16 წლის წინანდელი მოვლენები შეგვახსენებს, რომ გვმართებს გააზრებული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყნის ინტერესებში იქნება და მის სიძლიერეს მოემსახურება-ალუდა ღუდუშაური
16 წლის წინანდელი მოვლენები შეგვახსენებს, რომ გვმართებს გააზრებული, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებში იქნება და მის სიძლიერეს მოემსახურება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, 16 წლის წინანდელი მოვლენები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება, ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ექცეოდეს საკუთარ ქვეყანასა და ხალხს.
„16 წელი გავიდა იმ უაღრესად ტრაგიკული მოვლენიდან, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა, რამაც ჩვენი ქვეყნის ამაყი მოქალაქეების, თავდადებული და ვაჟკაცი სამხედროების სიცოცხლე შეიწირა. 16 წლის წინანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენ, უაღრესად გააზრებული, პრაგმატული და, რაც ყველაზე მთავარია, პატრიოტული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვმართებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება და ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს მოემსახურება.
იმედი მაქვს, რომ ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ქართველი მაინც იქნება, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, შევეგუოთ ამ მოცემულობას და ეს არის დროებითი. თუმცა, მინდა, აღვნიშნო, რომ ვიდრე 16 წლის წინანდელი სიტუაცია იყო, დღეს გაცილებით, ასმაგად რთული ვითარებაა მსოფლიოში, რეგიონში და კიდევ უფრო მეტად გვმართებს სიფხიზლე და დაფიქრებული, გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ 16 წლის წინანდელი მოვლენები შეგვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეები წინაშე ვალდებულება გვაქვს და რომ ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობელი არსად არ წასულა, ის ძლიერი მანქანაა კვლავ ცდილობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეცვალოს. ხედავთ, რა ხდება უკრაინაში. 16 წლის წინანდელი მოვლენები, ამავდროულად, შეგვახსენებს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როგორ არ უნდა მოქმედებდეს იგი, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ ექცეოდეს საკუთარ ქვეყანას და ხალხს.
მინდა, ხმა მივაწვდინო ფორმალურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომ სანამ ის ჩვენ გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლისკენ დაგვმოძღვრავს, კარგად გაეცნოს საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუ ვინ და როგორ მოქმედებდა 16 წლის წინ. ამიტომ ეს თარიღი, ერთი მხრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენი გმირული ნაბიჯებით და ამაყი სულისკვეთებით ეს ქვეყანა წინ წავიყვანოთ, მაგრამ ასევე გვაძლევს იმის მაგალითს, რომ მეტი პასუხისმგებლობა და გონიერება გამოვიჩინოთ, როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ინტერესს ეხება“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.