1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გარიყულთა შეხვედრა”-BBC
“გარიყულთა შეხვედრა”-BBC

“გარიყულთა შეხვედრა”-BBC

120
0

“ვლადიმერ პუტინის ვიზიტით კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოიხატა რუსეთის ის უპრეცედენტო დაახლოება აზიურ დიქტატურასთან, რომლის გარიყულობის სტატუსი რამდენიმე წლის წინათ თვით კრემლმაც დაადასტურა, როცა კომუნისტურ კორეას სანქციები გამოუცხადა“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „გარიყულთა შეხვედრა“: რით დასრულდა ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში და რას ფიქრობს ამის შესახებ ჩინეთი“, რომელშიც გაანალიზებულია რუსი პრეზიდენტის რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შედეგები თავის ჩრდილოკორეელ კოლეგასთან.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

ფხენიანში ვლადიმერ პუტინს და უზენაეს ლიდერს კიმ ჩენ ინს „გრძნობიერი შეხვედრა ჰქონდათ, მათ ერთმანეთს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს, შემდეგ კი ორივე დასაძინებლად გაემართა. ამხანაგი კიმ ჩენ ინი, როცა ამხანაგ ვლადიმერ პუტინს საძინებელში მიაცილებდა, მასთან გულისხმიერად საუბრობდა“, – მოწიწებით წერს ჩრდილოკორეული ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო KCNA.
მაგრამ კიდევ რაზე ლაპარაკობდნენ ისინი სინამდვილეში და რას ფიქრობს კრემლის ბინადრის ვიზიტზე ჩინეთი, რომელიც ორივე ქვეყნისათვის უფრო მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება, ვიდრე ისინი ერთმანეთისათვის?
პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრ დამკვირვებელს ვლადიმერ პუტინის ვიზიტმა საბჭოთა ტელევიზიის ქრონიკა გაახსენა: ორივე ლიდერის გიგანტური პორტრეტები შენობების ფასადებზე, სამხედრო აღლუმი და დროშების ფრიალი, ბავშვების გაღიმებული სახეები და მშრომელთა დიდი სიხარული, აგრეთვე ანტიამერიკული შტამპები ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის გამოსვლებში.

(…)

მაგრამ, რიტორიკის და გარეგნული ზიზილ-პიპილების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საბჭოური ტრადიციის გაგრძელება კი არ არის, არამედ მისგან დაშორება, ტრადიციის წყვეტა.

კსდრ არასდროს არ ყოფილა საბჭოთა კავშირისათვის თანასწორი პარტნიორი, უფრო მეტიც – ორი ქვეყანა ყოველთვის არ იყო ერთმანეთის მეგობარი. 1945 წელს საბჭოთა არმიამ და ამერიკის ჯარებმა კორეა იაპონელთა ოკუპაციისაგან გაათავისუფლეს და იოსებ სტალინმა კსდრ-ის ამჟამინდელი ლიდერის პაპა კიმ ირ სენი ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოქმნილი სოციალისტური რეჟიმის ლიდერად დანიშნა.

კიმების დინასტიის დამფუძნებელი თავისი მფარველისა და „მამა-მარჩენალის“ მიმართ ლოიალობას ინარჩუნებდა, მაგრამ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი ამხილა, ორ მეზობელს შორის ურთიერთობა გაუარესდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასეთად რჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი 2000 წელს ვიზიტით იყო ფხენიანში, თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში რუსეთის ლიდერი მაინცდამაინც არ ინტერესდებოდა ჩრდილოეთ კორეით და უფრო მეტად ყურადღებას აქცევდა ჩინეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობას, მათთან ვაჭრობის განვითარებას.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა: სამხრეთ კორეამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა და კიევისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება დაიწყო, რუსეთს კი ჭურვების შესყიდვა ფხენიანისაგან მოუწია.

(…)
ჯერ-ჯერობით ვიზიტის მთავარი შედეგია ხელშეკრულება, რომელშიც შეტანილია პუნქტი ურთიერთდახმარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარეს ვინმე თავს დაესხმება. „ხელშეკრულება ყოვლისმომცველია და ითვალისწინებს დახმარებას ხელმომწერი მხარისადმი აგრესიის დროს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მაგრამ რადგანაც დოკუმენტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა, კომენტატორები ახლა მკითხაობენ, თუ რა არის გათვალისწინებული კონკრეტულად. ბევრი იხსენებს სსრ კავშირისა და კსდრ-ის თანამშრომლობის იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი ნიკიტა ხრუშჩოვმა მოაწერა 1961 წელს და რომელიც გულისხმობს „სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გაწევას“ რომელიმე ხელმომწერ მხარეზე თავდასხმის დროს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ითვალისწინებს თუ არა ნამდვილად ახალი ხელშეკრულება ამგვარ ურთიერთგარანტიებს.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინასთან ომში, რაც საფუძველს იძლევა, რომ მასში იურიდიულად არის გაფორმებული უკვე მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა, კერძოდ, ჩრდილოკორეული საბრძოლო მასალების მიწოდება რუსეთის არმიისათვის.
სხვათა შორის, რუსი სტუმარი კორეელ მასპინძელს სანქციების გადახედვას დაჰპირდა გაეროს ჩარჩოებში. მას, ალბათ, დაავიწყდა, რომ რუსეთი იგივე სანქციების მონაწილე ქვეყანას წარმოადგენს. მოსკოვი გაეროს სანქციებს 2010 წელს მიუერთდა – აკრძალვები ეხებოდა ჩრდ. კორეისათვის სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას და იარაღით ვაჭრობის ემბარგოს. 2017 წელს კი ვლადიმერ პუტინმა პირადად გააფართოვა აკრძალვის რეჟიმი და ხელი მოაწერა სანქციებს სამეცნიერო, სავაჭრო და საფინანსო სფეროებში.
(…)
როგორც „ბიბისის“ კორეპონდენტი ჩინეთში ლორა ბიკერი აღნიშნავს, ოფიციალური პეკინი ფრთხილად და ეჭვით ეკიდება მოსკოვისა და ფხენიანის ერთმანეთთან დაახლოებას და ნამდვილად არ სურს პეკინ-მოსკოვ-ფხენიანის სავარაუდო ღერძის მონაწილე იყოს.

„ბიბისის“ ჟურნალისტი იხსენებს, რომ ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ამასწინანდელი – 17 მაისის – ვიზიტის დროს სი ძინპინი წინააღმდეგი იყო, რომ რუსი ლიდერი პეკინიდან პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებულიყო და მას ურჩია, რომ ფხენიანში ვიზიტი სხვა დროისთვის გადაედო.

ლორა ბიკერი აღნიშნავს, რომ რუსეთსაც და ჩრდილოეთ კორეასაც ჩინეთი უფრო ძალიან სჭირდებათ, ვიდრე მოსკოვს და ფხენიანს ერთმანეთი. ანუ მათთვის პეკინი უფრო ძვირფასია. მაგრამ თავის მხრივ, ჩინეთის კომპარტიის სათავეში მდგომებს არ სურთ მსოფლიოში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ პეკინი მათ დაახლოებას ხელს უწყობს.

კიმ ჩენ ინის „მეომრულ და საბრძოლო სულისკვეთებას“ – კორეელი კომუნისტები 2017 წლიდან რეგულარულად აწყობენ ბირთვული რაკეტების ტესტ-გამოცდებს და აშშ-სა და მის რეგიონულ მოკავშირეებს ემუქრებიან – საქმე მიჰყავს აზია – წყნარი ოკეანის ამ ნაწილში აშშ-ის გააქტიურებისა და ვაშინგტონის გავლენის გაფართოებამდე, რაც უკიდურესად არასასურველია ჩინეთისათვის.

ამ კვირაში, როგორც გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში, სერიოზული დონის მოლაპარაკება გამართეს, რომლის დროსაც უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ნაციონალისტური რიტორიკის მიუხედავად, პეკინი მზად არ არის „გარიყულთა კლუბის“ წევრი გახდეს, რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად

მოამზადა სიმონ კილაძემ 
.
წყარო: