1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “დაუმორჩილებლობის აქცია და მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა: საპროტესტო მარშის “თავუში სამშობლოსათვის“ მონაწილეები ერევანში ღამისთევით დაბანაკდნენ”-BBC
“დაუმორჩილებლობის აქცია და მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა: საპროტესტო მარშის “თავუში სამშობლოსათვის“ მონაწილეები ერევანში ღამისთევით დაბანაკდნენ”-BBC

“დაუმორჩილებლობის აქცია და მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა: საპროტესტო მარშის “თავუში სამშობლოსათვის“ მონაწილეები ერევანში ღამისთევით დაბანაკდნენ”-BBC

275
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „დაუმორჩილებლობის აქცია და მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნა: საპროტესტო მარშის „თავუში სამშობლოსათვის“ მონაწილეები ერევანში ღამისთევით დაბანაკდნენ“ (ავტორი – გრიგოლ ათანესიანი, BBC-ის კორესპონდენტი ერევანში).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა 9 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრში გამართულ საპროტესტო მარშში, ლოზუნგით „თავუში სამშობლოსათვის“ და მთავრობისაგან აზერბაიჯანთან სადაო საზღვრის დემარკაციის შეჩერებას მოითხოვდა.
ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიტინგის დროს მარშის ორგანიზატორმა, თავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა სახელით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაუყოვნებლივი გადადგომა ანუ ქვეყნის მთავრობის შეცვლა მოითხოვა. როცა ულტიმატუმის ძირითადი და დამატებითი დრო ამოიწურა, ნიკოლ ფაშიანისაგან კი პასუხი ვერ მიიღო, ეპისკოპოსმა გამოაცხადა, რომ დემონსტრანტები ღამის გასათევად მოედანზე დარჩებიან.
„თუ თქვენთვის სამშობლო, სახელმწიფო და ჩვენი წამებული ბავშვების სისხლი და სიცოცხლე ძვირფასია, – მიმართა ბაგრატ გალსტანიანმა მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს, – მაშინ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს ორი-სამი დღე, უნდა გავუძლოთ, უნდა ვეწამოთ და გავიმარჯვოთ. სხვა გზა არ არსებობს“.

მარში ერევნისაკენ: ხუთი დღე გზაში
საპროტესტო მარში „თავუში სამშობლოსათვის“ დაიწყო გასული კვირის შაბათს, აზერბაიჯანთან მოსაზღვრე თავუშის ოლქის (მარზის) სოფელ კირანციდან, როცა ასეულობით ადამიანმა მთავრობას საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესისა და ბაქოს წინაშე ცალმხრივი დათმობების შეჩერება მოსთხოვა.

„ჩვენ ხელისუფლებასთან უთანხმოების გამოხატვის სხვა ფორმა და მეთოდი არ გვაქვს“, – ამბობდა ბაგრატ გალსტანიანი ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ერევნისაკენ მომავალ გზაზე, – „ეს პრობლემა ეხება არა მარტო თავუშის ოლქში მდებარე რამდენიმე პატარა სოფელს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას“.
ორი კვირის წინ, სანამ დედაქალაქისაკენ ფეხით წავიდოდნენ, სასაზღვრო სოფლების მოსახლეობა ლოკალურად ცდილობდა პროტესტის გამოხატვას, მაგრამ წარუმატებლად, მიუხედავად იმისა, რომ აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ, მთავრობის ყურადღების მისაქცევად, ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ავტომაგისტრალი გადაკეტა.
სახალხო უკმაყოფილების მიზეზი გახდა ერევანსა და ბაქოს შორის დადებული შეთახმება სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელიც სომხეთის თავუშის ოლქსა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონს შორის არსებული მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციას და იქ მდებარე ოთხი სოფლის აზერბაიჯანისადმი გადაცემას ითვალისწინებს. ასეთმა პერსპექტივამ კირანცში და სხვა საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებლების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. სომხურ მოსახლეობას ეშინია, რომ მათ სახლ-კარის დატოვება მოუწევთ იმ შემთხვევაში, როცა აზერბაიჯანი საზღვარს გააკონტროლებს.
გასულ კვირას სომეხმა სამართალდამცველებმა კირანცთან მისასვლელი გზები ჩაკეტეს და პროტესტის 30-მდე მონაწილე დააკავეს. სწორედ მაშინ გამოაცხადა არქიეპისკოპოსმა ბაგრატმა საპროტესტო მარშის „თავუში სამშობლოსათვის“ დაწყება, რომელსაც მხარი დაუჭირეს სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. მათ პარლამენტში ისეთი კანონპროექტი შეიტანეს განსახილველად, რომელიც ხელს შეუშლიდა მთავრობას აზერბაიჯანისადმი ტერიტორიის გადაცემაში. მმართველ პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ დიდი ძალისხმევა დაჭირდა ამ კანონპროექტის უარსაყოფად.
ზოგიერთი კომენტატორი აღნიშნავს, რომ თავუშის მარშსა და 2018 წელს გამართულ ნიკოლ ფაშინიანის (იმ დროს ოპოზიციური დეპუტატის) მომხრეთა მარშს შორის გარკვეული პარალელები არსებობს: როგორც ცნობილია, მაშინდელმა პროტესტებმა სომხეთი „ხავერდოვან რევოლუციამდე“ მიიყვანა, ნიკოლ ფაშინიანმა კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.
თუმცა, მოვლენათა ასეთი მსგავსების მიუხედავად, პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის ახლო თანამებრძოლია, რწმენა გამოხატა, რომ მარშის მონაწილეები სომხეთის მოსახლეობისაგან ისეთ მტკიცე მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას საფრთხე შეექმნას. „სომხეთში მთავრობის შეცვლა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი“, – განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს.

„კმარა ერევნის ცალმხრივი დათმობები ბაქოს წინაშე!“

არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის მიერ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა გახდა ის სპონტანური პასუხი, რომელიც აზერბაიჯანისადმი ოთხი სასაზღვრო სოფლის გადაცემას მოჰყვა. ეს დასახლებული პუნქტები, საეკლესიო მრევლის სახით, თავუშის ეპარქიაში შედიან, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატი ხელმძღვანელობს.
ოთხი სოფლის გადაცემას შეიძლება მხოლოდ საბაბი ვუწოდოთ იმ მცდელობისა, რომელიც ქვეყნის ყველა უკმაყოფილო ძალის მობილიზებასა და გაერთიანებას მოახდენს, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ სომხეთის მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით მის ცალმხრივ დათმობებს აზერბაიჯანისადმი და ამ დროს სანაცვლოდ არაფერს არ იღებს. უფრო მეტიც – ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს ოპონენტების მიმართ.
ნიკოლ ფაშინიანის ექვსწლიანმა მმართველობამ, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან 2020 წლის წაგებული ომისა და ყარაბაღის დატოვების შემდეგ, სომხეთში უკმაყოფილო ადამიანები მოამრავლა. მაგრამ წინა მცდელობები ოპოზიციის გაერთიანების მიზნით წარუმატებლად მთავრდებოდა – იმიტომ, რომ იმდროინდელი ოპოზიციური ლიდერები წინააღმდეგობრივი და არაპოპულარული პოლიტიკოსები იყვნენ – ყოფილი პრეზიდენტები და მათთან დაკავშირებული ფიგურები.

სულიერი აღორძინება თუ პოპულიზმის ახალი ვარიანტი?

მათგან განსხვავებით, უწმინდესი ბაგრატი (ასე უწოდებენ სომხეთში ეპისკოპოსებს) შედარებით ახალგაზრდაა, 52 წლის და ქარიზმატულ საზოგადო მოღვაწეს წარმოადგენს. მისი ბიოგრაფია არ არის „დალაქავებული“ ბოლო წლებში სომხეთში მომხდარი პოლიტიკური და კორუფციული სკანდალებით. გარდა ამისა, მღვდელმსახურს ვერავინ ვერ ჩათვლის ვერც „პრორუსულ“ მოღვაწედ, რაც დღევანდელ სომხეთში სასირცხვილო პოზიციად ითვლება – იგი დასავლეთში სწავლობდა და მსახურობდა, კანადაში და დიდ ბრიტანეთში.
ეს ყველაფერი განაპირობებს ნიკოლ ფაშინიანის პარტიის შეშფოთებას, ამიტომაც მასთან ახლოს მდგომმა მედიარესურსებმა ნელ-ნელა „თავუშის მარშის“ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყეს – მისი მონაწილეები და მხარდამჭერები რუსულ სპეცსამსახურებთან და მაფიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს, თუმცა რაიმე მტკიცებულებების გარეშე.

ამასობაში კი არქიეპისკოპოსი აცხადებს, რომ მის მიერ ინიცირებული მარში სამშობლოსა და ღირსების შესანარჩუნებლად არის მიმართული. „სულიერებისა და უფლის ერთგულმა ნამდვილმა სომხეთმა ყალბ და ფეისბუქურ სომხეთზე უნდა გაიმარჯვოს“, – პირობას დებს უწმინდესი ბაგრატი.

მაგრამ ხელისუფლების მომხრეთა და მის მოწინააღმდეგეთა გარდა, სომხეთში არის უამრავი ადამიანი, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან როგორც მთავრობით, ისე ოპოზიციით. მათთვის არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის საპროტესტო მარში და მოწოდებები „სულიერი სომხეთისათვის“ – პოპულიზმის კიდევ ერთ სახესხვაობას წარმოადგენს, კონკრეტული პლატფორმის, რეალური მიზნებისა და სიტუაციის სერიოზული ანალიზის გარეშე. მათ თვალში „თავუშის მარში“ ნიკოლ ფაშინიანის „მარშისაგან“ მხოლოდ უფრო მეტი კონსერვატიული ესთეტიკით განსხვავდება.

წყარო: