის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან (ბრიქსი, შანხაი, D 8) ყოვლისმომცველი ურთიერთობების დამყარებას. ადიბმა, ირანის საგარეო ურთიერთობათა პერსპექტივაზე საუბრისას, აღნიშნა თანასწორი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარების მნიშვნელობა ყველა ქვეყანასთან და ხაზი გაუსვა ირანის მზაობას, გააფართოოს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები. მისი თქმით, გასული ერთი წლის მანძილზე ეკონომიკურ ურთიერთობებში 20%-იანი ზრდა, ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცება, საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობის ზრდა და საერთო კულტურული ღონისძიებები ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების მაჩვენებელია.

ირანის ელჩმა ასევე აღნიშნა ისლამური რევოლუციის შემდგომი თვალსაჩინო განვითარების ეპოქა ირანში. ცნობილია, რომ ირანმა დიდ წარმატებებს მიაღწია ტექნოლოგიების, მათ შორის ნანოტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების, ბირთვული ენერგიის და ღეროვანი უჯრედების მიმართულებით. თვალსაჩინოა ირანის წარმატებები იზოტოპების წარმოების მხრივ, რომელიც გამოიყენება კიბოს და ნერვული დაავადებების სამკურნალოდ. ელჩმა ასევე აღნიშნა 10 თანამგზავრის გაშვება გასული ერთი წლის მანძილზე, კოსმოსური ტექნოლოგიების მხრივ ახალი პროექტების დაწყება, მათ შორის მთვარემავალთა და მთვარეზე საფრენი აპარატების დაპროექტება და გამოშვება და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საგანგებო ორგანიზაციის დაარსება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ირანის ელჩს და შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ირანის ეროვნული დღე და აღნიშნა ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთობების გაფართოების აუცილებლობა. ხვთისიაშვილმა ირანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გამოჩენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ხალხთა შორის ურთიერთობები და ირანის მოქალაქეების მოგზაურობა საქართველოში აძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ესწრაფვის ირანთან კეთილმეზობლობას და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.