1. Home
  2. TOP სიახლე
  3. როგორ ენერგეტიკულ პოლიტიკას გაატარებს აშშ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში – რას წერს Turkish Radio and Television Corporation
როგორ ენერგეტიკულ პოლიტიკას გაატარებს აშშ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში – რას წერს  Turkish Radio and Television Corporation

როგორ ენერგეტიკულ პოლიტიკას გაატარებს აშშ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში – რას წერს Turkish Radio and Television Corporation

198
0

თურქეთის სახელმწიფო რადიოტელევიზიის კორპორაციის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ ენერგეტიკულ პოლიტიკას გაატარებს აშშ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში“ (ავტორი – მაჰმუთ გიურერი, TRT Haber-ის რედაქტორი). სტატია ეხმაურება მეზობელ აზერბაიჯანში, ბაქოში მიმდინარე გაეროს კონფერენციას (COP-29), რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დასავლეთი გააკრიტიკა.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკელები მსოფლიო მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებს შეადგენენ, მაგრამ მოიხმარენ მსოფლიო ენერგიის 26%-ს. გარდა ამისა, მსოფლიო სამრეწველო წარმოების 26% აშშ-ში ხორციელდება. ფიქალის გაზის აღმოჩენამ აშშ-ს საშუალება მისცა 2014 წელს გამხდარიყო მსოფლიოს უდიდესი ნახშირწყალბადის საწვავის მწარმოებელი. 2018 წელს აშშ-ს ნახშირის, ბუნებრივი აირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტმა პირველად გადააჭარბა იმპორტს და ქვეყანა მომხმარებლიდან მწარმოებელ ქვეყნად გადაიქცა.

2022 წლის მონაცემებით, აშშ 16 ტრილიონ 396 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგით გლობალურ ცხრილში რუსეთის, ირანისა და კატარის შემდეგ მე-4 ადგილზეა.

გასულ წელს აშშ-მა გლობალურ ბაზრებზე 84.3 მილიონი ტონა გათხევადებული ბუნებრივი აირი გაიტანა. ვაშინგტონის უდიდესი მომხმარებელი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, შეზღუდვებისა და ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენის სრული დახურვის გამო ევროკავშირი გახდა.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ იმპორტირებულ ბუნებრივ აირში რუსეთის წილი ბოლო 3 წლის განმავლობაში 41%-დან 10%-მდე შემცირდა, ხოლო გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) წილი 20%-დან 41%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის ქვეყნებმა ბოლო 2 წლის განმავლობაში გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტში 171.5 მილიარდი ევრო დახარჯეს, საიდანაც 75.1 მილიარდი ევრო აშშ-ზე მოდის.

როგორი პოლიტიკა გატარდება რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ?

დონალდ ტრამპმა კამპანიის დროს ხშირად ხაზი გაუსვა, რომ უფრო მეტად მწვანე ენერგიიდან წიაღისეულ საწვავზე გადავა. მან განაცხადა, რომ აშშ-ს უდიდესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგი აქვს. ტრამპმა აღნიშნა, რომ საჭიროა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ადგილობრივი წარმოების გაზრდა და სტრატეგიული ნავთობის მარაგების პოვნა. მან ასევე დადო პირობა გააფართოვოს ფედერალური ბურღვის სამუშაოები საჯარო მიწების იჯარით აღებით, რაც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო.

დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება სუფთა ენერგიის პოლიტიკის უმეტესობას. აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ განახლებადი ენერგია არასაიმედო და ძვირია, ბაიდენის პერიოდის პოლიტიკას ახასიათებს როგორც “ჩინეთის მხარდამჭერს, რომელიც აზიანებს მრეწველობას და ზღუდავს წარმოებას”.

აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ახალ წელს, 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს,  არ არის მზად ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად ქარისა და მზის ენერგიაში, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ძვირი და არაეფექტურია.

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს მფლობელი ილონ მასკი იყო, იგი ეწინააღმდეგება ელექტრომობილების სუბსიდირებას. ამიტომ ის ხაზს უსვამს, რომ გააგრძელებს ტრადიციული ამერიკული საავტომობილო ინდუსტრიის მხარდაჭერას.

ბირთვული ენერგიის საკითხში დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ახალი მცირე რეაქტორების მშენებლობა არის აშშ-ს უმნიშვნელოვანესი კოზირი ენერგეტიკული დამოუკიდებლობაში.

ტრამპის დამოკიდებულება პარიზის კლიმატის შეთანხმების მიმართ არც თუ ისე დადებითია. ამერიკის შეერთებული შტატები 2020 წელს გამოვიდა შეთანხმებიდან. თუმცა, 2021 წელს გადაწყვიტა კვლავ გამხდარიყო გაეროს კლიმატის შეთანხმების პარტნიორი. და კვლავ შეუერთდა.

საუბრობენ, რომ ტრამპის ხელისუფლებამ შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიყვანოს აშშ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციიდან.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებასა და დაფინანსებაზე, სუფთა ენერგიის ტრანსფორმაციასა და სავაჭრო პოლიტიკაზე გლობალურ მასშტაბში, განსაკუთრებით ევროპაში, ხოლო პოლიტიკის შესაძლო შესუსტება დარტყმას მიაყენებს აშშ-ს ეკონომიკას.

 

წყარო