1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რატომ სურთ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ იცავენ მათ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს?
რატომ სურთ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ იცავენ მათ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს?

რატომ სურთ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ იცავენ მათ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს?

269
0

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ სურთ უკრაინელებს რუსეთთან მოლაპარაკება და რატომ იცავენ მათ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს?“ (ავტორი – ლილია რჟეუტსკაია).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინაში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ რუსეთთან სამშვიდობო დიალოგის დაწყებაზე. თუ ადრე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კატეგორიულად უარყოფდა რაიმე მოლაპარაკების შესაძლებლობას რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან (ვლადიმერ პუტინთან), ახლა სიტუაცია იცვლება. ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე თვლის, რომ „მშვიდობის მეორე სამიტზე“, ნოემბერში, რუსეთი აუცილებლად იქნება მიწვეული.

„დადგა მოლაპარაკების დაწყების დრო…“

როგორც ივნისის ბოლოს კიევის „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს (გაზეთ „ზერკალო ნედელის“ დაკვეთით), უკრაინელთა 44% – ძირითადად ზურგის რეგიონებში – თვლის, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ოფიციალური მოლაპარაკების დაწყების დრო უკვე დადგა. 35% თვლის, რომ ამის საფუძველი ჯერ არ არის, ხოლო 21% ჯერ-ჯერობით სიტუაციაში ვერ გარკვეულა.

იმავდროულად, უკრაინელები, გამოკითხვის თანახმად, კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან, რომ ომი რუსეთის მიერ წამოყენებული იმ პირობებით დასრულდეს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ გააჟღერა. უკრაინის იმ რეგიონების მოსახლეობის 83%, რომელსაც კიევი აკონტროლებს, მხარს არ უჭერს კრემლის წინადადებას უკრაინის ჯარების გაყვანის თაობაზე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან, ხოლო 84% წინააღმდეგია ეს ოლქები რუსეთს გადაეცეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 77% მხარს არ უჭერს, რომ რუსეთს დასავლური სანქციების მოეხსნას. რაც შეეხება უკრაინის ბლოკებსგარეშე და არაბირთვულ სტატუსს, 58% თანახმაა, 22% – წინააღმდეგი.

სამარცხვინოა თუ არა ჯარში სამსახურისათვის თავის არიდება?

სოციოლოგების კითხვაზე, რა პირობებს თვლიან უკრაინის მოქალქეები მინიმალურად აუცილებელს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებისათვის, 51% თვლის, რომ ამისათვის აუცილებელია უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლება რუსეთის ჯარებისაგან და 1991 წლის საზღვრების აღდგენა. ამასთან, მართალია მოსახლეობის უმრავლესობას 1991 წლის საზღვრები სურს, მაგრამ იმავდროულად ყოველი მეორე უკრაინელი, ანუ 46% თვლის, რომ ომის დროს ჯარში სამსახურიდან თავის არიდება სამარცხვინო არ არის. მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ ეს სამარცხვინოა, 22% კი ყოყმანობს.

„მონაცემები მოწმობს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ფრუსტრაცია (დამთრგუნველი, სასოწარკვეთილი მდგომარეობა) სუფევს. მოსახლეობას არ აქვს ქვეყნის უკეთესი პერსპექტივის იმედი ომის პირობებში. სწორედ ასეთი პარადოქსული პასუხებით იძლევა მოსახლეობა აპათიის სიგნალებს. რატომ იზრდება სამშვიდობო მოლაპარაკების მსურველთა რაოდენობა? იმიტომ, რომ უკრაინელი ერის მობილიზაციისა და მისი დარაზმვის ამჟამინდელი შესაძლებლობები უკვე ამოიწურა. ჩვენ ვიყავით მოკლევადიანი ომის იმედად, მაგრამ იძულებულნი გავხდით და გადავედით ხანგრძლივ ომზე, ხელისუფლებას კი მოსახლეობისათვის არ შეუთავაზებია გეგმა, თუ როგორ უნდა იცხოვროს პერმანენტული დაუსრულებელი ომის პირობებში“, – ამბობს კიეველი პოლიტოლოგი ოლეგ სააკიანი. მისი აზრით, ყველა პრობლემამ, რომლის მოგვარება გადაებული იყო ომის შემდეგ (კორუფცია, „ნათლიმამობა“, სახელმწიფო ინსტიტუტების  არაეფექტურობა და ა.შ.), უკრაინელებისათვის ისევ წინა პლანზე წამოიწია: მოსახლეობა ხედავს, რომ ომის არ მთავრდება, პრობლემები კი გადაუჭრელი რჩება. „მობილიზაციით უკმაყოფილება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, ენერგეტიკული და ეკონომიკური პრობლემები, ადამიანის უფლებების დაცვა – ეს ყველაფერი ხალხისათვის ჰიპერაქტუალურ საკითხებად რჩებიან. დიახ, გამარჯვების რწმენა ისევ არის, მაგრამ ხალხი მთავრობის უმოქმედობასაც ამჩნევს“, – ამბობს ექსპერტი.

კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი იგორ რეიტეროვიჩი აღნიშანავს, რომ ბოლო დროს უკრაინის პრეზიდენტიპრაქტიკულად აღარ ახსენებს ქვეყნის 1991 წლის საზღვრებს და მათ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებელ პირობად აღარ მიიჩნევს. ეს ფაქტი უკრაინის საზოგადოების დეზორიენტაციას იწვევს. „ასეთმა მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, როცა ერთი მხრივ, ყველას ყველაფრის დაბრუნება სურს, მეორე მხრივ კი, მობილიზაციისაგან თავის არიდება თურმე პრობლემად არ ჩაითვლება. პასუხები ამბივალენტურია. ამიტომაც მუშაობა და ისეთი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რომელიც უკრაინულ საზოგადოების გააერთიანებს“, – ხაზს უსვამს იგორ რეიტეროვიჩი „დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს..

ცხოვრება ომის პირობებში

პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას დიალოგი უნდა გამართოს და ხანგრძლივი ომის პირობებში ცხოვრების ხედვები უნდა შესთავაზოს.

ამასთან, სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ როცა ადამიანები ტოტალური გაურკვევლობის (ანუ ინფორმაციის ნაკლებობის ან დეზინფორმაციის) პირობებში ცხოვრობენ, ამგვარი პარადოქსული და ამბივალენტური (საპირისპირო) პასუხები, პრინციპში მოსალოდნელი და ნორმალურია. „საზოგადოებრივი განწყობის მონიტორინგი მუდმივად უნდა ხდებოდეს, ხელისუფლება დინამიკას უნდა სწავლობდეს, რომ გამოწვევებისათვის მოემზადოს“, – ამბობს მიხეილ მიშენკო, სოციოლოგიური სამსახურის „რაზუმკოვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

„დოიჩე ველეს“ მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ ასეთი სოციოლოგიური კვლევები აუცილებელია, რათა უკრაინის ხელისუფლებამ მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოვლენების განვითარების სავარაუდო ვარიანტები. კიევს მეორე სამშვიდობო სამიტისათვის მყარი არგუმენტები უნდა ჰქონდეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად.

წყარო