თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება – კახა კალაძე
„თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაც აღარ იქნება“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ კანონპროექტს.
კითხვაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის თუ არა მკაფიო უარი აშშ-ის შემოთავაზებაზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ პირიქით, ეს არის დასტური, რომ „თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, ამის წინააღმდეგი არავინაა“.
„ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, აბსოლუტურად არავის აქვს წინააღმდეგობა ამასთან მიმართებით. მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მივიღეთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი: ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი რევოლუციის მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, პირდაპირი მოწოდებები და განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ნორმალურ ქვეყნებში წარმოუდგენელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია კადრულობდეს იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ. ასევე კარგად გვესმის, ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი, ვინ არიან ის დონორი ორგანიზაციები, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტებში იხარჯება ეს თანხები.
ჩვენ ასევე გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის პასუხები. თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს სურვილი, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოხდეს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, არამედ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, მიუღებელია ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები – ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და სტრატეგიული პარტნიორისგან დავინახავთ არა მხოლოდ სიტყვებით, რადგან ჯერ არავინ იცის, ეს ინიციირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა, მაგრამ თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი იმის მანიშნებელი იქნება, რომ არის სურვილი, ურთიერთობები დალაგდეს და დამშვიდდეს და ისეთი იყოს, როგორც პარტნიორებს შეესაბამება.
„ბურთი მათ მხარესაა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე, თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ჩვენ რაიმე არასწორი გაგვეკეთებინოს ან ისეთი ნაბიჯები გადაგვედგას, რაც რუსულ ინტერესში შედის. პირიქით, თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რაც შეეხება რიტორიკას. ჩვენ გვიწევს დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი მოსახლეობა იმ აბსურდული და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, რასაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.