ყოველთვის ქვეყნის სამსახურში ვიყავი, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი თუ სხვისი სახელი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ-დავით ზალკალიანი
ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, მის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, მსგავსი სახის ტყუილები მის სახელთან ხშირად იყო დაკავშირებული, რაც არასერიოზულია.
„ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ჩემი პერსონა აღმოჩნდა ასეთი ყურადღების ცენტრში. ეს ჩემთვის ახალი არ არის. მრავალწლიანი დიპლომატიური და პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში, მსგავსი სახის მანიპულაციები, ინსინუაციები, ტყუილები ხშირად იყო დაკავშირებული ჩემთან. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი. არც ვაპირებ სერიოზული კომენტარის გაკეთებას. ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში და არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ჩვენმა ოპონენტებმა არ უნდა მისცენ თავს უფლება, ჩემი სახელი იქნება თუ სხვისი, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა ელჩის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დავით ზალკალიანს თანამდებობა არ დაუტოვებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.