„ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს სი ძინპინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა უკრაინის ომთან დაკავშირებულ კრიტიკაზე” – უცხოური პრესა
ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 7 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს სი ძინპინმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა უკრაინის ომთან დაკავშირებულ კრიტიკაზე: მხარეები შეთანხმდნენ „ოლიმპიურ ზავზე“, მაგრამ პეკინი არ დათანხმდა მოსკოვზე ზეწოლის მოხდენას“ (ავტორი – როჯერ კოენი).
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა სი ძინპინმა, რომელიც თავისი ხუთდღიანი ევროპული ვიზიტის დროს საფრანგეთში ორი დღით იმყოფებოდა, უარყო პეკინის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა – უკრაინის ომის დროს რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო – და მტკიცედ გამოკვეთა თავისი პოზიცია: „ჩვენ გამოვდივართ ყოველივე ისეთი მცდელობების წინააღმდეგ, რომლებიც შექმნილი კრიზისი გამო პასუხისმგებლობას მესამე ქვეყანას აკისრებს, მის რეპუტაციას ლახავს და ურთიერთობის გაცივებას პროვოცირებს“.
ორშაბათს სი ძინპინმა ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკება გამართა და ჩინეთის როლი დაიცვა – „ჩვენ კრიზისი არც დამწყებნი არ ვართ, არც მხარე და არც თანამონაწილეები“, – ხაზი გაუსვა „ცისქვეშეთის“ ლიდერმა. ეს მკვეთრი შენიშვნა, როგორც ჩანს, მიმართული იყო უმეტესად აშშ-საკენ, რომელიც თვლის, რომ რადგან ჩინეთი რუსულ გაზს და ნავთობს დიდი რაოდენობით ყიდულობს, ამით ხელს უწყობს მოსკოვს, ეხმარება მას უკრაინასთან ომში. პეკინი კრემლს კოსმოსური თანამგზავრებით გადაღებულ ფოტოსურათებს აწვდის, აგრეთვე მარაგნაწილებს ავიაგამანადგურებლებისათვის, მიკროსქემებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისათვის და ასე შემდეგ.
მოლაპარაკების დროს, რომელსაც ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა, ემანუელ მაკრონი გარკვეული ზეწოლის მოხდენას შეეცადა ჩინელი სტუმარზე, რათა სი ძინპინს, თავის მხრივ, რუსეთის ლიდერზე გავლენა განეხორციელებინა, უკრაინასთან ომის შეწყვეტის მიზნით. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი მაისი თვის ბოლოს პეკინში უნდა ჩავიდეს, სი ძინპინმა კი ემანუელ მაკრონის თხოვნა, როგორც ჩანს, უყურადღებოდ დატოვა.
პარიზში მოლაპარაკება მას შემდეგ გაიმართა, როცა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კრემლი, სავარაუდოდ, მზად არის უკრაინის ომში ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. კრემლმა აღნიშნა, რომ ემანუელ მაკრონი ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს (ვთქვათ, უკრაინაში ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით), რომ მოსკოვს მეტი გზა არ რჩება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს ჩინელ კოლაგასთან საუბრის დროს უკრაინაში ჯარის გაგზავნის საკითხზე არაფერი უთქვამს. მან ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარეშე ევროპის უსაფრთხოება არ არსებობს“ და მეორე მხრივ ხაზი გაუსვა, რომ „საფრანგეთი რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ იმყოფება“.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც თავისი მკვეთრი გამონათქვამებით, ემანუელ მაკრონთან შედარებით, უფრო გაბედულად გამოდიოდა, ჩინეთის ლიდერს განუცხადა, რომ პეკინმა ყველანაირი გავლენა უნდა გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ, რათა კრემლმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს. მან აგრეთვე მოითხოვა, რომ „პეკინი ასევე არ უნდა დაეხმაროს რუსეთს თავისი პროდუქციით“. სხვათა შორის, გასულ წელს ორივე პაკინში იმყოფებოდა ვიზიტით და იმ დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა სი ძინპინისათვის არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა.
მოლაპარაკების დროს ემანუელ მაკრონმა სი ძინპინს სთხოვა, რომ მას მხარი დაეჭირა პარიზის იდეისადმი – ოლიმპიური ზავის გამოცხადების მიზნით – 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, პარიზის ზაფხულის ოლიპიური თამაშების ჩატარების პერიოდში.
ზოგადად, ფრანგი ლიდერი ცდილობდა ჩინელი კოლეგისადმი კეთილგანწყობის გამოხატვას და სტუმარს რამდენიმე ბოთლი რჩეული ფრანგული კონიაკი აჩუქა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს ჩინეთმა – მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ჩინური ელექტრო ავტომობილების იმპორტი შეზღუდვის მიზნით ზომები განახორციელა – საპასუხო ნაბიჯის სახით, ევროპული ბრენდების, მათ შორის ფრანგული კონიაკის მიმართ ანტიდემპინგური ზომები გამოაცხადა… თუმცა, როგორც საჩუქრის გადაცემის დროს ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ფრანგული კონიაკის მიმართ შეზღუდვები არ იქნება.
მოლპარაკების დროს ჩინეთ-საფრანგეთის და ევროკავშირის) სავაჭრო ურთიერთობების მდგომარეობაზეც იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 50 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო მთლიანად ევროკავშირის დეფიციტი – 325 მლრდ. დოლარს. „არსებობს ამ სხვაობის დაბალანსების შესაძლებლობა“, – თქვა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლემერმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას, – თუმცა ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ“.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას, თუმცა მან იქვე შენიშნა, რომ იგი არ მიესალმება იმას, რომ ჩინეთი ყურადღებას არ აქცევს ანტირუსულ სანქციებს და მოსკოვთან ვაჭრობას აგრძელებს. „გარდა ამისა, მე ვერ მოვიწონებ იმას, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ სუბსიდირებულმა პროდუქციამ, კერძოდ, ელექტრომობილებმა და ფოლადმა, ევროპის ბაზარი პრაქტიკულად, წალეკა… მსოფლიო ჩინური წარმოების ჭარბი პროდუქციის გადაყლაპვას ვერ ახერხებს“.
უკრაინის ომმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპის ეკონომიკაზე და კერძოდ, რუსული ენერგომატარებლების საკითხში, როცა კონტინენტის ბევრმა სახელმწიფომ მათი მოხმარება შეწყვიტა. რუსეთმა ციმბირული ნავთობისა და გაზს ევროპული მიმართულება შეუცვალა და ისინი აზიისაკენ, ჩინეთისა და ინდოეთისაკენ მიმართა. ამ ფაქტს ევროპისათვის უკვალოდ არ ჩაუვლია – მოიმატა ინფლაციამ, გაუარესდა მოსახლეობის ცხოვრების დონე… გაიზარდა იმის შიშიც, რომ ჩინეთს შეუძლია ევროპული კომპანიების საქმიანობა შეზღუდოს.
„ევროპას არ შეუძლია შეუარიგდეს ისეთ გარემოებებს, ბაზრის დისპროპორციის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ევროპის დეისნდუსტრიალიზებას ემსახურება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, – ევროპა უარს არ იტყვის საკმაოდ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რათა საკუთარი ეკონომიკური უსართხოება დაიცვას“.
მოამზადა სიმონ კილაძემ