1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია…“ – BBC
„სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია…“ – BBC

„სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია…“ – BBC

842
0

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ინტერვიუ მისცა დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიას „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულ სამსახურს, რომელიც გამოქვეყნებულია სათაურით „სიტუაცია რთულია, მაგრამ სული ჯერ არ ამოგვსლია…“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა ინტერვიუში, რუსეთთან ომში დამარცხება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს. მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტი უკრაინის დახმარების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან დაბლოკილი რჩება.
დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ იგი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ უყურებს საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„დაგვეხმარეთ! თუ დავმარცხდებით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება“

ამას წინათ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა შაბათს, 20 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ იგი კანონპროექტს მხარს მტკიცედ უჭერს. თეთრი სახლის მეთაურმა განაცხადა, რომ იგი დაუყოვნებლივ ხელს მოაწერს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ძალაში: „ამით ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მხარს ვუჭერთ!“.

როგორც დენის შმიგალი ამბობს ინტერვიუში, „ჩვენ ამ საკითხზე კონგრესმენებს ვესაუბრეთ და ყველა ოპტიმისტურად თვლის, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება. რასაკვირველია, ჩვენც ვიზიარებთ ასეთ განწყობას. ეს ფული დიდი ხანია გვჭირდება, რადგან ფრონტზე რთული მდგომარეობაა შექმნილი. გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის სამხედრო დახმარებით სიტუაცია გამოსწორდება“.

„თუ უკრაინა დაეცემა, უსაფრთხოების მსოფლიო სისტემაც დაინგრევა და კაცობრიობას უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა-ძიება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოში უამრავი კონფლიქტი გაჩნდება და საბოლოო ჯამში მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდებით“, – თვლის უკრაინის პრემიერ-მინისტრი, – „ჩვენი საერთო ამოცანაა დავიცვათ დემოკრატიული ფასეულობები, დავიცვათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების გლობალური სისტემა, რომ ევროპაში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობა შენარჩუნდეს“.
უკრაინას ადრეც ბევრჯერ გაუკეთებია გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თუ რუსეთი ომს მოიგებს, შემდეგ კრემლი პოლონეთში შეიჭრება, რაც მესამე მსოფლიო ომის დაწყების მანიშნებელი იქნება. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამენ აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებიც.

კრემლი ასეთ განცხადებებს „სასაცილოდ“ თვლის. მარტის თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიეველი და დასავლელი პოლიტიკოსების ვარაუდს, რომ „ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის არმია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიჭრებაო“, „სრული აბდაუბდა“ უწოდა.

უკრაინის სამი პრიორიტეტი

უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იარაღის მიწოდებაზე აშშ-დან და დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლის გარეშე კიევისათვის ძალიან რთული იქნება ბრძოლის გაგრძელება რუსეთთან – მოწინააღმდეგესთან, რომელსაც უპირატესობა აქვს როგორც ცოცხალ ძალაში (მოსახლეობის ბევრად მეტი რაოდენობის გამო), ასევე საბრძოლო მასალებში და სამხედრო ტექნიკაში.

სამშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მაუწყებლისათვის – PBS-სისათვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების გარეშე მტერზე გამარჯვების შანსი არ აქვს. „მე სრულიად გულახდილად ვამბობ, რომ ამერიკული დახმარების გარეშე ვერ გავიმარჯვებთ. ომში აუცილებელია მტერზე ძლიერი ვიყოთ. დღეს რუსეთი ჩვენ რომ 10 საარტილერიო ჭურვს გვესვრის, ჩვენ მხოლოდ ერთის გასროლა შეგვიძლია. განა ასეთ სიტუაციაში თავდაცვას შევძლებთ? ვერ შევძლებთ. ჩვენ გვინდა, რომ შეფარდება იარაღში ათი ათზე იყოს“.

ეს პოზიცია გამოხატა პრემიერმა დენის შმიგალმა BBC-თან ინტერვიუშიც. მან დაასახელა სამი მთავარი პრიორიტეტი უკრაინისათვის, დასავლელი მოკავშირეების დახმარების თვალსაზრისით.

„პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინული ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსებს ჩვენი ეკონომიკის დანგრევის გაგრძელების შესაძლებლობა. მეორე პრიორიტეტი – საარტილერიო ჭურვები. ჩვენი მებრძოლები მოუთმენლად ელოდებიან მიწოდებას და გვეუბნებიან, რომ თუ ჭურვები მოგვცემთ და ამ მხრივ რუსეთთან პარიტეტი აღდგება, აუცილებლად გავიმარჯვებთო.

და მესამე მნიშვნელოვანი მომენტი: ავიაგამანადგურებელი „ფალკონი“ – F-16. ჩვენ გვჭირდება უკრაინის ცის დაცვა. დღეს რუსეთი ავიაციაში უპირატესობას ფლობს. ისინი 300 თვითმფრინავს იყენებენ, ჩვენ კი არცერთი აღარ გვაქვს. ამიტომ F-16-ები ჰაერივით გვჭირდება“.

რთული სიტუაცია ფრონტზე

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება უკრაინის არმიისათვის მძიმე რჩება.
თებერვლის თვეში უკრაინულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა ქალაქი ავდეევკა დატოვეს, რომელსაც ისინი 2014 წლიდან იცავდნენ. გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ, რომელიც უკრაინის არმიის უკანდახევას ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ საარტილერიო საბრძოლო მასალებში თანაფარდობა, რუსებთან შედარებით, ერთი ათზეა. მისი აზრით, რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ განხორციელებული „ორგანიზებული უკანდახევა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო შექმნილ სიტუაციაში“.

ქალაქ ავდეევკის დაკარგვა უკრაინისათვის ყველაზე მძიმე დანაკარგი იყო ბახმუტის შემდეგ, საიდანაც კიევმა ჯარი 2023 წლის მაისში გაიყვანა.

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა სერ რიჩარდ ბარონსმა ამას წინათ განაცხადა, რომ თუ უკრაინა იარაღითა და საბრძოლო მასალებით არ იქნება უზრუნველყოფილი, ამ ზაფხულს კიევი დამარცხდება: „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ფრონტზე უპირატესობა აქვს თითქმის ყველანაირ იარაღში – არტილერიაში, ავიაციაში, საბრძოლო მასალებში და ცოცხალ ძალაშიც. უკრაინელებს განწყობა უფუჭდებათ და ჰგონიათ, რომ ვერ გაიმარჯვებენ. და როცა ეს მოხდება, ვიღას მოუნდება ბრძოლა და დაღუპვა?“.

„ომს არ წავაგებთ“

თუმცა დენის შმიგალი მაინც დარწმუნებულია, რომ უკრაინა გაუძლებს და გადარჩება: „ფრონტზე მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და სული ჯერ არ ამოგვსვლია. დიახ, დავიღალეთ და ეს გასაგებია – ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ველოდებით იარაღს, საბრძოლო მასალებს, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ“.

„ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისათვის, ჩვენი მიწისათვის და ოჯახების გადასარჩენად. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ ამ ომს წავაგებთ““, – ასკვნის დენის შმიგალი ინტერვიუში.

წყარო