რას უმზადებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს? – რას წერს Foreign Policy
ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რას უმზადებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინას და ახლო აღმოსავლეთს?“ (ავტორი – ემი მაკინონი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რა მოხდება ხუთ ნოემბერს? მთელი მსოფლიო ინტერესით და შეშფოთებითაც ადევნებს თვალს აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლის ფინალს, როცა ამერიკელები საარჩევნო ურნებთან მივლენ და აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საბედისწერო არჩევანს გააკეთებენ.
დიახ, მხოლოდ ერთი დღე რჩება არჩევნებამდე. საპრეზიდენტო რბოლამ თავის აპოგეას მიაღწია. ორივე კანდიდატი – დემოკრატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარდამხარ მიდიან ფინალისაკენ
დღეს მსოფლიო ყველაზე კრიტიკულ მომენტში იმყოფება ცივი ომის დასრულების შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატთა საგარეოპოლიტიკური მიდგომები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას დიდი მნიშვნელობა ექნება მსოფლიო მიმდინარე კრიზისებისათვის, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებული კონფლიქტისათვის.
ა) უკრაინა და ევროპა
არჩევნების შედეგები, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, როცა რუსეთის არმია ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიიწევს, უკრაინის არმია კი უკან იხევს. აშშ უკრაინისათვის იარაღის უმსხვილესი მიმწოდებელია და ვაშინგტონის მხარდაჭერამ უკვე შეასრულა გადამწყვეტი როლი – ბრძოლის ველზე რუსეთის აქტიურობა შეზღუდა.
კამალა ჰარისი რამდენჯერმე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და მოსალოდნელია, თუ გაიმარჯვებს, იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებს გააგრძელებს. მისივე სიტყვებით, თეთრი სახლი კვლავაც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში“. სექტემბერში მან ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთებს უკრაინის გამარჯვებისათვის. თუმცა ამას წინათ ინტერვიუში არაფერი უტქვამს – მხარს დაუჭერს თუ არა კიევის თხოვნას ნატოში მიღების თაობაზე. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წინააღმდეგია, რომ უკრაინა ალიანსში იქნას მიღებული მანამდე, სანამ რუსეთთან ომი არ დასრულდება.
დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, ძალიან შეაშფოთა უკრაინა და მთელი ევროპა, როცა განაცხადა, ომს ერთ დღეში შევწყვეტო. როგორც ჯიმ ტაუნსენდი – ბარაკ ობამას დროინდელი თავდაცვის მინისტრის თანაშემწე – ამბობს, თუ ყოფილი პრეზიდენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ნაცნობ სავარძელს ისევ დაიკავებს, აშშ-სგან უკრაინის დახმარება თანდათან შემცირდება და ბოლოს შეწყდება კიდეც – „არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპმა იარაღის მიწოდება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს“.
თვითონ დონალდ ტრამპის მტკიცებით, მისი მიდგომა კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით ასეთია: როცა ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დააჯენს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადებს, რომ იგი აშშ-საგან მეტ დახმარებას აღარ მიიღებს და ამიტომ მოლაპარაკებაზე უნდა დათანხმდეს, ხოლო ვლადიმერ პუტინს პირიქით ეტყვის – თუ რუსეთის ლიდერი უარს განაცხადებს თანამშრომლობაზე, მაშინ ამერიკა უკრაინას უფრო მეტად დაეხმარება.
ნატოელი მოკავშირეები უკვე ემზადებიან უკრაინისათვის აშშ-ის დახმარების სავარაუდო შეწყვეტისათვის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში. გავიხსენოთ, რომ ნატომ, ვაშინგტონში მოსალოდნელმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა რომ უკრაინაზე რაიმე ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს, თავის კონტროლზე უკვე აიყვანა უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის მუშაობა, სადაც ადრე ყველაფერს (უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნების ჩათვლით) კონკრეტულად აშშ განაგებდა.
ჯიმ ტაუნსენდს, რომელსაც კავშირი აქვს ევროპელ ჩინოვნიკებთან, ამბობს, რომ თავდაპირველად იყო განწყობა, რომ უკრაინის დახმარება „ტრამპშეუღწევადი“ გადაექციათ, მაგრამ უკვე ბოლო თვეებში მათ პანიკა დაეუფლათ, „ცუდი ამბავის მოლოდინში“.
