,,მოვუწოდებთ რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ”- ენტონი ბლინკენი
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
ენტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია.
“დღეს თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც მოკლეს, დაჭრეს, ან იძულებით გადაადგილება მოუწია რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად.
დღემდე, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და საკუთარი ნების დაწესებას იქ მყოფ ხალხზე, მათ შორის აფხაზეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის მოთხოვნით და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისადმი ნაბიჯების გადადმგმით.
შეერთებული შტატები ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში გათვალისწინებული თავისი დაპირებები და ვალდებულებები, და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება დაუშვას.
ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაიწვიოს. ეს ქმედებები ათობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს.
შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში მხარდაჭერა ურყევია”, – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.