1. Home
  2. TOP სიახლე

278
0

თურქულ გაზეთ „მილიეთში“ (Milliyet) გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით: „უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს“ (ავტორი – ჰაკი ოჯალი), რომელშიც განხილული და პროგნოზირებულია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების ამჟამინდელი და სამომავლო პოზიციები რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების საკითხში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკელ და ბრიტანელ ჩინოვნიკ-პოლიტიკოსთა მიერ უკრაინის მხარდასაჭერად ნათქვამი ყოველი სიტყვა ასობით უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილს იწვევს. ვლადიმერ პუტინი, როცა კიევისადმი გამოჩენილ სოლიდარობას ხედავს, აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთის სახელმწიფოს დაშლის მცდელობებს არ წყვეტს და თავის ბევრად მრავალრიცხოვან ჯარს წინსვლისაკენ მოუწოდებს, რათა უკრაინის რაც შეიძლება მეტი ქალაქები და სოფლები დაიკავონ.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აწარმოებს საომარ მოქმედებებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, შეიძლება ვთქვათ: ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ აშშ და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას პეკინისაკენ გზის გაკვლევა მოსკოვის გავლით სურს. და თუ მიმდინარე კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომის საწყის ფაზად ითვლება – ამის შესახებ რეჯეფ ერდოღანიც ამბობდა და დონალდ ტრამპიც – მაშინ გამოდის, რომ რუსეთის არმიის მიზანია ნატოს არმია თავისი დასავლეთის საზღვრიდან რაც შეიძლება შორს შეაჩეროს [ვთქვათ, უკრაინის კარპატების გადაღმა ან შესაძლოა პოლონეთის ცენტრშიც].

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სელივანმა ამას წინათ განაცხადა, რომ „პოლიტიკური მოვლენების მიუხედავად, აშშ უკრაინისადმი დახმარებას გააგრძელებსო“. თუ მხედველობაში მივიღებთ ჯეიკ სალივანის პოლიტიკურ კარიერას და დიდ გამოცდილებას (მართალია, მას რესპუბლიკელების მმართველობისას ფედერალურ თანამდებობებზე არ უმუშავია, მაგრამ მაინც), სალივანმა, უეჭველია, მშვენივრად იცის, რასაც ამბობს: მას კარგად ახსოვს დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის მიმართ გატარებული პოლიტიკა.

ჯეიკ სალივანისათვის კარგად არის ცნობილი, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე შერჩეული ჯეი-დი ვენსის პროპაგანდისტული ლოზუნგი „როცა ჩვენ თეთრ სახლში მოვალთ, ომი 24 საათში დასრულდებაო“. სინამდვილეში ომის ესოდენ სწრაფი დასრულება არ შეესაბამება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს და აქედან გამომდინარე, ტრამპ-ვენსის დაპირება მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკურ ხრიკს წარმოადგენს.

ისინი, ვინც დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენის მსგავს „ქორად“ არ თვლიან და ფიქრობენ, რომ ექს-პრეზიდენტი „მშვიდობის მტრედის“ როლს შეასრულებს და ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს დაუმეგობრდება, მათ, ალბათ, დაავიწყდათ, რომ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს არასოდეს უარი არ უთქვამს საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებაზე, რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ჯეიკ სალივანს ყველაფერი კარგად ახსოვს და იცის, რომ რესპუბლიკური პარტია მუდამ იზიარებს ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს.
ასევე, ზოგიერთებს, ვისაც მიამიტურად ჰგონია, რომ კამალა ჰარისი, თუ ის პრეზიდენტი იქნება, გააგრძელებს აშშ-ის დღევანდელ პროუკრაინულ კურსს და კიევს უფრო მეტად დაეხმარება, მათაც ვურჩევდი ყურადღებით წაიკითხონ ჯეიკ სალივანის განცხადება და გააცნობიერონ, თუ რა დროს რაში გამოიხატება აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები.

პირველი, ვინც შეიძლება დემოკრატების ანკესს (ომის გაგრძელების შესახებ) წამოეგოს, ალბათ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება. მან უნდა გაითვალისწინოს, რომ აშშ-ის განცხადებები უფრო მეტად წინასაარჩევნო ინვესტიციებად ითვლება, ვიდრე რეალურ დაპირებად. ახლა, როცა რუსეთს უპირატესობა აქვს და ბრძოლის ველზე იმარჯვებს, როცა კრემლი სულ უფრო მეტი ტანკებით, ქვემეხებით და რაკეტებით ამარაგებს თავის არმიას, ამერიკის დახმარება ადეკვატური ვერ იქნება. როგორც უკრაინის ჯარების მთავარსარდალი, გენერალი ალექსანდრე სირსკი ამბობს გულახდილად ბრიტანული გაზეთის „გარდიანისადმი“ მიცემულ ინტერვიუში, რუსეთი ერთი მეორის მიყოლებით ანადგურებს ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს „პეტრიოტებს“ (Patriot). იგივე ბედი ელოდებათ ავიაგამანადგურებლებსაც – F-16 Falvon-ებს („შევარდნებს“).
ვლადიმერ პუტინმა შანხაის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტზე, ივლისში, განაცხადა, რომ 2022 წლის მარტის სტამბოლის მოლაპარაკება „კვლავ მაგიდაზე რჩება“: გავიხსენოთ, რომ თავის დროზე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველ თვეებში (მარტ-აპრილში) ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო შეთანხმების დებულებები და საგარეო საქმეთა მინისტრს ნება მისცა მასზე ხელი მოეწერა, მაგრამ შემდეგ უარი განაცხადა – იმიტომ, რომ ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა წააქეზეს [და დააიმედეს, „ხელი არ მოაწერო, ჩვენ დაგეხმარებითო“]. ვაშინგტონი და ლონდონი უკრაინას იმისთვის იყენებენ, რომ „გზა გაკვალონ პეკინისაკენ, მოსკოვის გავლით“. 2022 წლის აპრილის შეთანხმების პროექტი ითვალისწინებდა კონფერენციის ჩატარებასაც, რომლის დროსაც ყირიმისა და დონბასის სტატუსიც უნდა განხილულიყო.

ალბათ, სწორედ მსგავსი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მოიძებნოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინას ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს. ამჟამად ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კიევი ნატოსთან „სიყვარულობანას თამაშს“ შეწყვეტს და აშშ-ის ხელში იარაღის როლს არ შეასრულებს.

მოკლედ, ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს 2022 წლის აპრილში, სტამბოლში, მოლაპარაკების მაგიდა რომ არ დაეტოვებინათ, ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი არ დაიღუპებოდა და ქვეყანა ნგრევას გადარჩებოდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: