1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართავს
ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართავს

ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართავს

215
0

ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა- სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! – ამ ღია წერილით მიმართავს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების შვილებს.

ნანა ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ხელმომწერი დეპუტატების შვილებს ახსენებს, რომ მშობლებთან კამათში შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება.

„ღია წერილი საქართველოს პარლამენტის 84 დეპუტატის შვილებს:

მოგმართავთ, რადგან სწორად თქვენზე, თქვენს სიმამაცეზე, სინდისზე, გულებზე გადის ამ წუთას საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი არჩევანი.

დიახ, სწორად თქვენ ხართ ის ერთადერთი, მფეთქავი, ცოცხალი ძაფი (ნერვი) რომელმაც შეიძლება თქვენს მამებს და დედებს – საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ხვალ ხელი უნდა მოაწერონ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, ხელი შეუშალოთ ამ ვეტოს დაძლევაში.

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სხვა კუთხიდან დაანახოთ თქვენს მშობლებს მიმდინარე მოვლენები, რადგან თქვენზე ძვირფასი, საამაყო, საყვარელი მათ არავინ ჰყავს. ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი თუ ამოქმედდა, სანქციები თქვენც შეგეხებათ და ვერასდროს, ვერასდროს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში (!!!) ვერ შეძლებთ აშშ-ში (და შესაძლოა ევროპაშიც) სწავლასა და მოგზაურობას.

ალბათ, ბევრი თქვენგანი დასავლეთში სწავლობს, შესაძლოა ზოგიერთი საპროტესტო აქციებზეც დგას. ახლა, მხოლოდ თქვენ თუ შეძლებთ დარჩენილი რამდენიმე საათის განმავლობაში, მოსთხოვოთ თქვენს მშობლებს ამ კანონის უკან გაწვევა. 10 უარყოფითი ხმაც კი საკმარისია, რომ პრეზიდენტის ვეტო ვერ დაიძლიოს. თქვენში უნდა დაიბადოს ის 10 მართალი, სინდისიერი ახალგაზრდა, რომელიც გასაყარზე მდგარ საქართველოს სწორ არჩევანს გააკეთებინებს. (ალბათ იცით არაკი 10 მართალი ადამიანის შესახებ, რომელიც ვერ მოინახა ქალაქში და ეს ქალაქი დაისაჯა.)

ნუ შეუშინდებით მშობლებთან კამათს, საკუთარი აზრის გამოხატვას. გააღებინეთ ფანჯრები და გარეთ გაახედეთ! ნუ მოატყუებინებთ თავს, რომ იქ, ქუჩაში მხოლოდ 5 000 ადამიანი დგას, რომ იქ მხოლოდ ნაცები დგანან – არა!!!

იქ, ჯანსაღი, მოაზროვნე, ევროპული ღირებულებებისკენ, სიმშვიდისკენ მისწრაფებული 10 და 100 ათასობით ახალგაზრდა და საქართველოს ძველგაზრდა მოქალაქე დგას და მზად არის, თავი შესწიროს ქვეყნის უძველეს სწრაფვას, სწრაფვას ევროპისკენ!

იქ, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების, საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და გარდაცვლილი გმირების მთელი ლეგიონი აღმართულა და ძალას აძლევს ქუჩაში მდგომ, მხოლოდ სულის სიმტკიცით შეიარაღებულ ადამიანებს არ დანებდნენ.

გახსოვდეთ, მშობლებთან კამათში, შვილი ყოველთვის იმარჯვებს, რადგან შვილი დროს გრძნობს და დროის მოთხოვნებს მიყვება. ახლა, საქართველოში, დედამიწის ამ პატარა მონაკვეთზე მსოფლმხედველური, ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილი მიმდინარეობს.

თუ ვერ გაიმარჯვა საღმა აზრმა, ალბათ, ხახადაღებულ წყვდიადში ჩავიძირებით 30-50 წლით – დაიწყება უსამართლო, ცილისმწამებლური რეპრესიები, დაჭერები – ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში ბევრჯერ გამოიარა. სტალინურ რეპრესიებს საქართველოს 300 000 მოქალაქე ემსხვერპლა. მხოლოდ 37 წელს საბჭოთა კავშირში 6 000 000 000 ანონიმური დასმენა დაიწერა და ზუსტად, ადამიანის სულის ამ ბნელ მისწრაფებებს უხსნის გზას ეს „გამჭვირვალობის “ კანონი.

არ შეგეშინდეთ მშობლებთან კამათის… მხოლოდ ეს თუ დააფიქრებს მათ, მათი ჩაკეტილი გარემოს დამძლევი სხვა ძალა არ არსებობს. თუნდაც შუაღამეს მიადექით მათ და მთავარი კითხვა დაუსვით: რას აირჩევს ის ხვალ თქვენთვის – დასავლურ ცივილიზაციასთან წილნაყარობას, სწავლას, მუშაობას, აღმოჩენებით სავსე მომავალს ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსთვის წინსვლას, თუ საბჭოთა კავშირის ყველაზე მძიმე, დასმენებით და რეპრესიებით სავსე პერიოდში დაბრუნებას… სულ რამდენიმე საათი დარჩა! გახსოვდეთ, რომ თქვენ GEN-Z ხართ! პატივისცემით…”, – წერს ნანა ჯანელიძე.