1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

187
0

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა თორნიკე ართმელაძემ განაცხადა, ირაკლი კუპრაძეს, მათ შორის ედავებოდნენ პოლიციელის კორდონის გარღვევას, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ირაკლი კუპრაძე ხელებაწეული დგას.

„შეუძლებელია, რომ ირაკლი კუპრაძის ქმედებაში, ვინმეს რაიმე კანონდარღვევა დაენახა. სამწუხაროდ, არ დაკმაყოფილდა ჩვენი არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვიდეო-ჩანაწერების გამოთხოვა. ჩვენ მივიტანეთ ფოტო-მასალა, სადაც ჩანდა, რომ იმ ადგილას არის კამერები, თუმცა ეს ვიდეო-მასალა სასამართლომ არ გამოითხოვა. რაც შეეხება პოლიციელებს, მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ირაკლის მიერ“, – განაცხადა ადვოკატმა.

თავად ირაკლი კუპრაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მიმართ პოლიტიკურ დევნად და ანგარიშსწორებად აფასებს. როგორც კუპრაძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

„ეს არის პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების გაგრძელება სასამართლოს მხრიდან. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც სამი პოლიციელი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევს, დღის წესრიგში მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს. სამხრე კამერის ჩანაწერიც კი არ არსებობდა, მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების საფუძველზე ხდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს რუსული მთავრობა, კლანური სასამართლო და ყველა ის უბედურება, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ სახელმწიფოს მოუტანა“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

შეგახსენებთ, „ლელოს“ გენერალური მდივანი და კიდევ რამდენიმე პირი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.