თუმცა წყარომ, რომელიც უკრაინის მთავრობასთან ახლოს დგას, უფრო ოპტიმისტურ ნოტაზე განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობა „საკმაოდ წყნარად უყურებ არჩევნებს’ და აღნიშნა, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა მიიღო პირველმა გადაწყვეტილება კიევისათვის სასიკვდილო იარაღის მიწოდებაზე – რასაც ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა „წითელ ხაზად თვლიდა – და სანქციები დააწესა რუსული გაზსადენის მიმართ, რასაც უკრაინა, სხვათა შორის, ეწინააღმდეგებოდა. „კიევის ხელმძღვანელობაში მყოფი ჩინოვნიკები იმედოვნებენ, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს ასე თუ ისე მაინც გააბრაზებს და ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას მეტ სამხედრო დახმარებას მიაწვდის“, – ამბობს წყარო ანონიმურობის პირობებით.
ბ) ისრაელი, ღაზა და ლიბანი
ვაშინგტონში „ყარაულის შეცვლის“ მოსალოდნელ პერსპექტივას ახლო აღმოსავლეთი უკვე გრძნობს: ისრაელი, ალბათ, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება, სანამ რაიმე შეთანხმებას დადებდეს ცეცხლის შეწყვეტაზე ღაზასა და ლიბანში. ისრაელი ასევე ცდილობს შეინარჩუნოს სტრატეგიული წარმატება, რომელიც მან თავის მოწინააღმდეგეებთან – „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ მოიპოვა, სანამ თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტი შევა.
დონალდ ტრამპმა უამრავი პუნქტი შეასრულა ისრაელის სურვილების დიპლომატიური სიიდან ჯერ კიდევ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, კერძოდ – აშშ-ის საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან „სადაო“ იერუსალიმში, ოფიციალურად აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი „სირიის კუთვნილ“ გოლანის მაღლობზე (1967 წლის ომის შედეგად). ისრაელში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვებში დონალს ტრამპის მიმართ ფართო მხარდაჭერა ფიქსირდება.
პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ერთმანეთთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, რაც პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სწრაფად მიულოცა. ბუნებრივია, დონალდ ტრამპი, რომელიც ჯო ბაიდენის არჩევას არ აღიარებდა, ძალიან განაწყენდა – იმდენად ძალიან, რომ 2021 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მისამართით გვარიანად შეიგინა.
ანალიტიკოსების პროგნოზით, კამალა ჰარისი მემკვიდრეობითობას გააგრზელებს ახლო აღმოსავლეტის საკითხებში, თუმცა ზოგიერთების აზრით, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, უფრო მოსალოდნელია, რომ პალესტინელების სასარგებლოდ განცხადებას გააკეთებს ღაზას სექტორში ისრაელის მონაწილეობით მომხდარ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე.
რა არის საერთო დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის პოზიციებში? ორივემ მოუწოდა ისრაელს, რომ ღაზას სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს: „ჰარისიც და ტრამპიც თანაუგრძნობენ ისრაელის რთულ მოდგომარეობის გამო, მაგრამ ორივე უპირველესად ცეცხლის შეწყვეტით არიან დაინტერესებულნი“, – ამბობს შალომ ლიპნერი, რომელიც ისრაელის შვიდი პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.
გ) ირანი
კამალა ჰარისმა წინა თვეში ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იარანი აშშ-ის მთავარი მოწინააღმდეგეა და თქვა, რომ თუ არჩევნებში იგი გაიმარჯვებს, მისი, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება არ დაუშვას ბირთვული იარაღის შექმნა თეირანის მიერ. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მიზნის მიღწევაში უპირატესობას დიპლომატიას ანიჭებს, მაგრამ ზოგადად, „ყველა ვარიანტს განიხილავს“.
დონალდ ტრამპი თავის დროზე ირანთან დადებული ბირთვული გარიგება დაარღვია, სექტემბერში კი განაცხადა, რომ თეირანი ბირთვულ იარაღს ვერასოდეს ვერ დაეუფლება. თუმცა რობერტ გრინუეის განცხადებით (იგი ტრამპის პრეზიდენტობის დროს უშიშროების საბჭოს წევრი იყო), ირანმა უნდა იცოდეს, რომ მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გამორიცხული არ არის: „შესაძლოა სამხედრო გზა ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან, რომ ირანს ხელი შევუშალოთ ბირთვული იარაღის შექმნაში“, – დაასკვნა მან.