“ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია”- კახა კალაძე
შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია, – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს.
მერის თქმით, ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა.
„ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის ხოლმე გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც ძალიან საწყენია და ძალიან ცუდია. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ეს შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა და დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
როდესაც ხარ ჟურნალისტი და აყენებ შეურაცხყოფას რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსია, შენ მოგწონს, არ მოგწონს, არ არის მისაღები და სწორი. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა.
იქნება ეს პატივისცემა? მერწმუნეთ, დამიჯერეთ, იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემაც, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, შეიძლება, ვინმე არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, შეურაცხყოფა მიაყენო?“, – განაცხადა კახა კალაძემ.