“გუშინ მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე”-ირაკლი კობახიძე
გუშინ მიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია.
„ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია არის იმ პროცესის გამეორება, რაც ხდებოდა 2022 წელს. მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ ივნისში, 2022 წელს ქვეყანა ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ამისთვის ქმნიდნენ ნეგატიურ ფონს საზოგადოებაში. აშინებდნენ საზოგადოებას, აშანტაჟებდნენ ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიიღეს სამი სხვადასხვა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო, მათ შორის დამნაშავეების განთავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე. იქაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ, საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. თუმცა, გახსოვთ, რომ ფარატინა ქაღალდებად დარჩა ეს რეზოლუციები. ხალხზე მუქარამ არ გაჭრა მაშინ და ქვეყანამ, მართალია, არა იმ წლის ივნისში, მაგრამ მომდევნო წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი არის მარტივი დეჟავუ,ამ ყველაფრის გამეორება. აქაც, როგორც ჩანს, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება, მაგალითად, კომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ცდილობენ, რაღაცნაირად ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება. როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი, ახლაც ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს ამ რეზოლუციას ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც მთავარია სიმართლე“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტმა გუშინ რეზოლუცია მიიღო, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს.
რეზოლუციის ტექსტში ასევე არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე – „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.