ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარების პარალელურად, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა განიხილება.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, პორტის განვითარების პარალელურად, ხელისუფლება აღნიშნულ იდეაზე პოტენციურ ოპერატორებსა და წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ხშირად აქცენტს ვაკეთებთ ტრანზიტზე, თუმცა, როცა ვსაუბრობთ პორტების განვითარებაზე, საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ სატრანზიტო ოპერაციებს. ალბათ, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებისთვის იყოს მიმართული ეს ინფრასტრუქტურა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა გვექნება, ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამატებითი საწარმოო კლასტერი შევქმნათ, მათ შორის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც იდეაში რეალიზებაშია. რამდენიმე წლის განმავლობაში, პორტის განვითარების პარალელურად, ჩვენ ვესაუბრებოდით პოტენციურ ოპერატორებს, წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასეთი ტიპის სამრეწველო ზონებს ოპერირებენ მსოფლიოში. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი პარტნიორი გვყავდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო წარმატებული იყოს. შეიძლება ჩვენც განვახორციელოთ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. საწყის ეტაპზე ასევე დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. შეიძლება ადგილობრივი ინვესტორებიც გვყავდეს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, მოვიზიდოთ ისეთი პროფესიონალი კომპანია, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია და ის თავის მხრივ შეძლებს, რომ ზონაში საინტერესო ინვესტორები მოიზიდოს. ასეთ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.