საქართველოს ხელმძღვანელობა „ყველაფერს უარყოფს” – Voice of America
აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიანთან სათაურით „საქართველოს ხელმძღვანელობა „ყველაფერს უარყოფს”, რომელშიც იგი საუბრობს აშშ-საქართველოს ურთიერთობისა და ქვვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ქვეყანაში დაიწყო სრული განხორციელება პარლამენტის მიერ მიღებული სადაო კანონისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ქართული საზოგადოების მღელვარება გამოიწვია. ორი სექტემბერი იყო ბოლო ვადა, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების მეხუთედზე მეტს იღებენ, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც “ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესებს ემსახურებიან“. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია მხოლოდ ორგანიზაციების მხოლოდ 1.6% – მა აირჩია. ბევრი ორგანიზაცია ელოდება, რომ ისინი იძულებით იქნებიან დარეგისტრირებულები და დაჯარიმდებიან.
ე.წ.” უცხოელი აგენტის “კანონი” საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა „რუსული სტილის კანონად ” შეაფასეს და მკაცრად გააკრიტიკეს. მათი განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი აქტი ძირს უთხრის ქართველების უმეტესობის იმედს, რომ მათი ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებს შეუერთდება. თუმცა, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ კანონი, უბრალოდ, მიმართულია „გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად“.
26 ოქტომბერს ქართველებმა პარლამენტის ახალ შემადგენლობა უნდა აირჩიონ. პოლიტიკური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი იმის შესახებ, გააგრძელებს თუ არა ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციისკენ სვლას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ ბრაიენმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა იმაზე, თუ რას და როგორ დააკვირდება ყურადღებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს.
– უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის, როცა ხელისუფლებას შეუძლია იძულებით დაარეგისტრიროს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, როგორც უცხოური ინტერესების გამტარებლები და, თუ ისინი კანონს არ დაემორჩილებიან, დააჯარიმოს კიდეც. რა გზავნილი გაქვთ ახლა როგორც „ქართული ოცნების“, ისე იმ ორგანიზაციებისთვის, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა?
– ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა.
რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს.
და როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია.
– თქვენ უპირველეს პრობლემად ამ კანონის არჩევნებზე შესაძლო გავლენას ახსენებთ. როგორ ფიქრობთ, ამ თვეების განმავლობაში როგორ აისახება იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ გარემოში ჩატარდება ეს არჩევნები და როგორ იქნება ის აღქმული?
– დიახ, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს.
– გრძელდება ორმხრივი ურთიერთობის გადახედვა, მთავრობის პირდაპირი დახმარება შეჩერებულია, სამხედრო წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადებული, სამოგზაურო შეზღუდვები ამოქმედებული. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ გამორიცხული არაა სხვა ზომების მიღება, ვიცით, რომ ცდილობთ არ ისაუბროთ შემდგომ ნაბიჯებზე, მაგრამ მაინც, რა არის ეს ზომები, რა ნაბიჯებიც შეიძლება გადადგათ, რა ვარიანტები არსებობს?
– მე მეტს ვიტყვი იმაზე, რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. ჩვენ უკვე ავამოქმედეთ: სამოგზაურო შეზღუდვები ამერიკაში, რაც ათობით ადამიანს შეეხო, არ გვაქვს უფლება ვთქვათ, ვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. შევაჩერეთ დახმარება, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ეს აუცილებელია.
ევროკავშირმა თქვა, რომ [ბლოკში] ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, და დახმარების ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუჩერა საქართველოს იმის გამო, თუ როგორია ეს კანონი. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ იმგვარი ძალადობის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დაბრუნება, რაც ამ გაზაფხულზე ვნახეთ. როცა სამოქალაქო ჯგუფებსა თუ პირებს, ვისი სახელებიც ნახსენები იყო, სტუმრობდნენ ხშირად მოძალადე ჯგუფები რუსული აქცენტით, ან ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი არის ის, რაც არ შეიძლება ხდებოდეს. ასეთ პროცესებს უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით.
