ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის.
მანამდე, ცესკო-ს მიერ გაცემული დროებითი მანდატების საფუძველზე განხორციელდება ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაციაში გატარება.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა. 150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.