საზოგადოებამ სრულად გაითავისა არჩევნების საგანგებო მნიშვნელობა, მხარი დაუჭირა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ -ირაკლი კობახიძე
საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი.
„ეს იყო პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები. ეს იყო რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც წყდებოდა ომისა და მშვიდობის ბედი. ეს გზავნილი სათანადოდ გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ და ამასთან არის დაკავშირებული ის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა, რომელიც დაფიქსირდა ამ არჩევნებზე. ამ უპრეცედენტო აქტივობით რეალურად გაირკვა ის, რომ საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და ამ არჩევნებში საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას” და საბოლოო ჯამში, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, რისთვისაც ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, – განაცხადა პრემიერმა.