– პარალელურად, “ქართული ოცნების” ლიდერები ოპოზიციური პარტიების აკრძალვა-გაუქმების პირობას დებენ, და მათ “კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას” უწოდებენ. როგორ ჟღერს ეს თქვენთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისგან და რას ამბობს მმართველი პარტიის განზრახვებზე?
– ეს არ ჟღერს, როგორც დემოკრატია. ერთ პარტიას არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, რომელ სხვა პარტიას აქვს [მასთან] კონკურენციის უფლება. ეს მოქალაქეების გადასაწყვეტია, რომელი პარტიები მიიღებენ პარლამენტში მანდატებს იმ სამართლიანი წესების მიხედვით, რომლებიც წინასწარვე გასაგებია. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ, ეს ძალიან გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა.
– რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს. ამერიკული ორგანიზაციების – NDI-ისა და IRI-ის მისამართით გაისმა ბრალდებები თბილისშიც, თითქოს ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს და პოლიტიკურ პროცესში ერევიან. რას ფიქრობთ ამ ბრალდებებზე და რამდენად გაშფოთებთ თავად მოსკოვის შესაძლო გავლენა როგორც წინასაარჩევნოდ, ისე კენჭისყრის დღესა თუ მის შემდეგ პროცესებზე?
– ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები ძალიან გამჭვირვალეა. ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ – მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს.
უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. და ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს.
– გაშფოთებთ შესაძლო რუსული ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში?
– მინდა იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი – ევროპასა და შეერთებულ შტატებში – საქართველოს მოქალაქეების დახმარებას.
ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს.
– საქართველოს ოპოზიცია დიდი ხანია პარტნიორებს სთხოვს, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდეს, როგორც პირი, რომელიც მათი შეფასებით, ქვეყნის კურსის შესახებ საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ის არც თქვენ შეგხვდათ, და არც ამერიკელ კანონმდებლებს. რას ფიქრობთ მის სანქცირებაზე, რა შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ან მოვლენა, რომელმაც ის შეიძლება ამერიკის სანქციების სამიზნედ აქციოს?
– ეს შესანიშნავი შეკითხვაა და ამაზე რამდენიმე რამის თქმა მსურს. ჩვენ არ დაგვისანქცირებია ბატონი ივანიშვილი. ის იმეორებს, ამტკიცებს, თითქოს ეს გავაკეთეთ. ვფიქრობ, ეს რეალობასთან აცდენაა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადაწყვეტენ, სურთ ეს პარტია ჰყავდეთ [ქვეყნის] სათავეში, თუ – კოალიცია ან სხვა ხალხის ნაკრები. ეს მათი არჩევანია.
ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას და თქმას, რომ ამა თუ იმ პარტიას, ან ამა თუ იმ ადამიანის მხარდაჭერილმა პარტიამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის დასახმარებლად იმაში, რომ საკუთარი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს.
– თქვენ პირადად შეხვდით მთავრობის მეთაურს, მმართველი გუნდის წევრებს, საქართველოში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ამერიკელი კანონმდებლებიც. სენატში სიტყვით გამოსვლისასაც თქვით, რომ “ოცნებას” უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა, კურსის შესაცვლელად. პრემიერი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განახლება, თავიდან დაწყებაა საჭირო. ამდენი მაღალი რანგის შეხვედრის, ჩართულობისა თუ დისკუსიის შემდეგ, გაქვთ იმის ნიშანი ან იმედი, რომ ისინი რამის შესაცვლელად შეიძლება მზად იყვნენ?
– არა, ისინი უარყოფენ [რეალობას], არ აღიარებენ მას. მათ არ შეუმჩნევიათ, რომ ჩვენ დახმარების 95 მილიონი დოლარი შევუწყვიტეთ. ევროკავშირმა დაახლოებით ამდენივე ოდენობა შეუზღუდა. ევროკავშირიც ამბობს, რომ ვერ წახვალთ წინ ევროპისკენ. და “ქართული ოცნება” ცდილობს უთხრას თავის ამომრჩეველს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ყველაფერი რიგზეა. არა, ყველაფერი რიგზე არაა. საქართველოს სურს შეუერთდეს ევროკავშირს. იქ არსებობს მკაფიო წესები. ამ წესებზე პასუხისმგებელი პირები გეუბნებიან, რომ შენ შეცდომა დაუშვი. შეიმუშავე ცუდი კანონი. კიდევ ორი ახალი ცუდი კანონის შემუშავების ზღვარზე არიან. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ მიიღოს ის, რაც მას ასე ძალიან სურს.
– პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სულ ახლახან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა საფრთხე ემუქრებოდეს, და მისი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამიტომაა მიღებული. პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციაში თავდასხმების ინსცენირება იგეგმება მათ საკუთარ ლიდერებზეც, რათა წინასაარჩევნოდ ვითარება დაიძაბოს. გაქვთ თუ არა რაიმე ცნობები, ინფორმაცია ამის შესახებ, ან მსგავსი ეჭვი, წუხილი, და მთლიანობაში, როგორ ფიქრობთ, არის რისკი, რომ ამ პერიოდში ძალადობის ესკალაცია ვიხილოთ?
– ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. თუკი ჩვენ რაიმე საფრთხის შესახებ გვეცოდინებოდა, დავეხმარებოდით მის აღკვეთაში. ამ კუთხით, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსთან ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო. მსგავსი საფრთხის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. რაც შეეხება ადამიანების მიერ საკუთარ თავზე თავდასხმას, ეს არ ჟღერს ისეთ რამედ, რაც პოლიტიკური ოპონენტისგან უნდა დაიჯერო. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე ეს უკვე სოციალური მედიის შეშლილ გვერდს ემსგავსება.
ეს ყველაფერი კვლავ შეეხება იმას, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს, აირჩიოს, რა გზით წასვლა სურს, შეეძლოს თვითორგანიზება და ქვეყნის იმ მიმართულებით წაყვანა, რა მიმართულებაც მას სურს, რაც უნდა იყოს ეს. ჩვენ ამის მხარდაჭერას ვცდილობთ.
– ამავე კვირაში ამერიკამ რუსეთის მთავრობის მიერ მართული მედია ორგანიზაციები თუ სხვა ქსელები და მათი ხელმძღვანელები არჩევნების წინ ამერიკაში საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულა. და ამისთვის სანქციები დაუწესა. მაშინ, როცა საქართველოში რუსეთის ინტერესებზე საუბრობთ, როგორ არის უზრუნველყოფილი ის, რომ კრემლმა ამერიკელ ამომრჩეველზე არ მოახდინოს გავლენა?
– დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამერიკის მოქალაქეებს, ისევე როგორც ამომრჩევლებს საქართველოში, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თვითორგანიზების შესაძლებლობა. ესაა დემოკრატია. ეს მოქალაქეებს ეხება.
რაც ჩვენ გავაკეთეთ ოთხშაბათს, იყო ის, რომ გამოვავლინეთ ერთი ოპერაცია, რომელიც ფარულად უხდიდა ხალხს ფულს იმის თქმაში, რაც რუსეთის მთავრობამ დაწერა, ეს ძალიან კონკრეტული ქმედება იყო. ყველას მოვუწოდებდი ნახოს ის, რას ამბობს იუსტიციის დეპარტამენტი სასამართლოში. ეს არაა ტრიბუნასთან მდგარი პოლიტიკოსის განცხადება. ისინი ამ ყველაფერს ფიცის ქვეშ, სასამართლოში ამბობენ და ხსნიან, რას ვუპირისპირდებით.
საქართველოს ოფიციალურ პირებს ჩვენ ისევ და ისევ ვეუბნებით, რომ გამჭვირვალობა, რომელზეც ამბობთ, რომ გსურთ, მზადაა და ხელმისაწვდომია. ყველა ამერიკული ორგანიზაცია გამჭვირვალეა, ევროპული ორგანიზაციები გამჭვირვალეა. არსებობს ამის მიღწევის გზები. მაგრამ მათ ამისთვის აირჩიეს გზა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს თქვენი სამეზობლოს გაერთიანების კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს არაა დემოკრატიული, ეს არაა ევროპის ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ უკან, რომ ქართველმა ხალხმა შეძლოს ევროპის ნაწილად ყოფნა.