1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის ომით გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა საქართველოში და მოლდოვაში შიდა დაპირისპირებას ამწვავებს – უცხოური პრესა
უკრაინის ომით გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა საქართველოში და მოლდოვაში შიდა დაპირისპირებას ამწვავებს – უცხოური პრესა

უკრაინის ომით გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა საქართველოში და მოლდოვაში შიდა დაპირისპირებას ამწვავებს – უცხოური პრესა

279
0

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 4 ივნისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის „ბაგირის გადაწევა“ ხდება: უკრაინის ომით გამწვავებული გეოპოლიტიკური მეტოქეობა საქართველოში და მოლდოვაში შიდა დაპირისპირებას ამწვავებს“ (ავტორი – ენდრიუ ჰიგინსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეები, ევროკავშირის დროშების ფრიალით, ერთად დადგნენ იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ქვეყნის პრორუს ლიდერებად თვლიან. მოლდოვაში კი პირიქით ხდება – მთავრობა ისწრაფვის ევროპულ ბლოკში გაერთიანებისაკენ, რითაც თავის მოქალაქეებს უფრო მეტად უბიძგებს მოსკოვთან ახლო ურთიერთობისაკენ. სომხეთმაც მზერა ევროპას მიაპყრო: ერევანი, კრემლის ტრადიციული მოკავშირე, შეშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი მის მტერს, აზერბაიჯანს ელოლიავება.
ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე შექმნილი დაძაბული სიტუაცია, რომელიც ნაწილობრივ უკრაინის კონფლიქტით არის გამოწვეული, თანდათან მწვავდება: ერთმანეთის პირისპირ დგებიან ისინი, ვინც ევროპაზე არიან ორიენტირებულები და ვისაც რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა სურს.

რასაკვირველია, ბევრი დღეს არსებული დაძაბულობა ჯერ კიდევ ომამდე გაჩნდა, მათ ფესვები ხელისუფლებისათვის ბრძოლაში აქვთ გადგმული, დაკავშირებულია ფინანსების გადანაწილებასთან და სხვა საკითხებთან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათი გამწვავება გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ განაპირობა – როცა რუსეთიც და დასავლეთიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას მიანიშნებს (ან აშკარად სთხოვს).

ჟერარდ თოული, რომელიც რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მკვლევარია და ავტორი წიგნისა „ახლო საზღვარგარეთი“, ამბობს, რომ თითქმის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონტექსტი განისაზღვრება რუსეთისა და დასავლეთის კონკურენციით, რომელიც უკრაინის ომმა გააძლიერა.

მოსკოვს არ სურს გავლენის დაკარგვა, ამიტომაც პირდაპირი გაფრთხილებით გამოვიდა ისეთი ქვეყნების მისამართით, როგორებსაც საქართველო და მოლდოვა წარმოადგენენ: გახსოვდეთ, რა მოხდა უკრაინაში. კრემლი არცერთს – არც თბილისს და არც კიშინიოვს – არ დამუქრებია შეჭრით, მაგრამ იმავდროულად მიუთითა, თუ რა სისხლისღვრა და უწესრიგობები მოხდა კიევში, როცა უკრაინამ დასავლეთისაკენ გადაუხვია: აჯანყება და ქვეყნის ხელისუფლების დამხობა.

რუსეთს ასევე იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე ამასწინანდელი მიღწეული წარმატება მას იმ პრესტიჟის აღდგენაში დაეხმარება, რომელიც კრემლმა უკრაინაში შეჭრითა და წარუმატებელი მოქმედებით დაკარგა პოსტსაბჭოთა ქვეყნების თვალში.
„რუსეთის საინფორმაციო კამპანიის მთავარი იდეა იმაში გამოიხატება, რომ თუ რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდება, მას წინ ომი ელოდება, რომელშიც მხოლოდ რუსეთი იქნება გამარჯვებული“, – ამბობს ნიკუ პოპესკუ, მოლდოვას საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, – „ახლა ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული“.

„იმ პირობებში, როცა ომის შედეგები ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, რუსეთი დასავლეთის დისკომფორტული მდგომარეობით ტკბება“, – ამბობს თომას დე ვაალი, ყოფილი საბჭოთა სივრცის ექსპერტი და აშშ-ის კარნეგის ფონდის კვლევითი ჯგუფის „კარნეგი-ევროპის“ თანამშრომელი.
რუსეთს ბევრი შესაძლებლობა აქვს თავისი დაკარგული პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენა აღიდგინოს, მაგრამ ზოგიერთი დანაკარგი შეუქცევადია და მათი აღდგენა არ მოხერხდება.

უკრაინასთან ომში ჩაბმული რუსეთი, ბუნებრივია, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ძლიერ და ენერგორესურსებით მდიდარ აზერბაიჯანს, ვიდრე სომხეთს. გასულ წელს მოსკოვმა ერევანს „ძალიან აწყენინა“ – როცა აზერბაიჯანის არმიამ სადაო ანკლავი მთიანი ყარაბაღი დაიკავა, მოსკოვმა თავის მშვიდობისმყოფელებს უბრძანა გვერდზე გამდგარიყვნენ და ხელი არ შეეშალათ აზერბაიჯანელებისათვის. მოგვიანებით სომხეთმა განაცხადა, რომ განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და აპირებს, რომ გავიდეს მოსკოვის ხელმძღვანელობით დადებული უსაფრთხოების პაქტიდან („ოდკბ“-დან).

მოლდოვამ ევროკავშირის წევრად მიღებისათვის თავისი ძალისხმევა მას შემდეგ გაააქტიურა, როცა რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა. მოგვიანებით ევროკავშირმა მას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიშინიოვს ეწვია, რათა უკრაინის მეზობლებისათვის აშშ-ის მხარდაჭერა დაეფიქსირებინა.

მაგრამ საქართველოში, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაესხა და რომელმაც ტერიტორიის 20% დაკარგა (აფხაზი და ოსი სეპარატისტებისადმი მოსკოვური მხარდაჭერის გამო) და რომლის მოსახლეობას ღრმა ანტირუსული განწყობები აქვს, ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრ ადამიანს ძველებურად სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.

„ეს ხდება არა იმიტომ, რომ მათ რუსეთი მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ ისინი რუსეთის მიმარტ შისს განიცდიან“, – ამბობს კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რერურს-ცენტრის დირექტორი, თბილისიდან.

თომას დე ვაალის თქმით, საქართველოს სურდა უკრაინის კონფლიქტიდან გვერდზე დარჩენილიყო, მაგრამ ომის გაღრმავების კვალობაზე, როცა სასწორის პინა რუსეთისაკენ იხრება, თბილისიც სულ უფრო იწევს მოსკოვისაკენ, თუმცა ცდილობს „მიუმხრობელი“ დარჩეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობა, ერთი მხრივ, ოფიციალურად აცხადებს, რომ ევროკავშირისაკენ ისწრაფვის და რომ მის სწრაფვას ხალხიც ეთანხმება, თუმცა მეორე მხრივ, თბილისი სათავისოდ იყენებს მოსახლეობის შიშს – ვაითუ რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღოსო და უარს ამბობს ევროპულ ანტირუსულ სანქციებისადმი მიერთებაზე.

„მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არასოდეს ღიად არ განაცხადებს, რომ ის რუსეთის მხარეზეა უკრაინასთან ომში – იმიტომ, რომ ეს მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა“, კრემლისადმი ქართველი ხალხისა მტრული განწყობის გათვალისწინებით. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ კრემლისათვის საამებელი სხვა ნაბიჯი გადადგა – მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც ქუჩის აქციები გამოიწვია „რუსული სტილით“.

1990-იანი წლებიდან მოსკოვის მიზანს ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე თავისი გავლენის შენარჩუნება წარმოადგენდა, მაგრამ გასულ წელს, როცა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განახლებულ „რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციას“, ამ მიზანს ახალი აქცენტი შეეტყო. დოკუმენტის თანახმად, კრემლი ვალდებულია თავიდან აიცილოს „ფერადი რევოლუციები“ (ასე უწოდებს მოსკოვი სახალხო აჯანყებებს) და უცხოეთის სახელმწიფოების სხვა ჩარევის მცდელობები რუსეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების საშინაო საქმეებში, აგრეთვე „გაანეიტრალოს მათი არამეგობრული მოქმედება და წინააღმდეგობა გაუწიოს“.

შეაფასა რა საქართველოში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქციები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას დასავლეთის გასაგონად განაცხადა, რომ თბილისური დემონსტრაციები ზუსტად იგივეა, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ განახორციელა უკრაინაში 2014 წელს. „და შეხედეთ, როგორ ვითარდება სიტუაცია მოლდოვაში“, – ხაზი გაუსვა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა ოქტომბრის რეფერენდუმის მოახლოების კვალობაზე – ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მოლდოვაში ამჟამად საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი – ერთ ნაწილს ევროპასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია სურს, მეორე ნაწილი კი კრემლისაკენ იყურება.

„რუსეთის საერთო პოზიცია იმით გამოიხატება, რომ კრემლის აზრით, არსებობს დასავლეთის გეოპოლიტიკური შეთქმულება, დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით“, – ამბობს ჟერარდ თოული.

დასავლეთსაც აქვს თავისი მიზნები, რომლებიც უკრაინას და მოლდოვას უკავშირდება და რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლდოვაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრისას გააჟღერა: „მოლდოველები აცნობიერებენ, რომ ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდება, მნიშვნელობა აქვს არამარტო უკრაინელებისათვის, არამედ მოლდოველებისთვისაც… თუ რუსეთი დაუსჯელი დარჩება, ის უკრაინაში არ გაჩერდება“.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში საბაჟოს თანამშრომლებმა მილიონ დოლარზე მეტი აღმოაჩინეს რამდენიმე პოლიტიკოსის ტვირთში, რომლებიც მოსკოვიდან ბრუნდებოდნენ.

ნიკუ პოპესკუ, რომელიც იანვარში გადადგა მოლდოვას საგარეო საქმეЕა მინისტრის პოსტიდან, ამჟამად კი ანალიტიკური ცენტრის – საერთაშორისო კვლევების ევროპული საბჭოს“ თანამშრომელია, აცხადებს, რომ ეს ფული გამიზნული იყო პოლიტიკური საქმიანობის უზრუნველსაყოფად, ოქტომბრის რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ერთდროული მოახლოების კვალობაზე: „პოლიტიკური საქმიანობის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთიდან ფული ტომრებით შემოიზიდოს“.

ყოფილი მინისტრის თქმით, ამჟამად მოლდოვაში რუსეთის პირდაპირი შეჭრის საფრთხემ, რომელიც ნამდვილად არსებობდა მოსკოვის უკრაინაზე თავდასხმის პირველ ეტაპზე, უკან დაიხია, თუმცა რუსეთის არმიის ამასწინანდელი წარმატებები „შეშფოთების მიზეზს ქმნის. ისინი ჩვენგან ჯერ კიდევ შორს არიან, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორც დასრულდება ომი“.

ომის ფაქტორი ისეთ მაორგანიზებელ პრინციპად იქცა, რომლის ირგვლივ ტრიალებენ უმნიშვნელო შიდაპოლიტიკური სადაო საკითხებიც კი. ომის გამო წვრილმანი საშინაო პრობლემები გეოპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზები ხდებიან, თანაც მაღალი ფსონებით.

„საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის განხილვა-მიღების გამო ორიოდე თვის წინ დაწყებული უწესრიგობები უფრო მეტად ხელისუფლებისათვის ადგილობრივი ბრძოლის გამოვლინებას წარმოადგენდა სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებს შორის“, – ამბობს ჟერარდ თოული, – მაგრამ უკრაინის ომმა თბილისის გამოსვლები ისეთ დაპირისპირებად გადააქცია, რომელსაც უკვე გეოპოლიტიკა განსაზღვრავს“.

მაგრამ იმას, რასაც პროტესტის მონაწილეები თავიანთი მთავრობის დასავლური ორიენტაციის რუსულით შეცვლის დამადასტურებელ მტკიცებულებად თვლიან (იგულისხმება სადაო კანონის მიღება), ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ვიწრო ინტერესების გამოხატვას წარმოადგენს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ჟამს და უკავშირდება ქართველ მილიარდერის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც შვეიცარიის ბანკმა კუთვნილი მილიარდობით თანხა გაუყინა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse ბანკთან რამდენიმე დავა მოიგო და ფულის ნაწილი დაიბრუნა, უკრაინის ომმა ახალი დაბრკოლება შექმნა – 2022 წელს მისი კუთვნილი 2,2 მილიარდი დოლარი გაიყინა, მისი „რუსული წარმომავლობის“ საბაბით.

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ თანხის გაყინვით ვაშინგტონი საქართველოზე ზეწოლას ახდენს და ცდილობს თბილისი დასავლეთის მხარეზე გადაიყვანოს, მოსკოვის წინააღმდეგ. „ასეა თუ ისე, ამ „ფინანსურმა დარტყმამ“ კიდევ უფრო განამტკიცა მისი ნება დაუპირისპირდეს თავის სავარაუდო საშინაო მტრებს ნებისმიერ ფასად“, – ამბობს თომას დე ვაალი, – „ოლიგარქი პარანოიკია და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო შეთქმულების ნაწილს წარმოადგენს“.

წყარო

 

მოამზადა – სიმონ კილაძემ