1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს – მამუკა მდინარაძე
საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს – მამუკა მდინარაძე

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს – მამუკა მდინარაძე

250
0

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განუცხადა.

მდინარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს ღირსების მხარეს იქნება“.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით, მაგალითად, 2020 წელს 150 კაციანი სია გვქონდა, ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, უფრო მეტი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის. ჩვენ ობიექტური მოლოდინი გვაქვს არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების.

არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ეს შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ოპოზიციიდან ბარიერს ვერ გადალახავს და ჩვენ რაც არის რეიტინგები, იმას მივიღებთ, საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი სია მოვიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ის პრინციპი დაასახელა, რა პრინციპითაც სია დაკომპლექტდა.

„ოცეული“ წარვადგინეთ, ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რომ იქ განსხვავება არ ყოფილიყო. როგორ უნდა გაგვერჩია ბათუმის წარმომადგენელი თელავის წარმომადგენლისგან. 50-მდე დაკომპლექტდა. წინასწარი შეთანხმებით ცნობილი იყო „ხალხის ძალის“ 5 დარჩენილი დეპუტატი, რომელიც არ არის „ოცეულში“ და 30 დელეგატში. ამის შემდეგ 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში. ქალბატონი ირმაც, რიმაც, ბატონი ირაკლი ზარქუაც და ა.შ. ეს სია არის 93-მდე. 93-დან ყველა არის ახალი სახე, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისაა საკმარისი შემდეგი ოცეული. როგორც საზოგადოებას დავპირდით, ასევე ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, მთელი საარჩევნო სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე.

„ძალიან მიხარია, ისეთი ხალხი მოხვდა ამ სიაში. დარწმუნებული ვარ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან და პირველ, მეორე სხდომაზე პარლამენტში შემოვლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია 170 დეპუტატობის კანდიდატით არის წარმოდგენილი და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში.