1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის – The Daily Telegraph
საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის – The Daily Telegraph

საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის – The Daily Telegraph

228
0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია საქართველოს პრეზიდენტის ვრცელი ინტერვიუ სათაურით „საქართველო არჩევანის წინაშე დგას: მან ევროპა უნდა აირჩიოს, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის // პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან“ (ესაუბრება ჟურნალისტი კაპილ კომირედი).

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას  პრეზიდენტის კაბინეტის შესახებ (ძაღლითურთ), განხილულია სალომე ზურაბიშვილის კარიერა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში – როგორ დაინიშნა იგი საგარეო საქმეთა მინისტრად. საყბარია მის როლზე საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის საქმეში – „იგი ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, ყველაზე საუკეთესო მინისტრად გადაიქცა“. მაგრამ… „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ვერ შეეგუა სალომე ზურაბიშვილის წარმატებას და იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიხეილ სააკაშვილი საკუთარი პატივმოყვარეობისა და ქედმაღლობის მსხვერპლი გახდა. მან ობიექტურად ვერ გააცნობიერა დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა, კრემლის ხაფანგში მოხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, რომელშიც საქართველოს გამარჯვება შეუძლებელი იყო. მიხეილ სააკაშვილმა ტერიტორიები დაკარგა და მარცხისაგან დამცირებულმა, საკუთარი ხალხის ჩაგვრა გააძლიერა: ბიზნესმენებს და ოპოზიციას დევნიდა, ფართოდ გავრცელდა კორუფცია და ადამიანთა წამება. დღესაც კი ბევრი შიშით თრთის სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლების საშინელებების გახსენებაზე“, – წერს ჟურნალისტი და ციტირებს თბილისელი ბიზნესმენის გამონათქვამს: „თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა იმედის სხივს ჰგავდა, შემდეგ კი იგი ლავრენტი ბერიას დაემსგავსა, ნამდვილ ნაძირალად იქცა“.

ბიძინა ივანისვილი, განდეგილი პლუტოკრატ-მილიარდერი, რომელსაც ანონიმური ფილანტროპის რეპუტაცია ჰქონდა, თავისი ქვეყნის დეგრადაციას მთაწმინდაზე მდებარე მინის სასახლიდან აკვირდებოდა. ქართველები მას დიდ პატივს სცემდნენ ქველმოქმედებისათვის. მიხეილ სააკაშვილის შეუწყნარებელი მმართველობის ფონზე ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მხსნელის როლის შესრულება გადაწყვიტა: შექმნა პარტია „ქართული ოცნება“, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და სააკაშვილის მემკვიდრეობისაგან ქვეყნის გაწმენდას შეუდგა.

2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მხარის დაუჭირა დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის არჩევას ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე – მმართველი პარტია იმედოვნებდა, რომ იგი დამთმობი იქნებოდა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ძირითადად მხოლოდ ცერემონიალური უფლებები ჰქონდა, ხელისუფლებას იმედები გაუცრუა. მან განამტკიცა პრეზიდენტის როლი და თავისი მოქმედებით „ქართულ ოცნებას“ აჩვენა, რომ იგი ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტია.

სალომე ზურაბიშვილი პროევროპელ, პროდასავლელ პოლიტიკოსს წარმოადგენს. იგი, საქართველოს მთავრობისაგან განსხვავებით, რომელიც დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებს დასავლეთის მიმართ, აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. როცა ქვეყანაში მღელვარება დაიწყო ე.წ. „პრორუსული კანონების“ წინააღმდეგ, პრეზიდენტმა მათ ვეტო დაადო, თუმცა მისი ვეტო იოლად იქნა გადალახული. კაცმა რომ თქვას, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი კრემლის კარნახით იქნა მიღებული – ბიძინა ივანიშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ კერძო საუბრებში, რომ „მილიარდერი საკუთარი თავის პატრონია“ და „ქართულ ოცნებასაც“ დიდი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, მაგრამ ოპოზიცია მას მაინც გმობს „რუსული კანონის“ მიღებისათვის.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ორი თვის შემდეგ უმთავრდება – მისი მემკვიდრე უკვე საყოველთაოდ არჩეული აღარ იქნება. იგი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის საბედისწერო იქნება და ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი უარყოფს პროგნოზებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების თაობაზე და მობილიზაციას უკეთებს საზღვარგარეთ არსებულ ქართულ დიასპორას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის. ჩვენი საუბრის დროს იგი შეეხო საკითხების ფართო წრეს – რუსეთიდა და კავკასიიდან ევროპამდე და ჩინეთამდე, თუმცა მის მთავარ მიზანს საქართველოსათვის ევროპისაკენ მიმართული გზის გაწმენდა წარმოადგენს“ – წერს „დეილი ტელეგრაფის“ ჟურნალისტი.

გთავაზობთ ზოგიერთ შემოკლებულ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

– არის თუ არა იმის საფრთხე, რომ მმართველი პარტია არჩევნებს ან გააყალბებს ამ ჩაშლის?

– იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, ქართველი ამომრჩეველი გაყალბებას არ დაუშვებს, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს – საქართველოს ხომ არჩევნების გაყალბების დიდი ისტორია აქვს. არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს უცხოურმა დიასპორამაც.

