1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ბიურგენშტოკი: დასავლური ფაცაფუცი”-Le Temps
“ბიურგენშტოკი: დასავლური ფაცაფუცი”-Le Temps

“ბიურგენშტოკი: დასავლური ფაცაფუცი”-Le Temps

192
0

„რამდენიმე დღის შემდეგ, 15 ივნისს, შვეიცარიის ნიდვალდენის კანტონში, ლუცერნის ტბის ნაპირზე, კურორტ ბიურგენშტოკში მდებარე კონფერენც-დარბაზში მაღალი დონის შეხვედრა – სამშვიდობო სამიტი (კონფერენცია) გაიხსნება.

ჯერ-ჯერობით სამიტში მონაწილე დელეგაციების ზუსტი სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ზუსტად არის ცნობილი, რომ რუსეთი მათ შორის ნამდვილად არ იქნება. ვინ როგორ უყურებს სამიტის მნიშვნელობას, ეს, ალბათ, უშუალოდ კონფერენციის მსვლელობის დროსაც გამომჟღავნდება, თუმცა, ჩვენთან, შვეიცარიაში შეგვიძლია „ჭიქა ნახევრად ცარიელად ან ნახევრად სავსედ“ ჩავთვალოთ“, – ასე იწყება შვეიცარიის ცნობილ ფრანგულენოვან გაზეთ „ლე ტემპსში“ (Le Temps) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ბიურგენშტოკი: დასავლური ფაცაფუცი“ (ავტორი – მარი-ელენ მიუტონი), რომელშიც სამიტის წინ შექმნილი სიტუაციაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

იმის ნაცვლად, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის წინაშე მხარდაჭერა გაეთამაშებინა და მის ნებას დათანხმებულიყო, უმჯობესი იქნებოდა, შვეიცარიას, როგორც ნეიტრალურ ქვეყანას, მეტი პრინციპულობა გამოეჩინა – ომის ორივე მხარის შეხვედრის ორგანიზება მოეხდინა და რუსეთის პოზიცია მეტ-ნაკლებად გაეთვალისწინებინა. ასეთ შემთხვევაში სამიტი, ალბათ, რაღაც გარკვეულ ნაყოფს გამოიღებდა. ის კი, რაც კიევმა და მისმა მოკავშირეებმა ჩაიფიქრეს, უფრო მეტად ერთმანეთს შორის დაწყებულ „დასავლურ ფაცაფუცს“ ჰგავს, რაც ჩასაფუშავადაა განწირული.

სამიტი, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ყველასათვის ღიაა“, მაგრამ ზელენსკისეული „ღიაობა“ რუსეთისა და „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისათვის „დახურულობას“ ნიშნავს. გამგები გაიგებს: ზავის დასადებად და მშვიდობის მისაღწევად, ვინმეს უნდა თუ არ უნდა, აწყობს თუ არ აწყობს, ორივე მეომარი მხარის ყოფნა აუცილებელია.

კიევის გეგმა, რომელიც შვეიცარიაში უნდა იქნას განხილული, კაპიტულაციის აქტად გამოიყურება, რომელმაც თითქოსდა ომი უკვე წააგო, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. უფრო მეტიც – წაგებულ მხარედ სწორედ უკრაინა მოჩანს, რომელიც ძალაგამოცლილია და სხვის იმედზეა დარჩენილი. სწორედ უკრაინისთვისაა აუცილებელი ომის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტა. სამიტმა ყურადღება უმთავრესად ამ გარემოებას უნდა მიაქციოს.

არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ მთელ ამ კონფერენციასთან დაკავშირებული ისტორია შვეიცარიას ფიასკოდ შემოუბრუნდება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის ნებას დაჰყვებოდა და საკუთარ ტრადიციულ პოლიტიკას ივიწყებდა. ბერნის ფედერალური მთავრობა ფიქრობს, რომ სამიტით ნეიტრალურობის იმიჯს აღიდგენს, სინამდვილეში კი ცალმხრივობით კიდევ უფრო ილაქავებს.

ალბათ, უფრო მეტ რეალურ ნაყოფს გამოიღებდა შვეიცარიის ისეთი მოქმედება, რომელიც გამოხატული იქნებოდა წინასწარი შეხვედრის მოწყობაში – როგორც დასავლეთის, ასევე „გლობალური სამხრეთის“ და BRICS-ის სახელმწიფოებთან, ხმამაღალი განცხადებების გარეშე. შვეიცარიას უნდა შეედგინა სია მხარეთა იმ პოზიციებისა, რომლებიც ერთმანეთს უთავსდებიან (ეთანხმებიან) და რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. როცა ეს გაირკვეოდა, შეიძლებოდა მუშაობის დაწყება საპირისპირო პოზიციების დასაახლოებლად, კომპრომისის პრინციპით. მხოლოდ ამ მიდგომით შეიძლება რეალისტური სამშვიდობო პროექტის შემუშავება, რომელიც ორივე მხარისათვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა. ახლა კი რა გამოდის? – დასავლეთი ფართიფურთობს, ერთმანეთში ლაპარაკობენ, მაგრამ, დიდი ალბათობით, უშედეგოდ“.

წყარო: