1. Home
  2. TOP სიახლე
  3. დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს
დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს

დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს

290
0

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს.

„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებას“. – ეს შაბლონური წინადადება სახეცვლილი და ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ყველა წარმომადგენლის ყოველდღიურ ლექსიკონშია, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ მე საპირისპიროდ, მათი პოზიციის შესაფასებლად გამოვიყენე. ვფიქრობ, მათ ყველაზე მეტად სტანდარტული, გლობალური ომის პარტიის გაიდლაინებით გაწერილი ენა ესმით. გუშინ, ამ ბიუროკრატიის „მმართველმა“, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და „შეშფოთებულმა“, თბილისის ქუჩებში ძალადობა დაგმო, ასევე გვითხრა, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ. ზუსტად რომ არ ვიცოდე, რა მიზანი ამოძრავებს ფონ დერ ლაიენს და რა დავალებას ასრულებს ის მიმდინარე პროცესებში, ვიფიქრებდი, რომ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივ აქციას გმობს, რამეთუ გუშინ ქართველმა ხალხმა იხილა ცალმხრივი ძალადობა აქციის მონაწილეების მხრიდან, შენობების პიკეტირება, გადამწვარი შენობები და პარლამენტის სასახლის განადგურების მცდელობა. თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენს სულაც არ უფიქრია რადიკალების აგრესიული და ძალადობრივი ქმედებების დაგმობა, უფრო მეტიც, მისი განცხადების მთავარი მიზანი იმ ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო, რომელიც თბილისის ქუჩებში აქაური აგენტურის მითითებით რევოლუციისთვის გაწვრთნილმა ჯგუფებმა დაანთეს.

ერთ რამეში ნამდვილად ვეთანხმები ქალბატონ ფონ დერ ლაიენს, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი და ერთხელ და სამუდამოდ გავარღვიოთ ის ჩაკეტილი წრე, რომელზეც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დაგვატარებს ფუნქციადაკარგული დასავლური ბიუროკრატია. ამ გზაჯვარედინზე ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი გზაა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის განმტკიცების მომტანი, ხოლო „დაუძინებელ მეგობრებს“ ყველაზე მეტად აშფოთებთ და ადარდებთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მიზეზი მარტივია – როდესაც ხარ ძლიერი, აღარ ხარ მოწყვლადი გარე ჩარევებისგან, როდესაც ხარ ძლიერი, მარტივად შიფრავ და ანეიტრალებ იმ ძალებს, რომლებსაც საქართველოში საკუთარი ინტერესები გააჩნიათ და მუდმივად ზრუნავენ იმ ჯგუფების გაძლიერებისთვის, რომლებიც გადამწყვეტ მომენტში მათი კარნახით ქვეყანას ან ომის ქარცეცხლში გახვევენ, ან როგორც მინიმუმ, რეგიონში საკუთარი პოლიტიკისა და ინტერესების გასატარებლად გამოიყენებენ. ამიტომ დღეს ჩვენ გვიდგას საკითხი მარტივად – ან ვაძლიერებთ საქართველოს სუვერენიტეტს, ან ვთმობთ პოზიციებს და ვაგრძელებთ ჩაკეტილ წრეზე სიარულს იქამდე, სანამ საბოლოოდ გადაგვტეხავენ და NGO – ების ხელით ხელისუფლებაში აგენტურას დააბრუნებენ.

ამ ისტორიულ გზაგასაყარზე ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადამწყვეტ როლს სწორედ ფუნქციადაკარგული ევროპული ბიუროკრატიის „ლიდერები“ ასრულებენ. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ურსულა ფონ დერ ლაიენია. მისი გუშინდელი განცხადება კი კიდევ ერთი დასტურია, რომ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები ყველაფერზე წავლენ, რომ საქართველოში პროცესები უმართავი გახდეს, რამეთუ ხალხის მხარდაჭერა მათ არ აქვთ და ერთადერთ შანსს სწორედ არეულობასა და ქაოსში ხედავენ. მათ კარგად იციან, რომ თევზის დაჭერა მღვრიე წყალში ბევრად უფრო მარტივია. საქართველოს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასავლეთიდან უტიფრად უპირისპირდებიან ის ადამიანები, რომელთა კეთილსინდისიერებაზე თავად ევროპელ სამართალდამცველებს აქვთ სერიოზული კითხვის ნიშნები.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტი ამერიკულმა მედიამ კორუფციაში ამხილა, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ურსულა ფონ დერ ლაიენს კოვიდპანდემიის დროს, ვაქცინების შესყიდვის პროცესში ერთ-ერთი კომპანიის სასარგებლოდ, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ და ეს სისხლის სამართლის საქმე დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული თავზე. თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ ეს პროცესი ევროპული სამართლის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპის დასტურია. პირიქით, ამ გარემოების გამო ევროკომისიის პრეზიდენტი სრულად არის შებოჭილი საკუთარ გადაწყვეტილებებში, რამეთუ ერთი შეუთანხმებელი ნაბიჯის შემთხვევაში მის წინააღმდეგ გლობალური ომის პარტიის მესვეურები აღნიშნულ ბერკეტს გამოიყენებენ და მარტივად, „სამართლებრივი საფუძვლებით“ გაანეიტრალებენ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ “სამართლებრივ” პროცესებამდე 1 წლით ადრე, ფონ დერ ლაიენის ქმარი, ყველასთვის მოულოდნელად ერთი რიგითი სამედიცინო მუშაკობიდან პირდაპირ ამერიკული სამედიცინო გიგანტის, კომპანია „ორგენეზისის“ დირექტორად დაინიშნა, რომელიც პანდემიის დროს ვაქცინების განაწილებით იყო დაკავებული. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანიის უმეტეს წილებს ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი „ბლექროკი“ ფლობს, რომელსაც თავის მხრივ ის ოჯახები მართავენ, რომელთა უკიდეგანო გავლენამ დასავლურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტორებზე სრულად გააკონტროლა დასავლური პოლიტიკური კონიუნქტურა.

სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი ოჯახის წევრის კარიერული წინსვლის პარალელურად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ზუსტად ანალოგიური პროცესი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ოჯახსაც შეეხო. კერძოდ, სანამ ზურაბიშვილი ბოლომდე გაფორმდებოდა ადგილზე მოქმედი აგენტურის რიგით წევრად და ბოლომდე ჩადგებოდა მათ სამსახურში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჯერ მისი ქალიშვილი რიგითი ჟურნალისტობიდან თეთრი სახლის პრეს-სამსახურში გადაიყვანეს, ხოლო ვაჟი არც მეტი, არც ნაკლები – საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩევლად დანიშნეს. აქაც ნათელია, რომ გლობალური ომის პარტია უხეში, მაგრამ ზედმიწევნით გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქართველი ხალხისათვის უბრალოდ შეურაცხმყოფელია მსგავსი პერსონების მხრიდან ქართულ პოლიტიკურ პროცესებში უხეში და მავნებლური ჩარევები. უმჯობესი იქნებოდა, ურსულა ფონ დერ ლაიენს, საქართველოში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად იმაზე ეზრუნა, რომ სრულად განადგურებული ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპები როგორმე რეპუტაციულად გადაერჩინა, თუმცა ეს ილუზია დღეს არავის აქვს, რადგან ევროკავშირის იდეის მიზანმიმართულ ნგრევაში მისი როლი საკმაოდ დიდია“, – აღნიშნულია წერილში.