„ჭეშმარიტების მომენტი უკრაინისა და ისრაელისათვის: ორივე ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროებათ აშშ-ის დახმარება“ – უცხოური პრესა
აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებული აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სტატია სათაურით „ჭეშმარიტების მომენტი უკრაინისა და ისრაელისათვის: ორივე ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროებათ აშშ-ის დახმარება თავხედი მოწინააღმდეგეებისაგან თავის დასაცავად“, რომელშიც ამერიკის ლიდერის თვალსაზრისია გადმოცემული: „წარმომადგენელთა პალატამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ამ ქვეყნებისადმი სამხედრო დახმარების კანონი. დაუშვებელია, რომ რესპუბლიკელებს დოკუმენტი „მძევლად ჰქონდეთ აყვანილი“, – წერს ჯო ბაიდენი.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
“მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, ისინი დამოკიდებულნი არიან ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის იარაღზე. და ეს გადამწყვეტი მომენტია”, – წერს ჯო ბაიდენი.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, დახმარება საჭიროა ორივე ქვეყნისთვის, რადგან უკრაინასა და ისრაელს საბრძოლო მასალა ეწურებათ – უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, ისრაელს კი გასულ კვირას ირანული დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით მასშტაბური თავდასხმის ფონზე.
თუმცა, მისი თქმით, დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკის ინტერესების უსაფრთხოებისთვის. “როგორც უკრაინა, ასევე – ისრაელი თავდასხმის ქვეშ არიან თავხედური მოწინააღმდეგეების მხრიდან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ბატონ პუტინს სურს დაიმორჩილოს უკრაინელი ხალხი და შეითვისოს მათი ერი რუსეთის ახალ იმპერიაში. ირანის მთავრობას სურს ისრაელის სამუდამოდ განადგურება – უნდა, რომ მსოფლიოში ერთადერთი, ებრაული სახელმწიფო რუკიდან აღგავოს“, – წერს ჯო ბაიდენი. „ამერიკამ არასოდეს არ უნდა მიიღოს არც ერთი ასეთი შედეგი – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, არამედ იმიტომაც, რომ ამაზე ჩვენი უსაფრთხოებაც დგას“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი სტატიაში, – „თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ვლადიმერ პუტინის ჯარი ძალიან ახლოს მოვა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნებთან.
ნატოს წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე ჩვენ მოკავშირეებს ყოველთვის დავეხმარებით. დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ უკრაინისადმი დახმარება, რათა ვლადიმერ პუტინი შევაჩეროთ, რათა აღვკვეთოთ კრემლისგან მომდინარე საფრთხე თავისუფალი ქვეყნების მიმართ. ამასთან უნდა ვეცადოთ, რომ ამერიკის არმია ევროპულ მომავალ ომში არ იქნეს ჩათრეული“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება არ იქნება “გადაყრილი ფული”. მისი თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღი ამერიკულ ქარხნებში დამზადდება: „ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ამერიკის ინდუსტრიულ ბაზაში, ვიყიდით ამერიკელი მუშაკების მიერ დამზადებულ ამერიკულ პროდუქტებს, დავეხმარებით სამუშაო ადგილების შექმნას თითქმის 40 შტატში და გავაძლიერებდით ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას.
ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს და პარალელურად დავეხმარებით საკუთარ თავსაც“, – წერს ჯო ბაიდენი. ამერიკის ლიდერმა ასევე სცადა შეემსუბუქებინა დემოკრატიულ პარტიაში ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებული შეშფოთება, სადაც პარტიის წევრთაგან უფრო და უფრო მეტი ეწინააღმდეგება ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში წარმოებული ომის გამო. ჯო ბაიდენის თქმით, სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ასევე მოიცავს დაფინანსებას „ღაზის მოსახლეობისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მიზნით“. ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა, „ძლიერი და გონივრულია, მაგრამ დოკუმენტი მძევლად აქვთ აყვანილი წარმომადგენელთა პალატის ექსტრემისტულად განწყობილ რესპუბლიკელთა მცირე ჯგუფს. ვლადიმერ პუტინი განუხრელად ცდილობს უკრაინელი ხალხის ნებისყოფის გატეხას, მაგრამ იგი ამას ვერ მოესწრება. მას ასევე სურს დასავლეთის დაჩოქებაც. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა თავისი გეგმები განახორციელოს“, – წერს სტატიის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტი.
მოამზადა – სიმონ კილაძემ