ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება
ზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს და აზერბაიჯანში ეპატიჟება.
ალიევის მილოცვას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ძვირფასო ბატონო პრემიერო, გულითადად გილოცავთ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და თქვენი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას. ამ კენჭისყრით საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მხარდაჭერა განვითარების, სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებებისადმი.
მჯერა, რომ არჩევნების შედეგები მოემსახურება საქართველოს ყოვლისმომცველ განვითარებას და კეთილდღეობას. ამავდროულად, გამოვთქვამ რწმენას, რომ არჩევნების შედეგები ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, რომელიც ნაკარნახევია ჩვენი ხალხების ნებით, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის პირობებში, და ჩვენი ქვეყნების პოზიციების შემდგომ გაძლიერება სსამხრეთ კავკასიასა და უფრო ფართო გეოგრაფიაში.
ჩვენი პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად, გეპატიჟებით შესაბამის დროს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობის, ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ ამის შემდგომაც ერთობლივ ძალისხმევას მივმართავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთსასარგებლო საქმიანობის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით.
ჩემს საუკეთესო სურვილებს გადმოგცემთ, მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მეგობარ საქართველოს ხალხს“, – ნათქვამია აზრბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილში.