1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს – რას წერს Newsweek-ი საქართველოზე
ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს – რას წერს Newsweek-ი საქართველოზე

ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს – რას წერს Newsweek-ი საქართველოზე

241
0

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის” (Newsweek) ელექტრონულ ვერსიაში (ვებ-გვერდზე) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი რუსეთის გამო კარგავს“ (ავტორი – მეთიუ ტოსტევინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში თითქმის ყველა შენობაზე – სამთავრობო კომპლექსებიდან პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებამდე – ევროკავშირის ოქროსფერვარკვლავიანი ლურჯი ბაირაღები ფრიალებენ, რომლებიც ისეთივე სიმრავლით გამოირჩევიან, როგორც წმინდა გიორგის ჯვრიანი ეროვნული დროშები.

მაგრამ, დასავლური სიმბოლიკის სიუხვისა და მოსახლეობის უმრავლესობის პროდასავლური (ევროატლანტიკური) განწყობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ურთიერთობა აშშ-სტანა და სხვა დასავლურ ქვეყნებთან სწრაფად უარესდება. ამ ფონზე იზრდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოპულარობა. დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ევროატლანტიკური სოლიდარობა განამტკიცა, რაც ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებით გამოიხატა, თუმცა ოდესღაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზღურბლთან მდგარი საქართველო, რომელიც წუთი-წუთზე ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო, როგორც ჩანს, ახლა უკუმიმართულებით მოძრაობს.

საქართველო თავისი 3,7-მილიონიანი მოსახლეობით აშშ-ის იმავე სახელწოდების მქონე შტატზე მხოლოდ ერთი მესამედით არის დიდი. უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების ეპოქაში თბილისის პრობლემები ვაშინგტონის პრიორიტეტებში არ შედის, მაგრამ რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: საქართველო ესაზღვრება რუსეთს, თურქეთს, მასთან ახლოს მდებარეობს ირანი. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობ- და გაზსადენების სატრანზიტო მარშრუტი. ქვეყნები, რომლებიც დღეს მათ წინაშე გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენებაზე ფიქრობენ, ინტერესით უყურებენ საქართველოს: შეძლებს თუ არა დასავლეთი მის შენარჩუნებას თავის გავლენის ქვეშ?

საქართველოს მთავრობის პროდასავლელი მოწინააღმდეგეები სიტუაციას რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომად წარმოაჩენენ – თბილისის გაკონტროლების მიზნით – შიშობენ, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ბოლო შანსი აღმოჩნდეს მთავრობის პრორუსული კურსის შესაკავებლად. 

„ჩვენ უკვე ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი და ვიცით, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა“, – აცხადებს ოპოზიციონერი გიორგი ვაშაძე, – „ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკურ არჩევნადაც ვთვლით“.

არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც პრემიერ-მინისტრის გიორგი კობახიძის ოფისი „ნიუსვიქისათვის“ კომენტარს არ აკეთებენ. ჩუმად არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დასავლეთის ქვეყნები აპროტესტებენ საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ კურსს, რომელიც, მათი აზრით, ავტორიტარული და ანტიდემოკრატიულია. ამას წინათ, ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხოური ჩარევების აღსაკვეთად, პარლამენტმა მიიღო რუსული კანონის მსგავსი სამართლებრივი აქტი „უცხოური აგენტების“ („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“) შესახებ, რომელიც დამოუკიდებელი მასმედიისა და არასამთავრობო ორგანოზაციების დასავლური დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული.

შეიძლება ითქვას, რომ  დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ასაწყობად ათწლეულობით გაწეული შრომა წარუმატებელი გამოდგა: საქართველო, დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ნატოსა და ევროკავშირის მიღმა რჩება. არადა, კრემლის პირისპირ მდგარი თბილისი იმედოვნებდა, რომ დასავლეთისგან ეკონომიკურ მხარდაჭერას და უსაფრთხოების დაცვის გარანტიებს მიიღებდა

ამასობაში კი რუსეთ-უკრაინის ომმა გააძლიერა ეჭვი, რომ მსგავს საგანგებო სიტუაციებში საქართველოს დასავლეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს ეჭვი ქართველების ცნობიერებაში ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა 2008 წელს, რუსეთის აგრესიის დროს, საქართველომ დახმარება ვერ მიიღო. დღეს რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს.

„დასავლეთი სტრატეგიულ მეტოქეობას აგებს, – აღნიშნავს „ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია, – რეგიონში თავიანთი ინტერესები აქვთ ჩინეთს, თურქეთს, ირანს და რუსეთს. საკითხი მხოლოდ საქართველოს კი არ ეხება, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიას“. პოლიტოლოგის აზრით, ჰიპოთეტური ომის შედეგები, თავისი მნიშვნელობით, კავკასიის ჩარჩოებს სცილდებიან.

„საქართველოს დაკარგვა აშშ-ის, ნატოსა და დასავლეთისათვის ძალზე სერიოზული მარცხი იქნება, თავისი გეოპოლიტიკური შედეგებით – როგორც სტრატეგიული, ისე სიმბოლური მნიშვნელობით“, – თვლის ლაურა ლინდერმანი, აშშ-ის ატლანტიური საბჭოს ევრაზიული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

„საქართველო ევრაზიის შიდა რეგიონებისა და ევროპის დამაკავშირებელ ქვეყანას წარმოადგენს. ეს გარემოება ზრდის მის მნიშვნელობას დასავლეთისათვის, განსაკუთრებით კი ევროპისათვის, რომელიც ცდილობს ენერგეტიკული უზრუნველყოფის დივერსიფიცირება განახორციელოს, განსაკუთრებით კასპიის ენერგორესურსების მიღების მიზნით. საქართველოს დაკარგვა ვლადიმერ პუტინის გამარჯვება და ნატოსა და დასავლეთის დიდი სირცხვილი იქნება“, – ხაზს უსვამს ლაურა ლინდერმანი.

უკანასკნელ თვეებში საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა, თუმცა თეორიულად საქართველოს კვლავს სურს ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. ივლისში ბრიუსელმა შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში წევრად მიღების პროცესი, რომლის მიზეზი ზემოთ ნახსენები „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება გახდა. ბრიუსელმა ასევე დაამუხრუჭა 32 მილიონდოლარიანი სამხედრო დახმარების გაწევაც. „და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა მაშინ პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

თავის მხრივ, უკმაყოფილების ნიშნად, პენტაგონმაც გადადო ყოველწლიური საზაფხულო სამხედრო წრთვნები (კოდური სახელწოდებით Noble Partner), რომელიც აშშ-ის დახმარებით საქართველოს ტერიტორიაზე ტარდებოდა ხოლმე. ამერიკამ ასევე გამოაცხადა იმ ქართველი პოლიტიკოსებისათვის ვიზების გაცემა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიის დარღვევაში.

„ჩვენ ისე ახლოს ვიყავით დასავლეთთან ინტეგრაციასთან, როგორც არასდროს. ეს იყო ინტეგრაციის რეალური გზა, პირველი მცდელობა ჩვენს ისტორიაში“, – სინანულით ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე კრევო-ასათიანი, – ახლა კი ყველა პროცესი გაყინულია. დადგა დიპლომატიური კრიზისი ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში“.

პრიორიტეტების ცვლა შესამჩნევია თბილისში არსებული ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალური საინფორმაციო ცენტრების საქმიანობაზეც: შენობის შესასვლელში არსებული კიბე ყვავილების გამყიდველმა დაიკავა. პირველ სართულზე მდებარე ოთახი, სადაც რამდენიმე ქვეყნის დროშა ჰკიდია, ცარიელია – სამუშაო დღის მიუხედავად. დაცვის მუშაკის თქმით, დაწესებულება არ მუშაობს, თუმცა, როგორც ცენტრის წარმომადგენლებმა „ნიუსვიქს“ უთხრეს, ისინი აქტიურად მონაწილეობენ იმ ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ“. ასეა თუ ისე, ეჭვი მაინც არსებობს.

იმის გამო, რომ დასავლეთმა საქართველოს კრიტიკა დაიწყო, თავის მხრივ, მმართველმა პარტიამაც დასავლეთის მიმართ მიდგომები გაამკაცრა.

როგორც გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პარტია სარჩელს შეიტანს სასამართლოში ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის’ აკრძალვის მიზნით. „ქართული ოცნების“ ლიდერები თვლიან, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთიდან იმართება „ომის გლობალური პარტიის“ მიერ, რომლის მიზანს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა და მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა წარმოადგენს. დასავლეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოში „ფსევდოლიბერალური“ იდეოლოგიის გავრცელებას, რაც, მაგალითად, „ლგბტ+“-საზოგადოების დაცვაში გამოიხატება.  მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს „ფსევდოლიბერალიზმის“ წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოიყენა პარიზის ოლიმპიადის გახსნის გახმაურებული  ცერემონია, რითაც განმარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ქართული საზოგადოებისათვის ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების შესახებ კიდევ ერთი ახალი კანონის მიღება.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმსაც წარმოადგენს, რომელზეც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს – ირჩევს მშვიდობას თუ ომს, მორალურ დეგრადაციას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, მონურ დამოკიდებულებას საგარეო ძალების მიმართ თუ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს“, – აცხადებენ პარტიაში. „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნბულნი არიან, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ არცჩვნებში გამარჯვება უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ოპონენტების მტკიცებით, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თუ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება, მასში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ამის არგუმენტად მოაქვთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩატარდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ: მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს წევრობას. მართალია, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს ევროპის ლიბერალური პოლიტიკა, მაგრამ მათ იზიდავს გადაადგილების თავისუფალი რეჟიმი, ვაჭრობა, სამუშაო ადგილები, რასაც, მათი აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრება მოუტანს. (…)

ოპოზიცია ძველებურად საკმაოდ დაშლილია, რაც მმართველი პარტიისათვის მომგებიან სიტუაციას ნიშნავს. ექსპერტები მიუთითებენ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ კოზირზე – ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ რესურსებზე. დედაქალაქს ზემოდან მილიარდერის კუთვნილი მინა-ფოლადისაგან აგებული სასახლე გადმოჰყურებს, რომელიც ოპოზიციამ ჯეიმს ბონდზე გადაღებული ფილმების ნეგატიური გმირების „ბუდედ“ შერაცხა.

„ძნელია არჩევნების მოგება იმ დროს, როცა 300 ათას სახელმწიფო მოსამსახურეს მთავრობა აკონტროლებს, როცა ხელისუფლება მათ ადმინისტრაციული რესურსის სახით იყენებს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, – ისიც ანგარიშგასაწევი გარემოებაა, რომ საქართველოს საწარმოების მფლობელთა (ბიზნესმენთა) 80% მხარს მმართველ პარტიას უჭერს“.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიესალმებიან დასავლეთის მიერ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, მაგრამ ეჭვი შეაქვთ მათ ეფექტურობაში. „ჩვენ იმ დონემდე მივედით, რომ რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებაში ღრმად ჩანერგა აზრი – დასავლეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა მმართველი პარტიის მამაცურ მოქმედებას ნიშნავს.“, – ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი, – ისეთი შეგრძნებაა, რომ უკვე გვიანია რაიმე დაუპირისპირო ხელისუფლების პოლიტიკას“.

მართალია, მმართველ პარტიას ოპოზიცია „პრორუსულ ძალად“ ნათლავს, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია მარტივად არ არის – საქართველოს საკმაოდ წინააღმდეგობრივი ისტორია აქვს.

ანტირუსული და ანტიდასავლური გრაფიტები თბილისის შენობების კედლებზე მოწმობენ იმას, რომ ქართველებში მოსკოვისადმი მტრობა საკმაოდ ძლიერია. რუსეთის იმპერიამ საქართველო 1801 წელს მიიერთა, ხოლო როცა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, სამი წლის შემდეგ მას თავს რუსეთის წითელი არმია დაესხა და საქართველო ფაქტიურად ისევ რუსეთის (საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში აღმოჩნდა. ქვეყანა კვლავ სუვერენული 1991 წელს გახდა, საბჭოური იმპერიის დაშლის შემდეგ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში გორში არსებული სახლ-მუზეუმი ძველებურად რცება სალოცავ ადგილად მათთვის, ვინც საბჭოთა საქართველოს არსებობის პერიოდს სიყვარულით იხსენებს. მართალია, მუზეუმში არის მცირე გამოფენაც, რომელიც საქართველოზე რუსეთის არმიის თავდასხმასაც ეძღვნება.

„ყოფილი საბჭოთა სივრცის სახელმწიფოებში ყველგან არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნოსტალგია აქვთ საბჭოთა პერიოდზე, ისინი მცირერიცხოვანნი არიან, მაგრამ მაინც“, – ამბობს მუზეუმის გიდი კერძო საუბარში.

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია დაიწყო ნატოს ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ალიანსის დეკლარაციაში ჩაიწერა ფრაზა – „საქართველო და უკრაინა ოდესმე ნატოს წევრები გახდებიან“. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ რუსეთის არმიამ ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონში – „სამხრეთ ოსეთში“ – გაკონტროლების მიზნით შესულ ქართული ჯარის ნაწილებს უკან დაახევინა  და „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელი გახდა, რაც მოგვიანებით უკრაინაში განხორციელდება რუსეთის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ბევრ ლაპარაკობს „მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე“, რუსეთის მხრიდან არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ კრემლი ოკუპირებულ ანკლავებზე – „სამხრეტ ოსეთზე’ და აფხაზეთზე – კონტროლს შეასუსტებს უფრო მეგობრული ქართული მთავრობისათვის.

საქართველოს მხოლოდ რუსეთზე არ ამყარებს იმედს – დასავლეთთან უტანხმოების გაღრმავების კვალობაზე თბილისი კავშირებს აფართოებს პეკინთანაც.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინიციატივის – „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ჩარჩოებში ჩინური კომპანიები საქართველოში აქტიურად აშენებენ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამერიკელი ინვესტორების უარის შემდეგ სწორედ ჩინელები დათანხმდნენ შავი ზღვის ნაპირზე ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობას. აშკარად შეინიშნება საქართველოსა და ჩინეთის მთავრობების ერთმანეთთან დაახლოებას. ჩინეთის საგარეო საქმეტა სამინისტროს ამასწინანდელ მოხსენებაში საქართველო წარმოდგენილია ისეთ ქვეყნად, რომლის საქმეებშიც აშშ არის ჩარეული.

„საქართველო სამაგალითო ქვეყანა ხდება რუსეთის პერიფერიის ქვეყნებისათვის, რომლებიც გარკვეულწილად იკავებენ როგორც პროდასავლურ, ასევე პრორუსულ და პროჩინურ პოზიციას“, – ამბობს დონალდ ჯენსენი, ვაშინგტონში მდებარე მშვიდობის ინსტიტუტის  უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, – „საქართველო შეიძლება ნაცრისგერ ზონაში აღმოჩნდეს: არ დაექვემდებაროს რუსეთს, გაატაროს მრავალვექტორული პოლიტიკა და ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იმოქმედოს. შესაძლოა, რუსეთის სხვა პოსტსაბჭოელი მეზობლები სწორედ ასეთ კურსს გაატარებენ“.

წყარო