1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბლეფი თუ სისუსტის გამოვლენა? ზელენსკიმ რუსეთისაკენ უცნაური ნაბიჯი გადადგა”-Le Parisien
“ბლეფი თუ სისუსტის გამოვლენა? ზელენსკიმ რუსეთისაკენ უცნაური ნაბიჯი გადადგა”-Le Parisien

“ბლეფი თუ სისუსტის გამოვლენა? ზელენსკიმ რუსეთისაკენ უცნაური ნაბიჯი გადადგა”-Le Parisien

454
0

ფრანგული გაზეთი „ლე პაღიზიენი“ (Le Parisien) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბლეფი თუ სისუსტის გამოვლენა? ზელენსკიმ რუსეთისაკენ უცნაური ნაბიჯი გადადგა“ (ავტორი – რობინ კორდა), რომელშიც განხილულია უკრაინის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„კიევის განცხადება მომავალ სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევის შესახებ საკმაოდ ეშმაკურ ფანდს წარმოადგენს“, – ასეთია სტატიის დედააზრი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

რუსეთთან მოლაპარაკებაზე უკრაინის მიერ დადებული ტაბუ თვალდათვალ ქრება. ორშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა გააკვირვა, როცა განაცხადა – დიდი სურვილი მაქვს, მომდევნო „სამშვიდობო სამიტზე“ რუსეთის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობაო. პირველი სამიტი, როგორც ვიცით, შვეიცარიაში ჩატარდა, მეორე სამიტის დრო ადგილი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის. ბოლო დრომდე უკრაინის პრეზიდენტი უარყოფდა მოსკოვთან ყოველგვარი დიალოგის შესაძლებლობას მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

„რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს – ისეთი დრო მოდის, რომ მას პოზიციის შეცვლა მოუწევს. სიტუაცია მისთვის უკიდურესად არახელსაყრელად ვითარდება“, – ვარაუდობს ფილიპ მიგო, სტრატეგიული ანალიზის ევროპული ცენტრის დირექტორი.

მართლაცდა, რუსეთის არმია, რომელიც ორწლინახევრის წინათ უკრაინაში შეიჭრა, წინა პერიოდის გარკვეული წარუმატებლობის შემდეგ, ნელ-ნელა წინ მიიწევს და ყოველდღიურად ახალ-ახალ მიჯნებს იკავებს – მცირე, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს. „ერთი მხრივ, რუსეთი თავისი 146-მილიონიანი მოსახლეობით და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსით, რომლის ქარხნები სადღეღამისო რეჟიმით მუშაობენ, მეორე მხრივ კი დასუსტებული უკრაინა დანგრეული ეკონომიკით და გატანჯული მცხოვრებლებით, სადაც დასავლეთის დახმარება ფრონტის ხაზზე მთლიანად არ მიდის. სიტუაცია კიევისათვის, რასაკვირველია, ძალიან მძიმეა“, – ამბობს ფილიპ ფიცო.

უკრაინაში პოლიტიკური ქარის ცვლილების მიზეზი

კიევში პოლიტიკური ქარის მიმართულება შესამჩნევად იცვლება, რაც განპირობებულია საერთაშორისო კონფიგურაციის ცვლილებით, მსოფლიოს მასშტაბის მქონე მოვლენებით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკის შეეძლო თავისი თვალით დაენახა ის სიძნელეები, რომელთა გადალახვას მისი მეგობარ-მოკავშირე ჯო ბაიდენი დიდი გაჭირვებით ცდილობს.  გასულ კვირას, ვაშინგტონში გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე 81 წლის დემოკრატმა პრეზიდენტმა შეაქო უკრაინის ლიდერის „სიმამაცე“, მისი „გამბედაობა“ და უეცრად თავისი უკრაინელ კოლეგას „პრეზიდენტი პუტინი“ უწოდა. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ წაიფორხილა თეთრი სახლისაკენ რბოლაში.

ორშაბათს ჯო ბაიდენის მეტოქე დონალდ ტრამპმ, რომელმაც თავდასხმა განიცადა და რომლის შედეგად არჩევნებში მისი გამარჯვების შანსები ბევრად გაიზარდა, განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორის ჯეიმს დევიდ ვენსის კანდიდატურა შეარჩია. ეს კიდევ ერთი საგანაგაშო სიგნალია უკრაინისათვის. „მე ნაკლებად მაღელვებს ის ამბები, რაც უკრაინაში ხდება“, – ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აცხადებდა სენატორი 2022 წელს. თვით დონალდ ტრამპს კი არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, იგი რუსეთ-უკრაინის ომს სწრაფად დაამთავრებს, თუმცა არასოდეს დეტალები არ განუმარტავს.

ზეწოლა უკრაინაზე და კიევის „კეთილი ნების ჟესტი“

დავბრუნდეთ ევროპის კონტინენტზე, სადაც რუსოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს. უნგრელი ლიდერი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით კომპრომისების ძიებაშია. კიევი უკვე აშკარად გრძნობს, რომ მსოფლიოში ძლიერდება ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების სურვილი, ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკის, სავარაუდოდ, თავის პარტნიორებისადმი კეთილი ნების გამოხატვა სურს. როგორც ჩანს, მან გააცნობიერა შეცდომა, რომელიც შვეიცარიაში იქნა დაშვებული, როცა მისი ჯიუტობით რუსეთი სამიტზე მიწვეული არ იყო.  

„შვეიცარიაში ჩატარებული მშვიდობის პირველი სამიტი, პრაქტიკულად, უშედეგო აღმოჩნდა. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკი ამას ხვდება და თავის მოქმედებაში გარკვეულო კორექტივები შეაქვს“, – ასეთია კრემლის აზრი კიევის ნაბიჯების თაობაზე.

როგორც ევროპის პერსპექტიული კვლევებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (IPSE) დირექტორი ემანუელ დიუპუი თვლის, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მიწვევა, სავარაუდოდ, მხოლოდ სუფთა სადემონსტრაციო ხასიათს ატარებს: „ვოლოდიმირ ზელენსკი, დასავლელი პარტნიორების მოთხოვნისამებრ, თითქოსდა პოზიციას იცვლის, თითქოსდა თანახმაა მოსკოვთან კონტაქტებზე, მაგრამ თავის პირობებზეც (რუსეთის ჯარების გაყვანაზე)  ოფიციალურად უარს არ აცხადებს“, – ამბობს ექსპერტი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი იტოვებს შესაძლებლობას კრემლს პრეტენზიები პირისპირ წაუყენოს. თუ რუსეთი უარს იტყვის მის შესრულებაზე, კონტრპროდუქტიულად ჩაითვლება მოსკოვის და არა კიევის პოზიცია.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: