მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან, ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა -ირაკლი კობახიძე
მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში გუშინ გამართულ ბრიფინგს გემოახმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული.
„ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს
ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას.
„ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული.
სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება.
მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.