ალექსეი არესტოვიჩი უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმორ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ქვეყნის პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს, თუ თავად ზელენსკი მეორე ვადით არ იყრის კენჭს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტ დიმიტრი გორდონისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
“თუ პრეზიდენტი მეორე ვადით წავა, რასაკვირველია, არც ერთ შემთხვევაში არ შევეცილები. ტექნიკურადაც შეუძლებელია. მაგრამ თუ არა – დაფიქრების დრო იქნება. თუ ის არ წავა მეორე ვადით, მე ვიყრი კენჭს. მაინტერესებს, როგორ ხდება.
ორ წელიწადში დავრწმუნდი, რომ ძალაუფლება არის შესაძლებლობა დაეხმარო უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე ძალაუფლების გარეშე შეგიძლია. და თუ ეს არის უმაღლესი ძალა, მაშინ, შეგიძლია ქვეყანას დაეხმარო. და, შესაძლოა, არა მხოლოდ თქვენს ქვეყანას.
და მეორეც, მესმის, სად არის ხარვეზები და რა არის გასაკეთებელი. ანუ, ფაქტობრივად, ახლა გავდივარ დაჩქარებულ სწავლებას, და ასე თუ ისე, ეს იმუშავებს”,- თქვა არესტოვიჩმა.