გამორიცხულია, “ნაცებმა? არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები -მამუკა მდინარაძე
გამორიცხულია, „ნაცებმა“ არ იცოდნენ, რომ აღმაშენებლის ხეივანის გადაკეტვა დანაშაულია. მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღმაშენებლის ხეივანი ცენტრალურ მაგისტრალს განეკუთვნება და მისი გადაკეტვა დანაშაულია.
„როგორც ვიცი, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრენერები და მათგან დატრენინგებული „ნაცები“ ცდილობენ, თუ არ ვცდები, ხვალ აღმაშენებლის ხეივანი გადააკეტინონ პროტესტის მონაწილეებს, მომიტინგე ადამიანებს. მათ ეუბნებიან, მოვასწროთ იქამდე, ვიდრე დანაშაული არ არისო. გამორიცხულია, არ იცოდნენ, რომ ეს დანაშაულია, რადგან ცენტრალურ მაგისტრალში გადის, ცენტრალური მაგისტრალი კი სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშია შესული. აქედან გამომდინარე, დღეს ეს დანაშაულია. ვინაიდან ეს იციან, მათი მიზანია, გაწირონ პროტესტის მონაწილეები – გადააკეტინონ, შემდეგ დააკავონ ადამიანები, დააჭერინონ პოლიციას და თქვან, რომ რეჟიმის პატიმრები არიან.
პირდაპირ ეუბნებიან, რომ ეს არ არის დანაშაული. პროტესტის ყველა მონაწილეს ვთხოვ – იმ 400 დატრენინგებული ადამიანის იქით ხომ არის 200, 500 ადამიანი, ხომ ემატებათ ხოლმე – ყველას ვთხოვ, ყურადღება მიაქციონ, რას უკეთებდნენ აქციების რეალური ორგანიზატორები. ატყუებდნენ, რომ არ არის დანაშაული, დააკეტინებდნენ გზას, რასაც შეიძლებოდა, მოჰყოლოდა მათი დაკავება სისხლისსამართლებრივი წესით. შემდეგ იტყოდნენ, რომ ხალხმა არ იცოდა, უდანაშაულოები და რეჟიმის პატიმრები არიანო“, – განაცხადა მდინარაძემ.