1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” -The Independent
“5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” -The Independent

“5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” -The Independent

143
0

ბრიტანულ გაზეთ “ინდეფენდენთში” (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია “5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” (ავტორი – საიმონ კოლდერი), რომელშიც მოცემულია მსოფლიოს შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეგზოტიკური ტურისტული მარშრუტები, მათ შორის საქართველოც. აქვე შევნიშნავთ, რომ საიმონ კოლდერი – „ინდეფენდენთის“ ჟურნალისტი – დასპეციალებულია ტურიზმის დარგში და, როგორც გაზეთშია აღნიშნული, ამ მხრივ დიდ ბრიტანეთში ცნობილ ექსპერტად ითვლება, ანუ მისი რეკომენდაცია, თუ რომელი ქვეყანა უნდა იქნას სამოგზაუროდ შერჩეული, პროფესიონალის რეკომენდაციას ნიშნავს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: 

ბრიტანული ტურიზმის ინდუსტრია არცთუ მრავალფეროვანია. შორიდან რომ შეხედო, სამოგზაურო მიმართულებები ერთ ადგილზე გაყინული გეგონება: ცვლილებები იშვიათად თუ ხდება. 40 წლის წინათ, 1980-იანი წლების დასაწყისში, ბრიტანელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზერა ნიუ-იორკს, კალიფორნიას და ფლორიდას მიაპყრო და ეს მარშრუტები დღესაც მათთვის ყველაზე პოპულარულებად ითვლება. 2002 წელს კიდევ ერთი ცვლილება მოხდა: ინგლისელებმა მიატოვეს ახლობელი საფრანგეთი და უფრო შორს, ესპანეთისაკენ გაემგზავრნენ – ეს მარშრუტი, როგორც ჩანს, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დარჩება უახლოეს წლებში.

და მაინც, მინდა გითხრათ, რომ ყოველწლიურად ახალ-ახალი მიმართულებები ჩნდება და საკმაოდ ხშირად – იაფფასიანი, მაგრამ ასეთებს არ უნდა დაუჯეროთ. მაგალითად, კუნძულ სან-ანდერსზე. რეკლამის დროს ტურისტული სააგენტოები არაფერს არ ამბობდნენ იმაზე, რომ სან-ანდერსი სამოქალაქო ომით გავერანებული სახელმწიფოს – კოლუმბიის ნაწილს წარმოადგენს და რომ იქ ნორმალური სამედიცინო მომსახურებაც კი არ არის. ამიტომაც ასეთი ტურ სააგენტოების კლიენტები შინ [ტროპიკული] ავადმყოფობებით ბრუნდებოდნენ. (…)

მოკლედ, გადავიდეთ საქმეზე – ჩემი რეკომენდაციები 2025 წელს: ქვეყნები, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი, არ არიან ისეთები, რომელთა ნახვაც თქვენთვის „ბოლო შანსი იქნება“,  ისინი პერსპექტიულად პოპულარულები იქნებიან და მათი ბუნების სილამაზით სამომავლოდ ბევრი ადამიანი დაინტერესდება. მე კი თქვენ გთავაზობთ დღევანდელ სიტუაციას, როცა იქ ჯერ კიდევ შესაძლებელია განმარტოება და მშვიდად დატკბობა სილამაზით.

უპირველესად საქართველო, თბილისი.

ალბათ, თქვენ ისევ ელოდებით, რომ ჰითროუდან თბილისში ისევ ავიაკომპანია British Airways-ის რეისები იქნება, რომლებიც 12 წლის წინ შეწყდა… მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ავიაკომპანია EasyJet, რომლის მეშვეობით თქვენ კავკასიის ყველაზე მიმზიდველი სახელმწიფოს დედაქალაქის – თბილისის ნახვის შესაძლებლობა გაქვთ ლუტონის აეროპორტიდან.

თბილისს ბრწყინვალე ბუნებრივი მდებარეობა აქვს: საქართველოს დედაქალაქი მდინარე მტკვრის – ქვეყნის მთავარი წყლის არტერიის – ორივე ნაპირზეა გაფენილი და მთებით არის გარშემორტყმული. თბილისში არის ძველი შუასაუკუნეობრივი ქალაქი მიმზიდველი და განუმეორებელი არქიტექტურით, რომელიც მოიცავს საბჭოური ეპოქის მონუმენტურ შენობებს და თანამედროვე მოდერნს.

მოგზაურებისათვის თბილისი ასევე  შეიძლება გახდეს ბაზა აღმოსავლეთ საქართველოს ზღაპრული პეიზაჟების დასათვალიერებლად – ახლოს მდებარე ქალაქ მცხეთის თვალწარმტაცი ეკლესია-მონასტრებიდან დაწყებული, დამთავრებული შედარებით უფრო შორს მდებარე ქალაქ გორით, რომელიც იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქი გახლავთ“, – აღნიშნავს საიმონ კოლდერი. სტატიაში განხილულია აგრეთვე როგორც საბერძნეთისა და ნიდერლანდების, ასევე ალბანეთისა და ალჟირის შედარებით ნაკლებად ცნობილი ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: