1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სადაო კანონპროექტის დამტკიცებას მიაღწია”-The New York Times
“საქართველოს მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სადაო კანონპროექტის დამტკიცებას მიაღწია”-The New York Times

“საქართველოს მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” სადაო კანონპროექტის დამტკიცებას მიაღწია”-The New York Times

70
0

აშშ-ის გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 29 მაისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით  “საქართველოს მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სადაო კანონპროექტის დამტკიცებას მიაღწია: “ქართული ოცნების მიერ კონტროლირებულმა პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო გადალახა” (ავტორი – ივან ნეჩეპურენკო, სპეცკორესპონდენტი თბილისში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს პარლამენტმა დასძლია პრეზიდენტის ვეტო და საბოლოოდ მიიღო სადაო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი გამოიწვია და საქართველოს პროდასავლურ სწრაფვას ემუქრება – რუსეთთან კავშირების სასარგებლოდ. (…)

კანონპროექტის მიღება, როგორც ჩანს, საქართველოსთვის ერთგვარი შემობრუნების მომენტად იქცა, რომელიც ოდესღაც ერთ-ერთი ყველაზე პროდასავლურ სახელმწიფოდ ითვლებოდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის. კანონპროექტმა უკვე შეარყია საქართველოს ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან და შეუძლია დაარღვიოს კავკასიის მყიფე გეოპოლიტიკა – არასტაბილური რეგიონისა, სადაც დიდი ხანია ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ერთმანეთშია გადახლართული რუსეთის, თურქეთის, ირანისა და დასავლეთის ინტერესები.

კანონპროექტის გამო საქართველოს დედაქალაქ თბილისში დღედაღამ მიმდინარეობს ხალხმრავალი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ხშირად უპირისპირდებიან პოლიციას. დაზარალდა ათობით მომიტინგე, რომლებიც პოლიციის მიერ იქნა ნაცემი. ბევრი დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების დასაშლელად.

ინფორმაციას, რომ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ადამიანების მხრიდან დამცინავი შეძახილები და კომენტარები მოჰყვა. „ამ ქვეყანას უკვე მომავალი აღარ აქვს“, – ამბობს 29 წლის გაგა არაბული, მსახიობი და მუსიკოსი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დგას პროტესტის ნიშნად, – „ჩვენ უკვე ეს მთავრობა უნდა შევცვალოთ“.

აქციის სხვა მონაწილეები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანონმდებლებს, კანონპროექტის მიღების გამო, სხვადასხვა ეპითეტებით ამკობდნენ – „რუსებო!“, „მონებო!“, „რუსეთის მონებო!“.

კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე დებატებმა გამოკვეთა ქართული საზოგადოების უკიდურესად პოლარიზებული ხასიათი. იმ დროს, როცა ბევრი ქართველი თვლის, რომ მთავრობა არჩევანს აკეთებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების სასარგებლოდ, სხვები ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან [მადესტაბილიზებელ] როლს ასრულებენ.

„ჩვენ თუ მთავრობას ასე გაგრძელების ნებას მივცემთ და თუ ხელისუფლებას ოქტომბერში არ შევცვლით, მაშინ ჩვენ მალე ბელარუსის და რუსეთის მსგავსი რეჟიმი გვექნება“, – ამბობს თინანო გველესიანი, 25 წლის სტუდენტი-მედიკოსი.

როგორც ცნობილია, ბელარუსში წარმოუდგენელია ხელისუფლების მიმართ უთანხმოების საჯაროდ გამოხატვა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მრავალწლიან დიქტატურის გამო.

თინანო გველესიანი, რომელსაც აირწინაღი აქვს კისერზე დაკიდებული, ამბობს: „რუსეთი დამოუკიდებელი საქართველოს ცაზე შავი ღრუბლის სახით მოჩანს“.

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის მიზნით გამართული კენჭისყრისა და კანონპროექტის მიღების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მომიტინგეებს მიმართა, რომ „ქართული ოცნების“ ის 84 დეპუტატი, რომლებმაც ხმა მისცა კანონპროექტს, „ქვეყნის მომავალს ვერ შეცვლიან და რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და კარგად მოემზადოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, მადლობა გადაუხადა პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს გადალახვისა და კანონპროექტის საბოლოო მიღებისათვის.
პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, თავიდან იქნება აცილებული „საზოგადოების რადიკალიზება და მუდმივი მცდელობები რევოლუციის მოხდენის მიზნით“.

ახალი კანონი იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს წარმოადგენს, რომელშიც შედის აგრეთვე „ლგბტ-ჯგუფების“ საქმიანობის შეზღუდვა, შესწორებები საგადასახადო კოდექსში (ოფშორული ზონებიდან ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების გაიოლების მიზნით) და საარჩევნო კანონმდებლობაში (ძლიერდება კონტროლი არჩევნების ხელმძღვანელი ორგანოს მიმართ).

მიუხედავად იმისა, რომ კანონს ოფიციალურად ჰქვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, საპროტესტო აქციების მონაწილეები დოკუმენტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ „ქართული საკანონმდებლო აქტი თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს რუსეთის მიერ 2012 წელ მიღებულ კანონს, რომელსაც კრემლის რეჟიმი თავისი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს.

კრიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ „კანონი დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირისაკენ“, რომლის ხელმძღვანელებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება მისი მიღების გამო.

თავის მხრივ, რუსეთს ლოიალური დამოკიდებულება აქვს ქართული კანონის მიმართ: გრიგორი კარასინმა – დიპლომატმა, რომელიც საქართველოს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტის ვეტოს გადალახვით, თავისი მტკიცე ხასიათი და მოწიფულობა აჩვენა“.

საქართველოს მთავრობა ერთი წლის წინათაც ცდილობდა იგივე კანონპროექტის მიღებას, მაგრამ იმ დროს, საპროტესტო აქციების გამო, უკან დაიხია, მაგრამ ახლა მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საქმე ბოლომდე მიეყვანა. მართალია, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ კანონპროექტის უკან რუსეთი დგას, კრიტიკოსები ამბობენ, რომ „საქართველოს მთავრობა სულ უფრო ლმობიერი და მეგობრული ხდება მოსკოვთან მიმართებით და ცდილობს გადაიღოს მმართველობის რუსული მეთოდები“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობა აცხადებს, რომ მას სურს საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ ქვეყანას, შექმნილი საერთაშორისო სიტუაციის გამო, სხვა გზა არ აქვს, თუ არა ნეიტრალური იყოს რუსეთის მიმართ, რათა ჩაბმული არ აღმოჩნდეს უკრაინაში მიმდინარე ომში. მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ კანონი აუცილებელია საქართველოს სუვერენიტეტის განსამტკიცებლად და გარე ჩარევების თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკონომიკურად ძალიან დასუსტდა და დასავლეთის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სახელმწიფოს 1990-იან წლებში თავისი ძირითადი ფუნქციები შეესრულებინა. მაგრამ გავიდა დრო და მთავრობამ არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მოწინააღმდეგეებად ჩათვალა. მმართველმა პარტიამ ბევრი მათგანი ისეთი სოციალური პრობლემების პროპაგანდისტებად მიიჩნია, როგორიცაა მაგალითად, „ლგბტ-პირების“ უფლებათა დაცვა, რომლებიც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ეწინააღმდეგებიან ქართულ ეროვნულ ფასეულობებს და ქვეყნის სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.

გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, კანონპროექტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამერიკა გადასინჯავს თავის ურთიერთობას საქართველოსთან და დააწესებს სანქციებს (სავიზო შეზღუდვებს) იმ ფიზიკური პირების მიმართ, „რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის პრინციპების დარღვევაში“.

ამ დროს კი მოსკოვიდან მარია ზახაროვამ – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ენტონი ბლინკენის განცხადება შეაფასა როგორც „აშშ-ის ცინიკური და უცერემონიო ჩარევად სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში“.

წყარო: