1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა – თურქი – Cumhuriyet
„BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა – თურქი – Cumhuriyet

„BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა – თურქი – Cumhuriyet

341
0

თურქული გაზეთი „ჯუმჰურიეთი“ (Cumhuriyet) აქვეყნებს სტატიას სათაურით „BRICS“-ის საკითხი: რა უნდა თურქეთს და რას ამბობდა დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი“ (ავტორი – მეჰმეთ ალი გიულერი), რომელშიც გაანალიზებულია ანკარის სავარაუდო ადგილი BRICS-ის გაერთიანებაში: შეუძლია თუ არა ნატოს წევრ თურქეთს „ბრიკს“-ში შესვლა?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ათასეული წლების განმავლობაში ძალები, რომლებიც ცივილიზაციის ლოკომოტივებს წარმოადგენენ, ერთმანეთს მუდმივად ადგილებს უცვლიან: ერთნი უფრო წინ მიდიან, მეორენი ეცემიან, მესამენი მათ ანაცვლებენ.

დასავლეთის 500-წლოვანი უპირატესობა თავის დასასრულს უახლოვდება. ერთ-ერთი დასავლელი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ეს ტენდენცია აღნიშნა, პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა გახლავთ: „აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, სულ სხვა მსოფლიოს მოწმენი გავხდებით. როგორც რუსეთის, ასევე სწრაფად მზარდი სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიისა და თურქეთის პოზიციები ადრინდელი აღარ იქნება. რა თქმა უნდა არც ინდოეთის. ჩვენ ახალი ისტორიული ციკლის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით“.

დიახ, ეს ახალი რეალობაა, მართლაც ახალი ისტორიული ციკლი იწყება; აზია ფეხზე დგება და გლობალური სამხრეთის ლიდერად გამოდის. პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ანალიზის დროს ეს ფაქტი აუცილებელად გასათვალისწინებელია. სწორედ ამ პრიზმით უნდა შევხედით „ბრიკს“-თან (ინგლ. აბრევიატ. BRICS – Brazil, Russia, India, China, South Africa პლუს ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეთიოპია და საუდის არაბეთი) დაკავშირებულ საკითხებსაც.

თურქეთის მერკანტილური მიდგომა

თურქეთის ხელისუფლება BRICS-ის ჯერ-ჯერობით მორიდებულ, მერკანტილურ და ორმაგ მიდგომას ამჟღავნებს. ამბობენ, თურმე ჩვენს მთავრობას განაცხადი უკვე წარუდგენია „ბრიკს“-ში მიღების თხოვნით, მაგრამ ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არავის არ დაუდასტურებია. თურქმა ჩინოვნიკმა, რომელსაც ამერიკული ანალიტიკური სააგენტო „ბლომბერგი“ ესაუბრა, აღნიშნა, რომ განაცხადი მართლაც არსებობს, რაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმაც დაადასტურა, მაგრამ მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მთავრობა განაცხადის თაობაზე არაფერს არ ამბობს!

ამგვარი სიტუაცია მოწმობს, რომ თურქეთის ხელისუფლება თავის დამოკიდებულებას BRICS-თან და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (ინგ. SCO – Shanghai Cooperation Organisation) განიხილავს როგორც ტაქტიკური და არა სტრატეგიული თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, ანკარა ცდილობს მათთან ურთიერთობა ერთგვარ კოზირად გამოიყენოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში

რა თქმა უნდა, თურქეთის მოკავშირეებში და პარტნიორებში ანკარის მიდგომა ერთგვარ დაბნეულობას იწვევს. უფრო მეტიც – თუ შევადგენთ განტოლებას ცვალებად და ერთმანეთთან არაექვივალენტურ ინსტიტუტებისაგან, გამოდის, რომ თურქეთის ხელმძღვანელობის მოქმედება ამგვარი დასკვნისაკენ გვიბიძგებს: „იქ როგორ შევალთ, თუ აქედან არ გამოვალთ“.

და რას ამბობს ოპოზიცია?

თურქეთის ძირითადი ოპოზიციური ორგანიზაცია – სახალხო-რესპუბლიკური პარტია, სამწუხაროდ, ამ საკითხში მთავრობას ბევრად ჩამორჩება. [ქემალისტები] მომხრენი არიან, რომ თურქეთმა უნდა გააგრძელოს ლოდინი ევროკავშირის მისაღებში და თუ არჩევანი დადგება – „ევროკავშირი“ თუ „ბრიკს“-„შანხაი“, თავის მომხრეებს ევროკავშირისაკენ უბიძგოს.

საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, დიდი მუსტაფა ქემალ ათა-თურქი ყოველთვის არ იყო დასავლეთის მხარდამჭერი. ამიტომაც მათი ანტი-„ბრიკს“-ული პოზიცია ლოზუნგით „ჩვენ კურსი ყოველთვის დასავლეთზე გვქონდა აღებული და მისი შეცვლა არ შეგვიძლია“, არ არის ისტორიულად დასაბუთებული.

თურქეთის ლიდერი ყურადღებას დასავლეთს კი არ აქცევდა, არამედ „ცივილიზაციის თანამედროვე დონეს“. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი დიდი რევოლუციონერი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ყველაზე კარგად იცოდა, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ადგილი ერთი ძალიდან მეორეში გადადის ხოლმე.

ჩრდილოეთისა და სამხრეთის ბრძოლა

სიტუაცია ასეთია: ეკონომიკისა და ვაჭრობის ცენტრმა დიდი ხანია ადგილი იცვალა და ევროპა-ატლანტიკიდან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ გადაიწია. ახლა კი იცვლება პოლიტიკის ცენტრიც, ყალიბდება ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიოც.

გლობალური სამხრეთი ნაბიჯ-ნაბიჯ უწევს წინააღმდეგობას იმ წესრიგს, რომელიც გლობალურმა ჩრდილოეთმა (ატლანტიკამ) შექმნა მსოფლიოზე ბატონობის მიზნით. თავის მხრივ, ატლანტიკური ქვეყნები ანუ ჩრდილოელები ცდილობენ სამხრეთელთა შეტევა თავიდან აიცილონ და ამ მიზნით აწესებენ სანქციებს, პროვოცირებენ სახელმწიფო გადატრიალებებს, ხელთ იგდებენ რეზერვებს, მიაქვთ ნავთობი, აჩაღებენ ომს.

თურქეთის მდგომარეობა

და ამ დროს „ბრიკსი“ – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაცია – ცდილობს ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყაროს. მას ორი ძირითადი მიზანი აქვს: დემოკრატიზაცია როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, ასევე მსოფლიო საფინანსო სისტემაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ისეთი წესრიგი კი არ არის, როცა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მსხვილი ქვეყნები იღებენ და მათ რეალიზებას თვითონ ახდენენ, არამედ წესრიგი, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს სულ უფრო მეტი რაოდენობის სახელმწიფოები იღებენ და მათ რეალიზებას თანასწორ საფუძველზე ახორციელებენ.

ამასთან დაკავშირებით „ბრიკსი“ ცდილობს მისცეს ხმა მისცეს გლობალური სამხრეთის ქვეყნებსაც საერთაშორისო საქმეების გადაწყვეტის დროს და ამიტომაც, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს რიცხოვნობის გაზრდას ითხოვს. ორგანიზაცია „ბრიკსი“ აფართოებს თანამშრომლობას იმ საფინანსო სისტემის წინააღმდეგ, რომელიც დოლარის ბატონობას ეფუძნება. „ბრიკსი“ ავითარებს ვაჭრობას ეროვნული ვალუტის გამოყენებით – ორგანიზაციის ფინანსური ორგანო „განვითარების ახალი ბანკი“ (New Development Bank) საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საპირწონედ გამოდის.

ამრიგად, გლობალური ჩრდილოეთის (ანუ დასავლეთის) ერა ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და იწყება გლობალური სამხრეთის (ანუ აღმოსავლეთის) ერა. იმ პირობებში, როცა აშშ და ევროკავშირი, ხედავენ რა ამ პროცესს, ცდილობენ  კონტრზომები მიიღონ, თურქეთმა, რომელიც ობიექტურად „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნად ითვლება, ამჯერად, დასავლეთის მომხრეები უნდა გააწბილოს: ანკარამ არ უნდა დაუშვას შეცდომა და არ უნდა მოახდინოს  პოზირება, თითქოსდა ის ატლანტიკის (გლობალური ჩრდილოეთის) ნაწილს წარმოადგენს.

წყარო