– საკმაოდ ნათელია, თუ ვის მხარეზე ხართ – თქვენ მმართველი პარტიის წინააღმდეგ გამოდიხართ…

– დიახ, ასე იქნება, სანამ მმართველი პარტია ევროპის წინააღმდეგ გამოდის, მე მათ ევროპულ ქარტიაზე ხელმოწერა შევთავაზე, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპულად არ არის განწყობილი და თუ ასეთნი არ არიან, გამოდის, რომ ხელისუფლება რუსულ თამაშშია ჩართული.

– ისინი აცხადებენ, რომ პროევროპელები არიან…

– მე ვმსჯელობ არა მათი განცხადებების, არამედ ფაქტების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხელისუფლების ნაბიჯები სულ უფრო ანტიევროპულია, მათი მოქმედება რუსეთისათვის სასიამოვნო მოქმედებას ჰგავს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება საქართველომ, რომლის მიწა-წყლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ასეთ პრორუსულ როლს ასრულებდეს. მესმის სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობა – საქართველოს თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრ იმპერიასთან უხდებოდა ფრთხილი ურთიერთობა, მაგრამ „ფრთხილი“ პოლიტიკა და „კოლაბორაციონისტური პოლიტიკა“ ერთმანეთისაგან განსხვავდება. დღეს სწორედ კოლაბორაციონზმის მოწმენი ვართ.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობს?

– სწორედ ასე ჩანს მთავრობის მოქმედება საქართველოს მოსახლეობის თვალში, რადგან ხელისუფლება ყოველ ნაბიჯს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ დგამს და არა საქართველოს ინტერესებისათვის, თუნდაც უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, ან 2008 წლის ომის მიმართ, ან რუსეთის კანონმდებლობის მსგავსი სამართლებრივი აქტების მიღებაში. ეს ყველაფერი რუსეთთან თანამშრომლობის სწრაფვაზე მიუთითებს.

(…)

– თქვენ ამბობთ, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს. მაგრამ მისი ალტერნატივაა მიხეილ სააკაშვილის პარტია [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა], რომელთანაც თქვენ გარკვეული ისტორია გაკავშირებთ…

– არა, ის ალტერნატივას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი უკვე აქტუალური აღარ არის. მისი პარტია, მართალია, ევროპულ პლატფორმას ემყარება, მაგრამ ის მხოლოდ ერთ-ერთია. არის კიდევ ორი-სამი პოლიტიკური ძალა, რომლებთაც ევროპული პლატფორმები აქვთ. სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალი [მთავრობა] სწორედ ამ პარტიების კოალიციით იქნება ჩამოყალიბებული.

(…)

– საქართველო ჩინეთთან მეგობრობას ესწრაფვის, რომელიც, თავისი პოლიტიკით, დასავლეთის წინააღმდეგ გამოდის. საოცარია ჩინეთის შეღწევის დონე საქართველოში. როგორ უყურებთ სიტუაციას? გაქვთ თუ არა საფრთხის შეგრძნება ჩინეთთან მიმართებით?

– მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ჩვენ თამაშიდან უნდა გავიდეთ. ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვმდებარეობთ, [სადაც ბევრი ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს]. მახსოვს, როცა 2004 წელს საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ-უმცროსი ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში ირანის პრეზიდენტიც ჩამოვიდა. ამერიკელებს ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონიათ, რადგან მათ იციან, რომ ირანთანაც ურთიერთობა აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ჩინეთთან გარკვეული ბიზნესურთიერთობები უნდა გვქონდეს. მთელ მსოფლიოს აქვს ასეთი ფორმით ურთიერთობა პეკინთან. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომლის გავლენა მსოფლიოს ყველა კუთხეში შეიმჩნევა. თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, როცა ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან ჩინური კომპანიები პატარა ქვეყნებში, როცა ისინი ვალებს არ იხდიან, ჩვენ მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ვთქვათ, კონტრაქტების დადების დროს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საკითხი ეხება მსხვილ ობიექტებს… უნდა ვიმოქმედოთ გრძელვადიანი პერსპექტივით და არა წუთიერი სარგებლობის მიღების იმედით.

– თქვენ საქართველოს ნეიტრალიტეტის წინააღმდეგ გამოდიოდით, როცა საქმე ეხებოდა უკრაინის ომს და აცხადებდით, რომ ამ საკითხში ქვეყანამ განსაზღვრული მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოსო. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ: განა საქართველო ნეიტრალიტეტს არ იცავდა იმ დროს, როცა თქვენმა მეზობელმა სომხეთმა 2020 წელს თავდასხმა განიცადა?

– ეს სხვა ტიპის ნეიტრალიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვიცავთ ნეიტრალიტეტს ჩვენი უშუალო მეზობლების მიმართ, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში კეთილი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენთან გვერდი-გვერდ ცხოვრობს ასი ათასობით სომეხი და აზერბაიჯანელი… ჩვენ მათთვის მშვიდობის გარანტი ვართ. ჩვენს ტერიტორიაზე არასოდეს მათ შორის კონფლიქტი არ მომხდარა. კავკასიაში ასეთი ბალანსის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

წყარო