1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არის თუ არა “სამხრეთის ფრონტის” გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება”-უცხოური პრესა
“არის თუ არა “სამხრეთის ფრონტის” გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება”-უცხოური პრესა

“არის თუ არა “სამხრეთის ფრონტის” გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება”-უცხოური პრესა

1.38K
0

სერბული პოპულარული ელექტრონული გაზეთი „სბრინ-ინფო“ (Сбрин-Инфо) აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით: „არის თუ არა „სამხრეთის ფრონტის“ გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ? ეს საქართველოში გადაწყდება“

(ავტორი – ჯორჯე მილოშევიჩი). მასალაში მოცემული შეფასება-დასკვნები შესაძლოა ანტიდასავლურად და პრორუსულად ჩაითვალოს, თუმცა ქართველი მკითხველისათვის მაინც საინტერესო უნდა იყოს.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა, სამხრეთ კავკასიაში კი სიტუაცია დღემდე სტაბილური არ არის: აქ 25 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა – კონფლიქტები სეპარატისტულ რეგიონებში (აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“, მთიან ყარაბაღში), ომები (რუსეთ-საქართველოს შორის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის). კავკასია დენთის კასრზე ზის – იმიტომ, რომ კონფლიქტები „გაყინულია“ და მოგვარებული არ არიან, ამიტომ ყოველთვის შესაძლებელია ახალი ძალით იფეთქონ და რეგიონი, რომელიც სხვადასხვა გარე ძალების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, ისევ მწვავე დესტაბილიზაციის კერა გახდეს.

საქართველო და სომხეთი დიდი ხანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი – უპირველეს ყოვლისა იმ მიზეზით, რომ ორივე სახელმწიფო მოსკოვისა და დასავლეთის დედაქალაქების ინტერესების სფეროს წარმოადგენს, რაც გავლენას ახდენს მათ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. რეგიონის მდგომარეობა ბევრად არის განპირობებული სომხეთსა და საქართველოში არსებული სიტუაციით.

სომხეთი უკმაყოფილოა მთიანი ყარაბაღის დაკარგვით აზერბაიჯანთან ომის შედეგად, ერევანი თითქოსდა ტრადიციულად მოსკოვის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, მაგრამ დღეისათვის რეალურად მოკავშირეობიდან თითქმის არაფერი აღარ დარჩა: ერთი მხრივ, კრემლი უკმაყოფილოა სომხეთის პროდასავლური გადახრით, მეორე მხრივ, სომხეთსაც აქვს სასაყვედურო რუსეთის მიმართ: ერევანს იმედები გაუცრუვდა, როცა რუსეთი აზერბაიჯანთან ომში არ დაეხმარა (სომხეთიც და რუსეთიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის – ОДКБ-ის წევრები არიან). შესაბამისად, ოფიციალური ერევანი (ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა) კრემლს მიანიშნებს, რომ არ არის გამორიცხული სომხეთი ОДКБ-ის შემადგენლობიდან გავიდეს.

საქართველოში შექმნილ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს „მყუდროება ქარიშხლის წინ“. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ბოლოს მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელმაც, პროგნოზების თანახმად, ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. საქართველო ან დარჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ან დასავლეთის დანამატი გახდება, რომლის შემდეგ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის წაქეზებით, შესაძლოა რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას და ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ „მეორე, სამხრეთის ფრონტი“ გახსნას.

ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერები და სახელმწიფოს ხელმძღვანელები (პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე) ამ საფრთხეზე ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ
საქართველოში არსებული სიტუაცია დიდი ხანია რთულია, ბოლო დროს კი კიდევ უფრო გამწვავდა პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ („უცხოური აგენტების“) კანონის მიღების გამო.
ოპოზიცია მმართველ პარტიას „პრორუსულობაში“ და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობაში ადანაშაულებს. მდგომარეობას ისიც ძაბავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის მეთაურად თავის დროზე (2017 წელს) სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით იქნა არჩეული, დღეს მმართველ პარტიას უპირისპირდება. ანუ უთანხმოება თვით ხელისუფლების უმაღლეს პირებს შორის არსებობს: პრეზიდენტი ოპოზიციის მხარდამჭერად გამოდის და პროდასავლური ორიენტაცია აქვს. იგი მთავრობას და პრემიერ-მინისტრს – ისევე როგორც ოპოზიცია – „რუსეთუმეობაში“ ბრალს სდებს. რა თქმა უნდა, მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს არც რუსეთისა და არც დასავლეთის გავლენის ქვეშ არ უნდა იყოს. (…)
თავის მხრივ, ოპოზიცია, რომელსაც მხარს დასავლეთი უჭერს, არჩევნებამდე ახალ საპროტესტო აქციებს გეგმავს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი ხმას „ევროპულ მომავალს“ (ანუ ოპოზიციას) მისცემს, პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“ კი, ქვეყნის ეროვნული ინტერესების (ევროატლანტიზმის) ღალატის გამო, დამარცხდება და ხელისუფლებას ჩამოშორდება.

ბუნებრივია, მმართველი პარტია თვლის, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს და ამომრჩევლის დეზორიენტირებას ეწევა. მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ქართველი ხალხი არჩევნებში მხარს დაუჭერს თავისუფლებას, ღირსებას და დამოუკიდებელი, ანუ ქართული ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას. „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ოპოზიცია ქართველი ხალხის მხარეზე არ დგას: მთავრობის კურსის მოწინააღმდეგეებს სურთ ქვეყანა მცდარი გზით წაიყვანონ და ომის მორევში ჩაითრიონ – ისეთივე გზით, როგორსაც უკრაინა დაადგა და რომელმაც თავისი ანტირუსული პოლიტიკით საბოლოოდ რუსეთთან ომი გამოიწვია. „დღეს ყოველ ქართველს მხოლოდ ერთი რამ სურს – მშვიდობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნება“, – ასეთია მმართველი პარტიის თვალსაზრისი. (…)

დასავლეთი საქართველოს მთავრობას ეჭვის თვალით უყურებს, განსაკუთრებით ზემოთ ნახსენები ე.წ. პრორუსული „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების შემდეგ. აშშ-მა ქვეყანას ფინანსური დახმარება შეუჩერა და აცხადებს, რომ მთავრობის წევრებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს დაუწესებს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა თვლის, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟს წარმოადგენს.

რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა და ქვეყანას დიდი პოლიტიკური ზიანი მიაყენა, იგი ისევ ჩანს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ამჯერად პატიმრის როლში. მას ქართველი სამართალდამცველები თანამდებობის ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებენ (პრეზიდენტობის დროს). შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური კარიერა თვითონვე გაიფუჭა დაუსრულებელი სკანდალებით უკრაინაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ – პატიმრობიდან გათავისუფლების მუდმივი თაღლითური მცდელობებით და ავადმყოფობის იმიტაციით… ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ქართულ პოლიტიკაში საეჭვოა დაბრუნდეს, თუნდაც მისმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში გაიმარჯვოს (რაც ძნელად წარმოსადგენია).

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რა თქმა უნდა, ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს და შეიცვალოს, ამიტომ არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძნელია. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ შემოდგომამდე დასავლეთი საქართველოს მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევს – უკრაინის ომის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების, ახლო აღმოსავლეთში არსებული რთული სიტუაციისა და სხვა რიგი საერთაშორისო ფაქტორების გამო (…).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე და ნაწილობრივ, სომხეთის შემდგომ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული, გაჩნდება თუ არა სამხრეთის ფრონტის გახსნის საფრთხე რუსეთის წინააღმდეგ. ამაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხელისუფლების დასავლური ცენტრები. აშკარაა, რომ უახლოეს დროში რუსეთ-უკრაინის ომის არ შეწყდება და არც მისი დარეგულირების მკაფიო ნიშნებიც არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე უდიდეს დანაკარგებს განიცდის. ამ ომში ერთმანეთს ხოცავს ისტორიულად ორი ახლობელი, ქრისტიანული და უპირატესად მართლმადიდებელი სლავური ხალხი. მათ შორის კონფლიქტის პროვოცირება დასავლეთის ქვეყნებმა მოახდინეს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. სწორედ ისინი არიან ჩართულნი ომში კიევის რეჟიმის სასარგებლოდ, რომელიც ხელისუფლებაში თვითონ მათ მოიყვანეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: