საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი გრძელდება
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში გრძელდება. თანამომხსენებლები შეხვედრას, დღეს დილიდან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გეგმავენ.
მმართველი გუნდის ოპონენტების განმარტებით, ისინი კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელას იმ დარღვევებზე მიაწოდებენ ინფორმაციას, რომლის გამოც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
“ეს არის ფაქტების შემსწავლელი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი. მივესალმები, რომ მათ “ქართული ოცნების” მანიპულაციები წინასწარ დაასრულეს. უკვე ყველა მიეჩვია “ქართული ოცნების” მანიპულაციურ ბუნებას – რომ ეს ყველაფერი ლეგიტიმაციასთან კავშირში არ არის. პრინციპში, ისინი ჩამოსულები არიან იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხდება. დარწმუნებული ვარ, ეს ანგარიშში აუცილებლად აისახება და ევროსაბჭოს ამაზე ძალიან მკაფიო პოზიცია ექნება” , – აცხადებს პლატფორმის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილვის უმთავრესი თემა კრიზისის განმუხტვა იქნება.
“ამ შეხვედრაზე, ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მერე იშლება სხვადასხვა საკითხად – კრიზისის განმუხტვა, რაც გადის ამ რეჟიმის დემონტაჟზე. ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დიქტატურას ამყარებენ და ყოველდღიურად ჩადიან დანაშაულებს, შეუძლებელია, მათ პირობებში თავისუფალ არჩევნებს ველოდოთ. ამ სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს, შემდგომში – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც არის ჩვენი დღის წესრიგი და სწორედ ამ საკითხებს დავაყენებთ ჩვენს პარტნიორებთან”, – აღნიშნავს პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
მონიტორინგის ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად იმ ვალდებულებების შესრულების შესამოწმებლად ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანას ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, შეხვედრებისას საუბარი სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ეხება.