ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა
უკრაინას უფლება ექნება ნიდერლანდების მიერ გადაცემული ამერიკული გამანადგურებლები, F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე მიზნებზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდები არ დაუწესებს უკრაინას ისეთ შეზღუდვებს, როგორც ბელგიამ. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ კიევი გააფრთხილა, რომ F-16-ების რუსეთის საჰაერო სივრცეში გამოჩენა დაუშვებელია.
„ჩვენ იმავე პრინციპს ვიყენებთ, როგორც შეიარაღების ნებისმიერი სხვა მიწოდების შემთხვევაში: როგორც კი თვითმფრინავებს უკრაინას გადავცემთ, ისინი მათ თავად იყენებენ. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დაცვას და თავდაცვის უფლების დაცვას, როგორც ეს გაეროს წესებით არის განპირობებული. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შეიარაღება გამოიყენონ იმ სამხედრო მიზნების მისაღწევად, რომლებიც მათი თავდაცვისთვის არის აუცილებელი“, – აცხადებს ოლონგრენი.
ნიდერლანდებმა უკრაინას 24 გამანადგურებელი უნდა გადასცეს. კიევისთვის F-16-ების გადაცემის პირობა ასევე დადეს დანიამ, ნორვეგიამ და ბელგიამ. პირველ თვითმფრინავებს უკრაინა უკვე ივნისში ან ივლისში მიიღებს. სულ კი ქვეყანას 45 გამანადგურებელს გადასცემენ.