1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კავკასია – დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის “უკანა ეზო” – მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე”
“კავკასია – დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის “უკანა ეზო” – მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე”

“კავკასია – დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის “უკანა ეზო” – მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე”

328
0

გერმანულ კათოლიკურ საერთოეროვნულ გაზეთ „დი ტაგესპოსტში“ (Die Tagespost) დაბეჭდილია სტატია სათაურით: “კავკასია – დენთის კასრი: ევროპის აღმოსავლეთი თუ რუსეთის “უკანა ეზო” – მოსკოვის დიდი გავლენა საქართველოზე და სომხეთზე”(ავტორი – შტეფან ბაიერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ქართველები კარგად იცნობენ თავიანთ რუს მეზობელს, ჯერ მეფის, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის დროიდან. 2008 წელს კი ვლადიმერ პუტინის არმია სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა და მის რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირება მოახდინა. ამასთან, მართალია, მოსკოვი მათ აკონტროლებს, თუმცა ორივე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს შემადგენლობაში განიხილება.

რუსეთთან დამოკიდებულება ქართველებში
წინააღმდეგობრივია და ქართულ საზოგადოებას ორ შეურიგებელ ბანაკად ჰყოფს. პროპუტინურმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ქართველი მილიარდერი და იმავდროულად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს და აფინანსებს, პარლამენტში ისეთი კანონპროექტი შეიტანა და და დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დასავლურ კურსს ზღუდავს და პრორუსულს უპირატესობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო იმ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებულ ანალოგიურ სამართლებრივ აქტს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ (ან უფრო მარტივად – „უცხოური აგენტების“) კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტის 20% საზღვარგარეთიდან ივსება, შესაბამის სამთავრობო უწყებაში „უცხოური ინტერესების გამტარებელ“ იურიდიულ სუბიექტად უნდა დარეგისტრირდეს.. მართალია, კანონპროექტი არ ეხება ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციებს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ ეხება მაგალითად, „საქართველოს კარიტასს“, რომელიც საზღვარგარეთიდან მიღებულ თანხებს ჰუმანიტარული საქმიანობისათვის ხარჯავს.
ანაიტ მხოიანი, „საქართველოს კარიტასის“ დირექტორის თქმით, მისი ორგანიზაციის ფულადი სახსრები საქართველოს უღარიბეს ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება. არადა, კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს კარიტასი“ „უცხოეთის აგენტად“ უნდა გამოცხადდეს, რაც ორგანიზაციისათვის ნამდვილ შეურაცხყოფას ნიშნავს.

„აგენტის“ სტატუსი – დასავლური გავლენის შეზღუდვისათვის…

კანონპროექტს, რომელსაც ოპოზიცია „რუსულ კანონად“ ნათლავს, ოფიციალურად, მიმართულია ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. საქართველოში დასავლეთისაკენ სწრაფვა ძლიერია, მოსახლეობის უმეტესობას პროევროპული განწყობა აქვს, ქვეყანამ უკვე მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს, ხელისუფლება ფაქტობრივად ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ კანონპროექტს იღებს, რომელიც, სხვათა შორის, გმობს უცხოეთის საეკლესიო გავლენასაც. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტის ძალაში შესვლას ვეტო დაადო, თუმცა მმართველ პარტიას ვეტოს გადალახვა შეუძლია, რადგანაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დეპუტატების საკმაო რაოდენობა ჰყავს.

პრეზიდენტმა განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტისადმი დამოკიდებულება იმას ნიშნავს, თუ რომელი მიმართულებით განავითარებს თავის პოლიტიკას საქართველო – დასავლეთთან, ევროპასთან დაახლოების თუ რუსეთთან დაახლოების მიზნით. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საბოლოოდ განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაციას.

ქართული ეკლესია და „აგენტობის“ კანონპროექტი

იმ დროს, როცა საქართველოს კათოლიკური ეკლესია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უცხოეთიდან მიღებულ შემოსავლებზე, ახალი კანონი ფაქტობრივად ხელს უწყობს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დომინირებას. არაერთგვაროვნად გამოხატა კანონპროექტის მიმართ თავისი დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მეთაურმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომლის განცხადებით, „ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში იმყოფება… ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ მშვიდობის მისაღწევად ჩვენ ხშირად არასწორად ვიქცევით“.

საპატრიარქომ მრევლს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ილია მეორის ნათქვამის ინტერპრეტირება არ მოეხდინათ, თან გააფრთხილა, რომ გლობალური მასშტაბის ცვლილებების ფონზე ქვეყანას შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს.

საქართველოს საპატრიარქომ 27 აპრილის განცხადებაში, რომელიც ხაზგასმულად ანტიეკუმენისტურია, აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის საზიანო და სახიფათოა უცხოური იდეოლოგიების გავრცელება“, იმავდროულად შეაქო მთავრობა, რომელიც დიდ ძალისხმევას იჩენს „ტრადიციული ქართული ფასეულობების დაცვისადმი“.

რა აქვთ საერთო თბილისისა და ერევნის საპროტესტო აქციებს

სხვათა შორის, კავკასიაში სომხებსაც აქვთ რუსეთის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულება – ასეული წლების განმავლობაში ისინი რუსეთს, თურქულ-აზერბაიჯანული ღერძის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოკავშირედ ხედავდნენ., მაგრამ 2023 წლის სექტემბერში რუსმა მშვიდობისმყოფელებმა სრული უმოქმედობა გამოიჩინეს, როცა აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის (სომხურად – არცახის) გაკონტროლება დაიწყო და რეგიონიდან სომხები გააძევა, რომლებიც აქ ათასობით წელი ცხოვრობდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარების ქვედანაყოფები ქვეყანას დაიცავდნენ როგორც თურქეთისაგან, ასევე ირანისაგან. თუმცა ქრისტიანულ სომხეთს ყველაზე მეტი საფრთხე დასავლეთიდან (თურქეთისგან) და სამხრეთიდან (ირანისგან) კი არ ელოდება, არამედ აღმოსავლეთიდან – აზერბაიჯანისაგან, რომლის ლიდერი, დიქტატორი ილჰამ ალიევი სომხეთს დიდი ხანია „დასავლეთ აზერბაიჯანს“ უწოდებს.

ისევე როგორც ქართული საზოგადოება, სომხური საზოგადოებაც გაყოფილია: იმ დროს, როცა სომხეთის მთავრობა დასავლეთისაკენ იხრება, ერევნის ქუჩებში ათასობით სომეხი ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ გამოდის და მოსკოვთან მჭიდრო კავშირების მომხრეა. ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს ეკლესიის წარმომადგენელი – თავუშის ეპარქიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ვააგნ მელიქიანი. ორივე ბრალს სდებს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას იმაში, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედებით ღალატობს ეროვნულ ინტერესებს, საზოგადოებაში განხეთქილება შეაქვს და ფაქტობრივად, ქვეყანას თურქულ-აზერბაიჯანულ ალიანსს გადასცემს. თავის მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთს ვლადიმერ პუტინის ხელში აგდებს. ის, რომ კრემლს თავისი კოზირები აქვს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, ეს უდავოა.

წყარო: