1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ
Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

292
0

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს „ვაიბერ ჯიეის“, რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის 8 აპრილს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს Viber Media Sàrl.

„შპს „ვაიბერ ჯიეი“ აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას შპს Viber Media Sàrl-ს გაუწიოს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება Viber-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით. კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.

„ვაიბერ ჯიეის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი: უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება; შეიძლება, ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.