თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან – პრემიერი
მე მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, სჭირდება გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ბუნებრივია ამისთვის, მთავარია რომ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან ამერიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თუ ამ მიმართულებით ოფიციალური ვაშინგტონი რამის შემცირებას აპირებს, ეს თანაბრად დააზიანებს საქართველოსა და ამერიკის ინტერესებს.
„როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის, რა თქმა უნდა, კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.
მე მახსოვს ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, 2018-2019 წელი, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივას და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინც და მაინც დიდი დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული დახმარება არსებითად ხორციელდებოდა NGO-ების მეშვებით. აქედან თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, როდესაც საქმე ეხება NGO-ების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას.
თავდაცვას რაც შეეხება, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც გაღრმავებაც. აქ მკაფიოდ ვიტყვი ერთ რამეს – თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად, ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.
კობახიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი საკუთარ წვლილს შეიტანს აღნიშნული გაჯანსაღების პროცესში.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ. განსხვავებით წინა ელჩისა და წინა ელჩებისგან, მოქმედი ელჩი მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად და მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პირადაც ის საკუთარ წვლილს შეიტანს ქართულ -ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ამისთვის, მთავარია ვიხილოთ შესაბამისი ჯანსაღი შემხვედრი ნაბიჯები“, – განაცხადა კობახიძემ.