კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს – The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს 27 აგვისტოს ნომერში აქვეყნებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბენ უოლესის სტატიას სათაურით „კრემლს შურისძიება სურს: პუტინი რუსეთის ყველა წარუმატებლობაში ბრიტანეთს ადანაშაულებს და მალე თავის სამხედრო მანქანას მის წინააღმდეგაც გამოიყენებს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
2002 წლის ოქტომბერში, გვიან ღამით, ხერსონის წმინდა ეკატერინეს ტაძარში, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფთან ერთად, მოსკოველი ოფიციალური პირები შევიდნენ და მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი მხედართმთავრის გრიგორი პოტიომკინის ნეშტის ექსგუმაცია მოახდინეს. იგი რუსეთის იმპერატორის ეკატერინე დიდის ფავორიტი იყო და გადამწყვეტი როლი შეასრულა ყირიმის ანექსიაში 1783 წელს.
არავინ არ იცის, სად წაიღეს პოტიომკინის ნეშტი. შესაძლოა მას ადგილი მოსკოვში ან ყირიმში მიუჩინეს, მაგრამ ცნობილია, რომ „ოპერაცია“ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელდა. თუ თქვენ ოდნავ მაინც დაფიქრებულხართ, თუ რა ამოძრავებს რუსეთის იმპერატორს, მაშინ ეს ფაქტი თქვენთვის დამარწმუნებელი მტკიცებულება უნდა იყოს. ეს დაგვეხმარება იმაში, თუ როგორ და რით უნდა განისაზღვროს ისტორიაში რუსეთის ადგილი.
2022 წლის თებერვლამდე ბრიტანული უსაფრთხოების ეროვნული სტრუქტურების წარმომადგენლებთან ჩემი ერთ-ერთი მცდელობა ის იყო, რომ ისინი დამერწმუნებინა – მათი „ღრმა ანალიტიკური მოხსენებების“ და „ბრძენი თავების“ მიუხედავად, ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს არა ლოგიკით და არა იმ სურვილით, რომ თავისი ქვეყნა თანამედროვე და დემოკრატიაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ გადააქციოს, არამედ მას ამოძრავებს შურისძიება, ისტორიული მემკვიდრეობა და ერთგვარი რომანტიკა, ერთად აღებული.
რუსეთის პრეზიდენტი და მისი ძალოვანები (ყოფილი „კაგებეს“ და ამჟამინდელი „ეფესბეს“ წარმომადგენლები) არ აღიარებენ იმას, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავენი საბჭოთა კავშირის დაშლაში – უბედურებაში, რომელიც მათ რუს ხალხს მოუმზადეს. მათი აზრით, ისინი დასავლეთის შეთქმულების მსხვერპლი გახდნენ: შეხედეთ, როგორ ამცირებს დასავლეთი მეორე მსოფლიო ომში რუსეთის როლს, არადა იმ ომში ძირითადად მხოლოდ რუსეთმა გაიმარჯვა; ცივი ომი არასოდეს არ იქნებოდა, დასავლეთს რომ არ დაეწყო თავისი ხრიკების განხორციელება აღმოსავლეთ გერმანიისა და პოლონეთის მიმართ…
2021 წელს ვლადიმერ პუტინმა (ამბობენ, რომ პირადად) უცნაური ესსე (ნარკვევი) დაწერა სათაურით „გაკვეთილები მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავისათვის“, რომელშიც იგი ყველანაირ ფაქტებს ამახინჯებს, მოვლენებს აყალბებს და რუსეთს მსოფლიოს მხსნელად წარმოაჩენს. მისი მტკიცებით, რუსეთ-გერმანიის ბოლშევიკურ-ნაცისტური პაქტით, რომელსაც პოლონეთის ოკუპირება მოჰყვა ორივე მხარისაგან, დიდმა ბრიტანეთმაც ხელი მოითბოო.
ცდილობს რა საბჭოთა ხელისუფლების მოქმედების „გათეთრებას“, ვლადიმერ პუტინი თავის ესსეში მეორე მსოფლიო ომის დაწყებას დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აბრალებს და სრულიად აყალბებს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დებულებებს. იგი არაფერს არ წერს პოლონელი სამხედრო ტყვეების მასობრივ დახვრეტაზე კატინის ტყეში, წითელი არმიისა და საიდუმლო პოლიციის („ენკავედე“-ს) მიერ. ასევე არაფერია ნათქვამი პუტინის ესსეში, თუ როგორ იწრთვნებოდნენ რუსი წითელი სამხედროები გერმანიის ვერმახტში ომის წინ და როგორ აწვდიდა ტანკებს მოსკოვი ბერლინს. ეს ნარკვევი უნდა წაიკითხოთ, რომ ამ ადამიანზე გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ.
ერთი წლის შემდეგ პუტინმა კიდევ ერთი ნარკვევი დაწერა – რუსეთისა და უკრაინის ისტორიულ ერთობაზე, რომელიც იკითხება როგორც ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფისა“ და ვალტერ სკოტის რომანების ნარევი: ისტორიული ბედი, ეთნიკური ნაციონალიზმი და რომანტიკა – ყველაფერი ერთ ესსეშია გაერთიანებული. უკვე თითქმის ყველაფერი ჩანდა, რა უნდა მომხდარიყო სამომავლოდ.
სამწუხაროდ, ბევრმა „რუსეთის საკითხების ექსპერტმა“ არც ჩვენს „ფორინ ოფისში“, არც ორსეს ნაპირებზე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში) და არც Foggy Bottom-ში (ვაშინგტონის კვარტალში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი მდებარეობს) ეს გარემოებები არ გაითვალისწინა. ერაყის ომის შედეგების გამო სადაზვერვო სამსახურები ძალიან ფრთხილად იქცეოდნენ და ღია მსჯელობებს თავს არიდებდნენ.
როცა მე მოსკოვში ვიყავი უკრაინაში შეჭრამდე სულ რაღაც ათი დღით ადრე, თავდაცვის იმდროინდელ მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შესახვედრად, ჩემი მიზანი იყო მოწინააღმდეგეების გაცნობა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რამდენად ღრმა იყო მათი სიცრუე და თავდაჯერებულობა, რა ამოძრავებთ მათ და როგორ იქცევიან მათი თანამშრომლები.
მოსკოვიდან რომ ვბრუნდებოდი, მახსოვს, გენერალ გერასიმოვს ვუთხარი – „გაოცებული ვარ თქვენი სამხედრო დოქტრინით, რომელშიც მობილიზაცია მასობრიობით არის უზრუნველყოფილი-მეთქი“. იგი დაიხარა და მითხრა: „და დაშინებითაც“. მან ამით ნიღაბი ჩამოიხსნა. და ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა გერასიმოვის მიერ გენშტაბის დერეფანში ნათქვამი ფრაზა: „ჩვენ ამიერიდან ვერავინ ვერ დაგვამცირებს. თუ ადრე, 21-ე საუკუნის დასაწყისში, ჩვენ მსოფლიოში სამხედრო ძლიერებით მეოთხე ადგილზე ვიყავით, ახლა პირველები ან მეორეები ვართ. მოკლედ, მხოლოდ ჩვენ და ამერიკელები“.
რუსეთის ხელმძღვანელობაში მყოფი ადამიანები თვლიან, რომ ისინი ჭეშმარიტ ისტორიას წერენ და ამით იმ „შეურაცხყოფას“ ასწორებენ, რომელიც მათ დასავლეთმა ცივი ომის დასრულებისას მიაყენა. ისინი ფიქრობენ, რომ შური უნდა იძიონ რუსეთის დამცირებისათვის ბოლო ორასი წლის – მე-19 და მე-20 საუკუნეების განმავლობაში. რუსეთის ისტორიის ვლადიმერ პუტინისეული ვერსიის მიხედვით, სწორედ დიდ ბრიტანეთს (და არა ამერიკას) მიუძღვის ბრალი რუსეთის წარუმატებლობაში.
ვლადიმერ პუტინის დამახინჯებული მსოფლმხედველობის თანახმად, სწორედ ჩვენ, ბრიტანელები ვართ დამნაშავენი მეფის რუსეთის დამარცხებაში ყირიმის ომის დროს; სწორედ ჩვენ, ბრიტანელებმა შევუწყეთ ხელი ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას, ჩვენ ვიყავით რუსული კონტრრევოლუციის უკან სამოქალაქო ომში და ჩვენი დაზვერვა იდგა საბჭოთა კავშირის დაშლის უკან. მოკლედ, დიდი ბრიტანეთი ვლადიმერ პუტინს მიზანში აქვს ამოღებული. ერთ-ერთმა რუსული ძალოვანი სტრაუქტურის წარმომადგენელმა ამას წინათ ასე განაცხადა: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ კურსკის ოლქში შეჭრის უკან დიდი ბრიტანეთი იმალება“. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ვლადიმერ პუტინი ჩვენთვისაც მოიცლის. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ გარდაუვალობისათვის.